Belive

ქართველი მოკრივე 1/4 ფინალისთვის ემზადება | "მჯერა, რომ მადიევს გამარჯვება შეუძლია"

2 წლის წინ სხვა
3 წთ
ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალური შეხვედრისთვის ემზადება. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში, უკვე 2 გამარჯვება მოიპოვა და რუს ანდრეი ზამკოვოის დაუპირისპირდება. უნდა აღინიშნოს, რომ მადიევის მეტოქე საკმაოდ გამოცდილი მოკრივეა. 34 წლის ზამკოვოის 2012 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალიც აქვს მოგებული. ამის მიუხედავად, ესკერხან მადიევის პოტენციალისა და მონდომების გათვალისწინებით, გულშემატკივარს მისი გამარჯვებისა და ოლიმპიური მედლის მოპოვების იმედი აქვს. ამას ადასტურებს საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური, რომელსაც მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ გავესაუბრეთ.

"მადიევი ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელიც დიდი მასშტაბის ტურნირებზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ამის მიუხედავად, ოლიმპიადაზე მან აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ლორენცო სოტომაიერი და უგანდელი შადირი ბვოგი დაამარცხა - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე უძლიერესი მოწინააღმდეგე იყო. შემდეგი ბრძოლა კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ესკერხან მადიევი ძალიან მაგრად იბრძოლებს, უიმედოდ ყოფნის მიზეზი არ გვაქვს. თქვენი აზრით, ზამკოვოის დამარცხების შემთხვევაში, ოქროს მედალზე ბრძოლა რამდენად რეალისტურია? თუკი გაიცნობთ მის ხასიათს და დააკვირდებით მის მოქმედებს, მიხვდებით, რომ მადიევი ნამდვილი მებრძოლია, რომელიც მინიმალურით არ კმაყოფილდება. მაგალითისთვის, ევროპის ჩემპინატის ფინალი გადახსნილი წარბით იბრძოლა. ბრძოლის წინ, დედამ დაურეკა და სთხოვა, ფინალში არ იჩხუბო, მედალი უკვე გარანტირებული გაქვს და ჩვენ შენით ვამაყობთო. ეს არ ყოფილა მხოლოდ დედის მიერ გამოთქმული სენტიმენტები, იმასაც გეტყვით, რომ ფინალში გასვლის რეკომენდაციას ჩვენც კი არ ვაძლევდით. თუმცა მისივე თქმით, მამის შეგულიანების შედეგად, ფინალში გავიდა და მოიგო კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი რუსი მებრძოლის ბარიერი გადალახა, უფრო მეტსაც მიაღწევს. თუმცა იმისი თქმაც მინდა, რომ აქამდე მოსვლა პატარა წარმატებას ნამდვილად არ ნიშნავს. როგორც არ უნდა დამთავრდეს ბრძოლა, მე მისი მადლიერი ვიქნები, მაგრამ მაინც მჯერა, რომ მადიევს გამარჯვება შეუძლია", - აღნიშნა დავით წიკლაურმა.
შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრა 30 ივლისს, თბილისის დროით 13:50-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები