Belive

შუმახერის შვილი ფორმულა 1-ში?

5 წლის წინ სხვა
2 წთ
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილი, მიკ შუმახერი ფორმულა 3-ის გამარჯვებული გახდა, მან ტიტული სამშობლოში, ჰოკენჰეიმის ტრასაზე გაიფორმა. 19 წლის გერმანელი პილოტი, მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა სეზონში ეს პოდიუმზე მოხვედრის მე-13 შემთხვევა იყო, ჯამში კი მიკმა 347 ქულა დააგროვა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ფორმულა 3-ის მოგება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შუმახერს FIA-ს სუპერ ლიცენზიის მიღება შეუძლია, ანუ შესაძლოა სულ მალე, ლეგენდარული მრბოლელის შვილი ფორმულა 1-ში ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ პატარა შუმახერი ადრე დედის გვარით გამოდიოდა, რათა ზედმეტი ყურადღება არ მიეპყრო, ახლა კი გადაწყვიტა მამის კვალს იგივე გვარით გაჰყვეს. "ეს დაუჯერებელია, მე უზომოდ გახარებული ვარ" - განაცხადა მიკ შუმახერმა. მიხაელ შუმახერმა წლების განმავლობაში ფორმულა 1 სეზონი გამარჯვებით 7-ჯერ დაასრულა, ჯამში კი 91 რბოლა მოიგო, ეს ორივე მაჩვენებელი აბსოლუტური რეკორდია, 49 წლის პილოტი წლების განმავლობაში ისეთ ბოლიდებს მართავდა, როგორებიცაა : ჯორდანი, ბენეტონი, ფერარი და მერსედესი. კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული პილოტი ხშირად გვხვდებოდა, მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და საქველმოქმედო მატჩებში სხვა ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა, 2013 წლის იანვარში კი თხილამურებით სრიალისას მან თავის სერიოზული დაზიანება მიიღო და ბოლო 5 წელია კომაში იმყოფება, ექიმების განცხადებით მას გამოჯანმრთელების მიზერული შანსიც კი არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მიკს გამარჯვება პირველმა FIA-ს ბოსმა, წარსულში კი მიხაელ შუმახერის დირექტორმა ფერარიში, ჯენ ტოდმა მიულოცა, რომელიც ლეგენდარულ გერმანელ პილოტს საავადმყოფოში თვეში ორჯერ აკითხავს. ფორმულა 3, ფორმულა 1-ში მოსახვედრად აუცილებლად გასავლელი გზაა, თავის დროზე ეს გზა ლეგენდარულმა მიხაელმაც გაიარა, ახლა კი მის კვალდაკვალ მიკ შუმახერი მიდის, რომელიც ჯერ სავარაუდოდ ფორმულა 2-ს მიაშურებს, მოემზადება და სულ მალე ფორმულა 1-ში მოგვევლინება, სადაც ვინ იცის მამამისის რეკორდებს მოხსნის.    

სხვა სტატიები