Belive

ქართველ ძიუდოისტთა სავარაუდო შემადგენლობა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის

5 წლის წინ სხვა
8 წთ
ძიუდოისტთა ნაკრებმა ამ წელს ბევრი კრიზისი და სკანდალი გადაიტანა. ჯერ იყო და ევროპის ჩემპიონატი ჩავაგდეთ და ამ მოვლენას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გადაჰყვა. შემდეგ ნაკრებმა ლოკაუტი გამოაცხადა ფედერაციის პრეზიდენტის - დავით ქევხიშვილის გადადგომამდე. ხმაურიანი და სისხლიანი გარჩევების შემდეგ პრეზიდენტი გადადგა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ნაკრებს დალაგებული არაფერი ეტყობა, მთავარი მწვრთნელის და ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია, რეალური კანდიდატებიც არ ჩანს. იაპონიაში გავლილი შეკრების მიუხედავად სპორტსმენებსაც არ ეტყობათ, რომ საუკეთესო ფორმაში არიან.

-60 კილოგრამამდე

აქ წონის ლიდერი ბოლო წლებში ამირან პაპინაშვილია, რომელმაც ბოლოს ბუდაპეშტის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი აიღო და ალბათ, ბაქოში წასვლის უმთავრესი კანდიდატიც ისაა. შესაძლებელია, ეს წონითი კატეგორია გაორდეს და ამ შემთხვევისთვის სავარაუდო კანდიდატი ლუხუმ ჩხვიმიანი იქნება, რომელმაც მართალია, პაპინაშვილს საქართველოს ჩემპიონატზეც მოუგო და თბილისის გრან-პრის ორი ფინალიც, მაგრამ ირაკლი ცირეკიძის მწვრთნელობისას ამ წონის მყარი მეორე ნომერი იყო. პაპინაშვილს ამჯამად მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ნომერია, ჩხვიმიანი მე-13, ხოლო 100-ეულში ამირანის უმცროსი ძმა ჯაბა პაპინაშვილი 65-ე პოზიციას იკავებს და მისი სახით კარგი შემცვლელი გვეზრდება ამ წონაში, თან უფროსი ძმისგან და ჩხვიმიანისგან განსხვავებით სტაბილურია, ასევე - აზიელებთან და ევროპელებთან ერთნაირი წარმატებით ჭიდაობს.      

-66 კგ-მდე

ამ წონით კატეგორიაში ბოლო წლებია ვაჟა მარგველაშვილი წარადგენს საქართველოს კონტინენტის თუ პლანეტის პირველობებზე. ამავე კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი და ლაშა გიუნაშვილი მსოფლიო რეიტინგის 50-ეულში არიან, ხოლო 100-ეულს თორნიკე ნაგლიაშვილი ხურავს ბოლო პოზიციით. ამ სამეულს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე შედეგები არ დაეწუნებათ და ნამდვილად კარგი იქნება, თუკი უფროსებშიც ხშირად ექნებათ საერთაშორისო პრაქტიკა, რაც წონაში გაზრდის კონკურენციას და ეს ნებისმიერ მათგანს წაადგება. თანაც მარგველაშვილი ჯერ 25 წლისაც არაა და ნამდვილად გვესაჭიროება ამ წონით კატეგორიაში ახალი სისხლი და იმედია, იაპონელთა ჰეგემონიას შეარყევენ მაინც.  

-73 კგ-მდე

ამ წონით კატეგორიაშიც ბოლო წლებში გამოკვეთილი ლიდერი ლაშა შავდათუაშვილია, ოლიმპიური ჩემპიონის და პრიზიორის დომინირებას ერთადერთი რამ საქართველოს ჩემპიონობა აკლდა და გასულ წელს ეს ტიტულიც შეემატა გორელი ფალავანის ჯილდოებს. ამჟამად ლაშა მსოფლიო რეიტინგში მეექვსე პოზიციაზეა, რაც მისი ბოლოდროინდელი პასიურობის ბრალია საერთაშორისო სარბიელზე. ამავე წონაში ასეულის ბინადრები ფრიდონ გიგანი და ომარ ნიაზაშვილი არიან, ასევე ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც 81 კილოგრამამდე კატეგორიაში აინაცვლა.    

-81 კგ-მდე

ამ წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ სერიოზული კონკურენციაა. საერთაშორისო სარბიელზე ძირითადად ამ ვაკანსიას ზებედა რეხვიაშვილი იკავებს, მაგრამ შიდა კონკურენციაში საქართველოს ჩემპიონატზე მისთვის დაუმარცხებელი ბარიერი თამაზ კირაკოზაშვილია, რომელმაც ზედიზედ მოიგო საქართველოს პირველობა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირები მისი აქილევსის ქუსლია, მის სახელზე მხოლოდ თბილისის გრან-პრის პირველი ადგილია, სხვაგან ძალიან უღიმღამოდ გამოოდის. იმედია, ეს ნიჭიერი ათლეტი დაძლევს ამ შიშს და გულშემატკივარს თავის შესაძლებლობებს ბოლომდე აჩვენებს. ამავე წონაში საკმაოდ ნიჭიერი კობა მჭედლიშვილი ასპარეზობს, რომელიც თაზოს და ზებედას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს, ცოტაოდენი გამოცდილების დაგროვების შემდეგ ამ წონაში მას აქვს სერიოზული განაცხადის გაკეთების პოტენციალი. ბოლოდროინდელი  მოვლენების გამო ამ წონიდან საქართველოსთვის ასპარეზობას სავარაუდოდ გამოეთიშება ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც არაბული ემირატების სახელით აპირებს გამოსვლას, რის უფლებასაც ქართული ძიუდოს ფედერაცია არ რთავს. არადა, გორელ ფალავანს ბოლო დროს კარგი შედეგები ჰქონდა და ნაკრების ხელმძღვანელობისაგან უნდობლობას არ უჩიოდა. მსოფლიო რეიტინგის ასეულში მჭედლიშვილზე წინაა ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც რამდენიმე თვეა რაც 73 კგ -დან ამოინაცვლა 81-ში და ანტალიის გრან-პრიზე მცირე სენსაციაც შემოგვთავაზა დაამარცხა რა ამჟამად მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერი ირანელი საიედ მოლაი, რომელიც ფრიად უხერხული მეტოქეა ქართველებისთვის ამ წონაში. ამ ბოლოდროინდელი შედეგებით აზერბაიჯანის დედაქალაქში დიდი ალბათობით ისევ ზებედა რეხვიაშვილს წაიყვანენ და მჭედლიშვილზე უფრო წინ ალბათ კირაკოზაშვილს ანდაც სულაც გრიგალაშვილს ანდობენ ამ წონაში საქართველოს წარდგენას.

