Belive

ქართველი მებრძოლების 2022 წელი UFC-ში

1 წლის წინ სხვა
16 წთ

2022 წელი ქართული MMA-სთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. დაძაბული ბრძოლების, ბევრი სისხლისა თუ დასანანი მარცხების შემდეგ, იყო გამარჯვებები, რომლითაც ქართველებმა მსოფლიოს უკეთ გააცნეს თავი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ MMA-ს სამყაროსთვის საქართველო აღმოჩენა იყო. ჩრდილო კავკასიელების შემდეგ, ჩვენებურებმა UFC-ის კარი ხმაურიანად შეანგრიეს და აღნიშნულ ორგანიზაციაში თავიც დაიმკვიდრეს. თუ წლების წინ, ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში ქართველები საერთოდ არ იყვნენ, ახლა ერთდროულად 5 მებრძოლი იცავს ჩვენი ქვეყნის ღირსებას: გურამ ქუთათელაძე, გიგა ჭიკაძე, რომან დოლიძე, ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი.

საინტერესოა თუ როგორ გაიარა თითოეულმა მათგანმა 2022 წელი და რას უნდა ველოდოთ ქართველი მებრძოლებისგან ახალ 2023 წელს.

გურამ ქუთათელაძე - "ქართველი ვიკინგი"

გურამის დებიუტი UFC-ში 2020 წლის 18 ოქტომბერს შედგა და წარმატებითაც დასრულდა. მან სამრაუნდიან ურთულეს ბრძოლაში პოლონელი მატეუშ გამროტი დაამარცხა. მისი მეორე ბრძოლა კი, 2022 წელს, ასევე რთული მეტოქის, დამირ ისმაგულოვის წინააღმდეგ შედგა. სამრაუნდიანი დაძაბული დაპირისპირება ყაზახის გამარჯვებით დასრულდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ჰერბ დინის გადაწყვეტილებას, რომელსაც 3-გზის საუკეთესო MMA მსაჯად დასახელებულმა ჯონ მაკარტიმ შეცდომა უწოდა. საქმე ეხება ქუთათელაძის მიერ, მესამე რაუნდის ბოლოს, მუხლის დატყმას, რომელიც ჰერბ დინმა არალეგალურად შეაფასა და გურამს გაფრთხილება მისცა, რაც საბოლოოდ ქულებზეც აისახა. გარდა ამისა, ქართველმა მებრძოლმა საკმაოდ მომგებიანი პოზიცია დაკარგა.

"თავად ჩხუბს რაც შეეხება, ძალიან თანაბარი დაპირისპირება იყო. თუმცა, მესამე რაუნდის ბოლოს გურამმა მეტოქეს მუხლი წესების დაცვით მოარტყა, ამ მოქმედებაში არალეგალური არაფერი ყოფილა. ჰერბმა კი, დარტყმა არასწორად შეაფასა და დამირ ისმაგულოვი პარტერიდან წამოაყენა, სრულად ლეგალური დარტყმის მიღების შემდეგ აზრზე მოსასვლელად დრო მისცა და ბრძოლა დგომში განაახლა. არ ვამბობ, რომ იმ შეტევაში ქუთათელაძე ისმაგულოვს დააფინიშებდა, მაგრამ, ასეთი მოქმედებების შემდეგ, რომ ქულასაც არ გითვლიან, მომგებიან პოზიციას დაგაკარგვინებენ და იმასაც არ ითვალისწინებენ, რა შეიძლებოდა იმ მდგომარეობას მოჰყოლოდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი შედეგზე გავლენას მოახდენდა." - განაცხადა მაკარტიმ.

ყველა ვთანხმდებით, რომ გურამი მაღალი კლასის მებრძოლია და მისი ადგილი მსუბუქი წონის 15 საუკეთესო მებრძოლს შორისაა. გულშემატკივარს ამ ყველაფრის გასამყარებლად, ნახევრად ხუმრობით, ასეთი არგუმენტი მოჰყავს: გურამმა მოუგო გამროტს, პოლონელმა ცარუკიანს, არმანმა კი ისმაგულოვს, რომელთანაც "ქართველი ვიკინგი" დამარცხდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ოთხეულია, რომელთაც MMA-ს ექსპერტები მომავალში TOP 10-ში ხედავენ.

გურამი ოქტაგონს 2023 წელს UFC 283-ზე უბრუნდება და მისი მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მოიზესი იქნება. როგორც ყოველთვის, არც ახლა შეხვდა ქართველს მარტვი მეტოქე, მაგრამ მას შეუძლია მოიზესის დამარცხება. ქუთათელაძეს საკმარისად აქვს უნარები იმისათვის, რომ ბრაზილიელი პარტერში გაანეიტრალოს და დგომშიც დაჩაგროს. არაა გამორიცხული, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ქართველი TOP 15-ში ვიხილოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომავალი მეტოქეები კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან.

