Belive

ოლეკსანდრ უსიკი: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, სხეული კი სამშობლოს..."

2 წლის წინ სხვა
3 წთ
უკრაინელი მოკრივეები, ალექსანდრე უსიკი და ვასილი ლომაჩენკო, ბავშვობის მეგობრები არიან. სპორტულ დიდებაზე მეოცნებეებმა, რინგზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა დღეს სულ სხვა, ნამდვილ ბრძოლაში - ომში არიან ჩართულები. 35 წლის უსიკმა და 34 წლის ლომაჩენკომ, კარიერაში, ჯამში, სამი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვეს და მსოფლიოს ელიტარულ მოკრივეთა შორის თავი დაიმკვიდრეს. თუმცა დღეს ისინი საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის, სრულიად სხვა, ეგზისტენციალურ ბრძოლაში არიან ჩართულები. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, უსიკი და ლომაჩენკო უკრაინაში გაემგზავრნენ, ხელში იარაღი აიღეს და ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონს შეუერთდნენ.
"თუ ისინი ჩემს ან ჩემი ახლობლების სიცოცხლის წართმევას შეეცდებიან, მეც იმავეს გაკეთება მომიწევს. სხვისი მოკვლა არ მინდა. არ მსურს ადამიანს ტყვია ვესროლო, მაგრამ ისინი სხვა შანსს არ მიტოვებენ", - თქვა უსიკმა CNN-თან საუბრისას.
უკრაინაში არსებული საშინელი, დამთრგუნველი სიტუაციის მიუხედავად, უსიკი ამბობს, რომ მას არ ეშინია.
"შესაძლოა, პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის და ჩემი სხეული კი სამშობლოსა და ოჯახს. ასე რომ, ჩემში შიში არ არსებობს. უბრალოდ, მიკვირს: როგორ შეიძლება ასეთი რამ 21-ე საუკუნეში ხდებოდეს"?
უსიკი უკრაინაში ახლა სულ სხვა რინგზე დგას, მაგრამ სპორტული პროფესიონალიზმი მას მაინც ეხმარება.
”კრივის წყალობით, უფრო მშვიდი და გონებრივად მომზადებული ვარ. შემიძლია, დავეხმარო მათ, ვინც ახლა პანიკაშია და ნერვიულობს", - თქვა მან.

უსიკი ომამდე ლონდონში იმყოფებოდა. აეროპორტის დახურვის გამო, იგი ვარშავაში გაფრინდა და კიევამდე დაახლოებით 800 კილომეტრი ავტომობილით დაფარა. მისი ბავშვობის მეგობარი და ოლიმპიადის 2-გზის გამარჯვებული, ვასილი ლომაჩენკო, საბერძნეთში, მონასტერში იყო წასული. ოდესაში პირდაპირი რეისით ვერ დაბრუნდა და სანაცვლოდ, ლომაჩენკო ბუქარესტში გაფრინდა, 9 საათი პორტამდე ავტომობილით იმგზავრა, შემდეგ კი უკრაინაში ბორანით გადავიდა.

ლომაჩენკოს CNN-თან უსიკთან ერთად უნდა ესაუბრა, თუმცა სატელეფონო ზარს იგი არ პასუხობდა. მოგვიანებით, დადასტურდა, რომ ლომაჩენკო უსაფრთხოდ იმყოფებოდა.
"ეს სრული სიგიჟეა", - თქვა უსიკმა. "მათ ახლახან ქალაქი მარიუპოლი დაბომბეს, ჩემს ერთ-ერთ მეგობრის სახელის სახურავს რაკეტა დაეცა. რუსები არ თამაშობენ."
ცეცხლის არშეწყვეტის ფონზე, ხშირია დებატები იმის თაობაზე, უნდა დაისაჯონ თუ არა რუსი სპორტსმენები ქვეყნის ქმედებებისთვის. უსიკი ამ თემაზე გადაჭრით არ პასუხობს და აღნიშნავს, რომ კონფლიქტის ორივე მხარეს უდანაშაულო ადამიანები ზარალდებიან.
"რუსმა ხალხმა ზუსტად არ იცის, თუ რა ხდება აქ. ისინი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მსხვერპლნი არიან".

სხვა სტატიები