-90 კგ-მდე

ყველაზე მაღალი კონკურენცია მთელ ნაკრებში ამ წონაზე მოდის. ახალგაზრდული მსოფლიოს რამდენიმეგზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი ირაკლი ცირეკიძის ნაკრებში უცვლელი პირველი ნომერი იყო, მაგრამ შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატზე უშანგი მარგიანის მიერ  ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ კი ამ წონაში რეალური კონკურენცია დაიწყო. ღვინიაშვილის პირველ ნომრობას ამ წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილის დაბრუნებამაც დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. მართალია ღვინიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა ჭრიკიშვილი, მაგრამ ბექამ და უშანგიმ საერთაშორისო სარბიელზე ვერ გამოკვეთეს წონის პირველი ნომერი. აქვე აღსანიშნავია, ბუდაპეშტის გრანპრიზე მარგიანის მეორე ადგილი, ხოლო ზაგრებში ავთოს მიერ აღებული ოქროს მედალი. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართველ ატლეტებს მეტოქეების საკმაოდ ძლიერი ბადე შეხვდათ და ბუდაპეშტში მსაჯობა აშკარად ქართველის მოწინააღმდეგე მასპინძლის კრისტიან თოთის მხარეს იხრებოდა. ამ წონაში ლიდერის ან ლიდერების  გამოსარჩევად საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დიდი სამუშაო ელის, ერთი მხრივ ღვინიაშვილის თვითნაბადი ტალანტი, მარგიანის შრომისმოყვარეობა და ჭრიკიშვილის გამოცდილება ქაღალდი, ქვა, მაკრატელის უპირატესობებია და იმედია, მწვრთნელები „ჯეირანის” თამაშზე უფრო გონივრული პრინციპებით იხელმძღვანელებენ. თორემ ქართულ ძიუდოს ამ ბოლო დროს სკანდალები ნამდვილად არ აკლია.  

-100 კგ-მდე

ამ წონაში პირველი ნომრობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, არა მხოლოდ საქართველოში - მსოფლიოშიც. ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი უახლოეს მდევარს ჰოლანდიელ კორელს 400 სარეიტინგო ქულით უსწრებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფიასკოს გამო მოწყობილი ლოკაუტის შემდეგ „ანაკონდას“ დაბრუნება უღიმღამო გამოდგა. იმედია, ამ შესვენების შემდეგ კაპიტანი მალევე დაუბრუნდება ოპტიმალურ ფორმას და ასე ნანატრ ოქროსაც შემოგვთავაზებს მსოფლიოზე. მსოფლიო რეიტინგში ამავე წონაში ბოლო წლების რამდენიმეგზის საქართველოს ჩემპიონი ლაშა ტაველური 53-ე პოზიციას იკავებს, ახალგაზრდა და პერსპექტიული სანებლიძე 4 პოზიციით ქვემოთაა, ხოლო იასონ ნემსაძე 84-ე პოზიციაზეა.  

+100 კგ

მძიმე წონაშიც ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც -100-შიც გამოკვეთილი ლიდერი გვყავს გურამ თუშიშვილის სახით, თუკი „თუშა“ ბაქოს პირველობას ისეთ კონდინციაში შეხვდება, როგორც შარშანდელ ბუდაპეშტის მსოფლიოს ჩემპიონატს. მას არ უნდა გაუჭირდეს ასე ნანატრი ოქროს მედლის მოპოვება, რადგანაც ფრანგების წინასაჩემპიონო განაცხადში არ არის ამ წონის ლიდერი და დაუმარცხებელი ძიუდოისტი ტედი რინერი. მეორე ნომრობისთვის რბოლაში კი აშკარად ადამ ოქრუაშვილი მსოფლიო რეიტინგით და ბოლოდროინდელი შედეგებით ლევან მატიაშვილზე წინაა,მაგრამ გორელმა ფალავანმა 15 კილოგრამი დაიკლო და მომავალში მისგანაც უნდა ველოდოთ სასიამოვნო სიურპრიზებს. ოქრუაშვილი 26-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, მატიაშვილი 37-ეზე. 100-ეულში არიან ონისე ბუღაძე და გიორგი ქავთარაძე, ასეულს მიღმაა ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიული გელა ზაალიშვილი 116.      

სხვა სტატიები