Belive

ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს ვაკეთებ სხვების დასახმარებლად- გიგა ჭიკაძე

1 წლის წინ სხვა
3 წთ
MMA Junkie Youtube-ზე გიგა ჭიკაძის ინტერვიუს ავრცელებს. ქართველი მებრძოლი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. გიგამ "კორეელ ზომბზეც" ისაუბრა და ამბობს, რომ  მასთან  ბრძოლას არ გამორიცხავს. დიდი ხანია უკვე, ქართველსა და კორეელს შორის სოციალურ ქსელში დაპირისპირება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც გიგა კელვინ კატართან დამარცხდა, აზიელმა მას მარტივი მეტოქე უწოდა. აუცილებელია ითქვას, რომ ჩან სუნგ იუნგმაც დათმო მისი ბოლო ბრძოლა ვოლკანოვსკის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის ფონზე, არაა გამორიცხული ეს ორი მებრძოლი ოქტაგონზე ვიხილოთ.
 "ზომბთან" ბრძოლა შესანიშნავი იქნება, რადგან მან ბევრი ისაუბრა ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ. მე  არაფერი მითქვამს  მის  ბრძოლაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს მისგან შესანიშნავი შესრულება იყო. შესაძლოა ის ახლა მოხუცია. გავიგე, რომ მას პენსიაზე წასვლა სურს, მაგრამ ეს არავის ადარდებს.
გიგამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:
 ”ვფიქრობ, სექტემბერი ჩემთვის შესანიშნავი თვე იქნება. სწორედ ამ დროს  ვაპირებ დაბრუნებას. სექტემბრამდე დიდი დრო მაქვს იმისთვის, რომ წონაში დავიკლო და უკეთეს ფორმაში ჩავდგე, ვიდრე ახლა ვარ“.-განუცხადა ჭიკაძემ MMA Junkie-ს
  ჭიკაძის წაგება კატართან პირველი იყო UFC-ში. ამ ბრძოლამდე გიგა აქტიურად ლობირებდა, რომ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ იუნგის შემცვლელი  ყოფილიყო და აღიარებს, რომ ამან კატართან გასამართ ბრძოლის წინ, კონცენტრირებაში ხელი შეუშალა.
"ბოლო ბრძოლაში სულ სხვა მიზნისკენ ვისწრაფოდი. ვფიქრობ, რომ ნამდვილად გამოცდილი მებრძოლი ვარ და არ უნდა დამეშვა ასეთი შეცდომები , მაგრამ ხდება ხოლმე. მეც ადამიანი ვარ, ემოციური ვიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება  მიზნად UFC-ის ტიტულის მოპოვება მქონდა.  ახლა ვიცი, როგორ უნდა მოვახდინო კონცენტრაცია და შემდეგ ჯერზე მთლიანად გადართული ვიქნები მოწინააღმდეგეზე."
  ქართველი მებრძოლი მიწვეულია UFC-ის დიდების დარბაზის ცერემონიაზე, შაბათს. როგორც ჩანს, აღნიშნული ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იქნება. მისი თქმით, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და საღამოებს მისი ოჯახისთვის დიდი დატვირთვა აქვს.
"ქველმოქმედებას ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგეხსენებათ მე მაქვს საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია "Knockout Cancer", რომლის დაარსებაც დედის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე. ის 2013 წელს სიმსივნით დაიღუპა. ამ საშინელ დაავადებას რამდენიმე წლის განმავლობაში ვებრძოდით, მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა იყო ოჯახისთვის და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ყველას ვინც იგივე დაავადებით იტანჯებოდა. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს ვაკეთებ სხვების დასახმარებლად. ბედნიერი ვარ, რომ UFC-სგან  მოწვევა მივიღე."
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძეს რვა ბრძოლა აქვს UFC-ში ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთი დათმო კელვინ კატარის წინააღმდეგ.

სხვა სტატიები