Belive

დოლიძე VS ჰოუსი | ყველაფერი, რაც ამ ბრძოლის შესახებ უნდა იცოდეთ | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ

UFC-ში რომან დოლიძე მეხუთე ბრძოლის მოსაგებად ემზადება. მისი მეტოქე ამერიკელი ფილ ჰოუსი იქნება. მათი დაპირისპირება UFC Vegas 63-ზე შედგება, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართება.

ეს დაპირისპირება ორივე მებრძოლისთვის ამ წელს მეორე შეხვედრა იქნება. აღსანიშნავია, რომ რომანმა და ჰოუსმა საკუთარი ბრძოლები მოიგეს.

UFC-ში გამოჩენამდე, ფილ ჰოუსმა Dana White's Contender Series-ის ეგიდით ორი ბრძოლა გამართა. გარდა ამისა, მას ზურგს Bellator-ის გამოცდილებაც უმაგრებს, სადაც მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული. მებრძოლის მოწინააღმდეგე თანამემამულე იულკოქსი გახლდათ, რომელიც დარენ ვინის, კაილ დაკასის, ნასურდინ იმანოვის და ჯეიკობ მალკუნის მსგავსად, დაამარცხა. ფილმა მისი ბოლო ბრძოლა დერონ ვინთან გამართა. ამერიკელმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რომანის მსგავსად, ფილი UFC-ში მხოლოდ ერთხელ, კრის კერტისის წინააღმდეგ დამარცხდა.

მისი მეტოქის მსგავსად, UFC-ში რომანსაც ოთხი მოგების საპირწონედ ერთი მარცხი აქვს. ის ერთადერთი შეხვედრა "კავკასიელმა" ტრევინ ჯაილსთან დათმო. დოლიძე ოქტაგონზე ორი მოგებული ბრძოლით ბრუნდება. ამა წლის ივნისში ქართველმა მებრძოლმა, ფილ ჰოუსისთვის ნაცნობ, კაილ დაკასს 73 წამში ძალიან ეფექტურად მოუგო. ასევე სანახაობრივი იყო რომანის დებიუტი ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში, როცა მან რუსი მეტოქე ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა. ქართველი მებრძოლი ამ დაპირისპირებისთვის უკვე დიდი ხანია ემზადება და ამას საკუთარ Youtube არხზეც აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული მიზეზების გამო, რომანმა ბრძოლისთვის მოსამზადებელი პერიოდის ნახევარი საქართველოში გაატარა. სპორტსმენის თქმით, მისი კარიერის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ბრძოლისთვის სამშობლოში ემზადებოდა.

"ფიზიკურად უფრო კარგად ვარ მომზადებული. წინა ბრძოლასთან შედარებით უფრო მძიმე ვარ, თუმცა, სანერვიულო არაფერია, წონას ვაკონტროლებ და შეხვედრისთვის ფორმაში ვიქნები. ყველაფერი კარგად არის! "

როგორც რომანმა თქვა, წინა ბრძოლის მსგავსად, მის კუთხეში ისევ იქნება "ნინძა" გიგა ჭიკაძე.

დოლიძემ აღნიშნა, რომ მის მომზადების პროგრამაში ძირეული ცვლილებები არ შეუტანია, თუმცა, გარკვეული სიახლეები იყო. მის მსგავსად, ჰოუსიც კარგად ჭიდაობს და ქართველი მებრძოლი ფიქრობს, რომ ამერიკელი მასთან ჭიდაობას შეეცდება.

"მიუხედავად ერთი წონისა, გაბარიტებით აშკარად მასზე დიდი ვარ. თამამად შემიძლია იმის თქმაც, რომ დგომში უპირატესობა მექნება. ვფიქრობ, ის ჩემთან ჭიდაობას გადაწყვეტს, რისთვისაც მე მზად ვარ.

მოსალოდნელია, რომ ჰოუსთან გასამართი შეხვედრის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, რომანს შანსი TOP 15-ის მებრძოლთან მიეცეს. სტაროპოლისთან გამარჯვების შემდეგ, UFC-იმ რომანს ორჯერ შესთავაზა საუკეთესო 15-დან მებრძოლი, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო ეს დაპირისპირებები არ შედგა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე UFC-ის მორიგ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ვეგასში გაიმართება. UFC Vegas 63 29 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება. ქართველი სპორტსმენის შეხვედრა კი, გამთენიისას, დაახლოებით, 02:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები