საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები 'ოაზისის თასის' ვიცე-ჩემპიონია
9-11 მაისს, აბუ დაბიში, ამერიკულ ფეხბურთში, 'ოაზისის თასი' გაიმართა. ტურნირი კონკრეტულად ფლეგ ფეხბურთში ჩატარდა, რაც ამერიკული ფეხბურთის უკონტაქტო სახეობაა. მონაწილეობა 12-მა გუნდმა მიიღო და მათ შორის საქართველოს ნაკრებმაც.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 1 წაგებით და 2 გამარჯვებით დაიწყო, მეორე ადგილზე გავიდა და 1/4 ფინალში წინა წლის ჩემპიონი, ქუვეითის გუნდი, 'Al Qadsia' დაამარცხა. 1/2 ფინალში საქართველომ იორდანიის გუნდს, 'ბუმას' მოუგო - 26:0. ფინალში ჩვენი მეტოქე დუბაის გუნდი, 'ნინჯები' იყო, რომელთა შემადგენლობაშიც ძირითადად ამერიკელები თამაშობენ. ფინალში უპირატესობის მიუხედავად (7-0 ვიგებდით), მატჩის ბოლოსკენ დავმარცხდით და ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ.
ტურნირის საუკეთესო შემტევი მოთამაშე ლაშა უნგიაძე გახდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და არაერთი მსგავსი ჯილდო მოუგია.
ფლეგი - ანუ უკონტაქტო ამერიკული ფეხბურთი ნელ-ნელა ძალიან პოპულარული ხდება. სექტემბერში, პარიზში, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.