გიგა ჭიკაძე - "ნინძა"

გიგა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც MMA-ს მოყვარულებს საქართველო გააცნო. UFC-ში ასპარეზობისას ჭიკაძემ 7 გამარჯვება მოიპოვა და ისეთი ლეგენდარული მებრძოლების დამარცხებაც შეძლო, როგორებიც ედონ ბარბოსა და ქაბ სვანსონი არიან. გიგამ გულშემატკივარს თავი საკუთარი საფირმო დარტყმით GIGA KICK-ითაც დაამახსოვრა, რომლის დახმარებით ქაბ სვანსონი პირველივე რაუნდში დაამარცხა.

2022 წელი ჭიკაძისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ქართველმა კელვინ კატარის წინააღდეგ 5 რაუნდიანი მძიმე ბრძოლა დათმო და UFC-ში პირველი მარცხიც იგემა. გარდა წაგებისა, ამერიკელმა ქართველს საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიაყენა, რის გამოც დიდი ხანია ბრძოლას არ იღებდა და რეაბილიტაციას გადიოდა. ქართველი სპორტსმენი UFC-ის საჩემპიონო ბრძოლასთან აქამდე ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც ამ შემთხვევაში. აღნიშნულ ჩხუბში გამარჯვების შემთხვევაში, გიგა ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტი გახდებოდა. საინტერსოა, რომ ნახევრადმსუბუქ წონაში, ჭიკაძეზე უფრო გრძელი მოგებათა სერია, მხოლოდ ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის ჰქონდა.

ამისა გარდა, იყო ჩაშლილი ბრძოლა სოდიკ იუსუფთან, რომელსაც გიგა გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაეხსნა. "ნინძას" აღნიშნული შეხვედრა 17 სექტემბერს ჰქონდა ჩანიშნული. დასანანი მარცხის შემდეგ, ჭიკაძესთვის ეს კარგი შანსი იქნებოდა, რომ გამარჯვებით დაბრუნებულიყო და გულშემატკივრისთვის მისი სახელი შეეხსენებინა.

სამწუხაროდ, გიგასთვის ცუდი საბრძოლო წელი აღმოჩნდა, თუმცა, ის 2022 წლეს ოქტაგონს გარეთაც აღიარეს. ქართველი The Forrest Griffin Community Award-ის პრიზის მფლობელი გახდა. აღნიშნულ ტიტულს UFC იმ მებრძოლებს გადასცემს, რომლებიც საქველმოქმედო საქმიანობაში არიან ჩართულნი. ჭიკაძე ამ შემთხვევაშიც სახელოვან მებრძოლებს შორის აღმოჩნდა. ქართველი, დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის შემდეგ, მესამე მებრძოლი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო დაიმსახურა.

გიგა საქველმოქმედო ორგანიზაცია “Knockout Cancer”- ს ხელმძღვანელობს, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ დააარსა და სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

მიუხედავად ბოლო შეხვედრაში მარცხისა, გიგა ჭიკაძე TOP 10-ში ადგილს ინარჩუნებს. ქართველი მებრძოლი UFC-ის ნახევარმსუბუქ წონით კატეგორიაში მერვე პოზიციას იკავებს.

რომან დოლიძე - "კავკასიელი"

2022 წელი რომანისთვის საკმაოდ წარმატებული და შედეგიანი გამოდგა. მან 3 ბრძოლა გამართა და სამივე ჯერზე გამარჯვებულმა დატოვა ოქტაგონი. დაკასის, ჰოუსისა და ჰერმანსონის დამარცხებით დოლიძემ რეიტინგში საგრძნობლად წაიწია.

აღნიშნული გამარჯვებები რომანს ცნობადონის ამაღლებაშიც დაეხმარა და UFC-ს გულშემატკივარს უკეთ გააცნო თავი. საინტერესოა მისი და მაიკლ ბისპინგის "დაპირისპირება", რომელიც ქართველის საბრძოლო სტილს სულ აკრიტიკებდა. ამის შემდეგ, დოლიძემ ზედიზედ სამი ბრძოლა დაასრულა ვადამდელი გამარჯვებით.

ქართველის წარმატებულ წელს ისიც ამტკიცებს, რომ UFC-მ ის 2022 წლის 10 საუკეთესო მებრძოლს შორის დაასახელა.

რომანის კარიერა MMA-ში საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება და ახლა ის ისეთი მებრძოლია, რომლიც ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მზად არის. დოლიძე საშუალო წონაში მე-8 პოზიციას იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას წინ მარტივი მოწინააღმდეგეები აღარ ელოდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი მებრძოლი ვარსკვლავებს შორისაა და ყოველი მისი შემდეგი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ასეთი იქნება მისი მომავალი ბრძოლა, რომელიც მარვინ ვეტორის წინააღმდეგ ჩაინიშნა. საინტერესოა, რომ ყველა თვლის ეს რომანისთვის წინა საჩემპიონო ჩხუბი იქნება. ვეტორის დამარცხებით, დოლიძე ავტომატურად გახდება საშუალო წონის ის ახალი სახე, რომელსაც გულშემატკივარი ასე დიდხანს ელოდა.

