Belive

დემიკო ლოლაძის მორიგი წიგნი ქართული ხელბურთის ლეგენდას, იმედო ფხაკაძეს მიეძღვნა

11 თვის წინ სხვა
2 წთ

ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ქართველი მწერლისა და ჟურნალისტის, დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. მისი მორიგი ნაშრომი ქართული ხელბურთის ლეგენდას, იმედო ფხაკაძეს მიეძღვნა.

იმედო ფხაკაძე თბილისის "ბურევესტნიკისა" (1962-74) და სსრკ-ს ნაკრების (1963-71) წევრი იყო. მის კარიერას ქართული ხელბურთის ოქროს ხანა უკავშირდება. იყო სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ასევე, 1974-78 წლებში, თბილისის "ბურევესტნიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

მაშინ, როდესაც ხელბურთი საქართველოში ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა, ლეგენდარულ ჯემალ ცერცვაძესთან ერთად, ფხაკაძემ თავის სპორტში თავის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზება მაქსიმალურად შეძლო. ცერცვაძეს და ფხაკაძეს, შესაბამისად, ქართული ხელბურთის პელე და გარინჩა შეარქვეს.

იმედო ფხაკაძე 2021 წლის 21 ივლისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ჩემს ბავშვობაში, ფეხბურთში პაიჭაძის და ჯეჯელავას სახელი ისმოდა, კალათბურთში კი ქორქიასა და ჯორჯიკიას. მოგვიანებით, ხელბურთში იმავე სიმაღლეს ცერცვაძემ და ფხაკაძემ მიაღწიეს. როდესაც ჯემალ ცერცვაძეზე წიგნი გაკეთდა, იქ იმედო ფხაკაძეზეც იყო საუბარი, თუმცა იმქვეყნად ისე წავიდა, რომ წიგნი არ უნახავს. სულ მქონდა იმისი სურვილი, რომ მისთვის ცალკე წიგნი მიმეძღვნა", - აღნიშნა წიგნის ავტორმა, დემიკო ლოლაძემ.

წიგნის პრეზენტაციამდე, ოლიმპიურ სპორტის სასახლეში იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, სადაც ბათუმის "ბსბ"-მ "პეგასი" ანგარიშით 26:23 დაამარცხა.