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ რომანს ქვემძიმე წონაში სურს ასვლა, სადაც მისი სასურველი მოწინააღდეგე პოლ კრეიგია. მისი დამარცხებით, დოლიძე ორი წონის TOP 15-ის წევრი გახდება, რაც ბუნებრივია, რომ უდიდესი მიღწევა იქნება.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ჰერმანსონის დამარცხების შემდეგ, რომანმა ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია.

,,ჩემთვის ჩიმაევთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა. მას ვიცნობ, კარგი პიროვნებაა და როგორც მებრძოლს, პატივს ვცემ. მასთან ბრძოლა სწორედ ამიტომ მინდა. დიახ, ის მაღალი დონის მებრძოლია, თუმცა მეც მაღალი დონის ათლეტი ვარ.”

წინასწარი დასკვნების გაკეთება MMA-ში ძალიან რთულია, თუმცა, აშკარაა, რომ ქართველს წინ საინტერესო 2023 წელი ელის.

ილია თოფურია - "მატადორი"

ილია თოფურიამ 2022 წელს TOP 10-ში შეაბიჯა და ქვემსუბუქ წონაში მე-9 პოზიციას იკავებს. აღნიშნულ წელს ქართველმა ჯაი ჰერბერტისა და დაუმარცხებელი ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ მოიპოვა გამარჯვება.

2022 წელი ილიასთვის არც ისე წარმატებულად დაიწყო, რადგან მოვსარ ევლოევთან ბრძოლა ჩაიშალა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი და მოვსარის დაპირისპირებაც, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო სერიოზულ ხასიათს იღებს. UFC-ის 22 იანვარს გასამართ ღონისძიებაზე ილია თოფურია მოვსარ ევლოევს უნდა შეხვედროდა. კავკასიელების დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან თოფურიაც და ევლოევიც დაუმარცხებელი მებრძოლები არიან. ინგუშ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ეს გახდა თოფურიასთან დაგეგმილი ბრძოლის ჩაშლის მიზეზი.

ამის შემდეგ, მენეჯერებმა მაინც გამოუძებნეს მეტოქე, თუმცა, ილიას წონის კლებისას ჯანმრთელობაზე პრობლემები შეექმნა და ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ პროცესი შეეჩერებინა.

როგორც ვახსენე, UFC 282-ზე ქართველმა მებრძოლმა მეორე რაუნდში, დანებებით, ბრაის მიტჩელი დაამარცხა. ეს ილიას ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო UFC-ში.

თოფურიას ბრძოლა უყურადღებოდ არ დატოვა მოვსარ ევლოევმაც და ამ ყველაფერს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ წლის ბოლოს ის იქნება ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი და არა ილია.

ევლოევის გარდა, "მატადორს" პადი პიმბლეტთანაც აქვს საქმე გასარკვევი. ლონდონში, ჯაი ჰერბერტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ, ოქტაგონზე გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მომავალ შეხვედრაში პადი პიმბლეტთან ჩხუბი სურდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, სასტუმროში დაუპირისპირდა. იმ სკანდალის მიზეზი პიმბლეტის მიერ სოციალურ ქსელში საქართველოს მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი შეფასებები გახდა.

მათ შორის ურთიერთობა UFC 282-ის პრესკონფერენციაზეც დაიძაბა, სადაც მებრძოლებმა ერთმანეთში არც ისე სასიამოვნო სიტყვები გაცვალეს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პადიმ აღნიშნულ ღონისძიებაზე UFC-ის მიერ შეთავაზებულ სასტუმროში დარჩენაზე უარი თქვა, რადგან მას ილიასთან შეხვედრა არ სურდა.

ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ილიას მომავალი მეტოქე მოვსარი ან პადი პიმბლეტი უნდა იყოს. ბუნებრივია, რომ ორივე მებრძოლთან შეხვედრა ქართველზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს. საინტერესოა როგორ განვითარდება ილიას კარიერა, როგორც ჩანს, წინ საინტერესო 2023 წელი გველის.

მერაბ დვალიშვილი - "მანქანა"

ეჭვგარეშეა, რომ ქართველი მებრძოლებიდან ყველაზე წარმატებული წელი მერაბ დვალიშვილს ჰქონდა, რადგან ის UFC-ის რეიტინგში მე-2 პოზიციას იკავებს.

UFC-ის ეგიდით გამართულ ბრძოლებში, მერაბ დვალიშვილი საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება. ქართველი მებრძოლის უკანასკნელი მსხვერპლი სახელოვანი ჟოზე ალდო გახდა. ბრაზილიელთან გამართული ბრძოლა განსაკუთრებული იმ გარემოებაც გახადა, რომ მერაბ დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა და დივიზიონის ელიტაში ღირსეულად დაიმკვიდრა თავი. UFC-ის ლეგენდის დამარცხების შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლისაკენ მიმავალ რთულ გზაზე, ქართველმა თამამი განაცხადი გააკეთა.

ალდოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მერაბსა და რუს პიოტრ იანს შორის დაპირისპირების იდეა გაჩნდა. აქამდეც ისინი ერთმანეთის მიმართ საერთოდ არ იყვნენ კარგად განწყობილნი. მერაბის თანაგუნდელთან და ახლო მეგობართან ალჯამაინ სტერლნგთან გამართულ შეხვედრაში, იანმა აკრძალული ილეთი გამოიყენა და ამის გამო ჩემპიონის ქამარი იამაიკელს დარჩა. ალჯომ და დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ჩემპიონობას ზეიმობდნენ. აღნიშნული პოსტის ქვეშ კი, რუსმა მებრძოლმა მერაბსა და მის ყოფილ მეტოქეს ჯამბაზები უწოდა. დიდი ხნის განმავლობაში მებრძოლები ერთმანეთში სიტყვებს ცვლიდნენ და სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურნი იყვნენ.

პიოტრ იანმა საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის შესაძლო მომავალ მეტოქეებს ვხედავთ. სიაში მერაბ დვალიშვილიცაა, რომელიც სასურველ მეტოქეებში მეორე ადგილს იკავებს.

დვალიშვილმა პასუხი არ დააყოვნა და იმავე პოსტის კომენტარებში უპასუხა რუსს.

“მოდი ვიბრძოლოთ, მე ყოველთვის მზად ვარ”

View this post on Instagram

A post shared by Gorilla Fighting Energy | MMA (@gorillafighting)

ერთ-ერთმა რუსულმა გვერდმა, რომელიც MMA-ს საკითხებს აშუქებს, დვალიშვილისა და იანის დაპირისპირებას პოსტი მიუძღვნა. “მანქანამ” აქაც დატოვა მისი სიტყვა და თქვა, რომ პიოტრი მის შეთავაზებას არ დათანხმდება.

“ის არ აპირებს ჩემს შემოთავაზებას დათანხმდეს, რადგან მან იცის…”

როგორც ვხედავთ, ქართველი მებრძოლი დაპირისპირებისთვის მზადაა, თუმცა იანი ჯერჯერობით დუმს.

საინტერესოა შონ ო'მალისა და მერაბის გარშემო განვითარებული მოვლენებიც. ამერიკელმა იანი დაამარცხა, მერაბი კი, წონაში მესამეა და არაა გამორიცხული, რომ საჩემპიონო გზაზე მას ქართველი გადაეყაროს. ლეგენდარულმა მებრძოლმა დანიელ კორმიემ შონს ურჩია, რომ მერაბს ერიდოს.

ერთადერთი მებრძოლი, რომლისგანაც ო’მალიმ თავი შორს უნდა დაიჭიროს მერაბ დვალიშვილია. მისი ჭიდაობის სტილი შესაძლოა შონისთვის პრობლემა აღმოჩნდეს. არ ვამბობ, რომ ო’მალი აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ, დვალიშვილთან პარტერში აღმოჩენა არავის მოუნდება. ის ნამდვილი მხეცია.

საინტერესო მდგომარეობაა სუპერ მსუბუქ წონაში, რადგან ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგია და მერაბმა ბევრჯერ აღნიშნა, რომ მის მეგობარს არავითარ შემთხვევაში არ შეებრძოლებოდა. მაგრამ, ალჯომ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ, წონას შეიცვლის და ქვემსუბუქ დივიზიონში გადასვლას გეგმავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ  მერაბ დვალიშვილი მაქსიმუმ 1 მოგების შემთხვევაში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარზე იჩხუბებს. თუ სტერლინგი სეხუდოს დაამარცხებს, ის დივიზიონს ტოვებს, წაგების შემთხვევაში კი, ჩემპიონი აღარ იქნება და ქართველს ხელ-ფეხი გაეხსნება. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ UFC-ში პირველი ქართველი ჩემპიონი მალე ვიხილოთ.

No description available.

2022 წელი ქართული MMA-სთვის უდავოდ ისტორიული გამოდგა, რადგან TOP 10-ში 4 მებრძოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, UFC-ის TOP 10-ში მყოფი მებრძოლების სიმრავლით მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყნიდან როგორიც საქართველოა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბრძოლო 2022 წელი წარმატებით დაიხურა.

სხვა სტატიები