Belive

ნგანუს ურთულესი გზა UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად

3 წლის წინ სხვა
5 წთ
UFC 260-ის მთავარი ბრძოლა, სტიპე მიოჩიჩსა და ფრენსის ნგანუს შორის გაიმართა. UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული, ფრენსის ნგანუმ ბრწყინვალე ნოკაუტით მოიპოვა. რემატჩში კამერუნელმა მებრძოლმა სტიპე მიოჩიჩი არ დაინდო. "პრედატორმა" სტიპე მიოჩიჩს შანსი არ დაუტოვა და 3 წლის წინ განცდილი მარცხის გამო, ბრწყინვალე რევანში აიღო. ფრენსის ნგანუმ ოცნება საბოლოოდ აიხდინა - თუმცა UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, კამერუნელმა ურთულესი გზა განვლო. კამერუნის პატარა ქალაქ ბატიში დაბადებულ ნგანუს მძიმე ბავშვობა ჰქონდა და ხშირად შიმშილობდა. ფრენსის ნგანუ დედასთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მოგვიანებით საცხოვრებლად დეიდასთან გადავიდა. მიწის თხრა და ნაგვის ურნებში საკვების მოსაპოვებლად ვირთხებთან ბრძოლა - ნგანუს საოცნებო ბავშვობა არ ჰქონია, თუმცა პატარაობიდანვე ბრძოლასა და შეუპოვრობას მიეჩვია. უფულობის გამო, 10 წლის ნგანუ იძულებული გახდა მიწის კარიერზე ემუშავა. კარიერზე ნგანუ 7 წლის განმავლობაში მუშაობდა.

"საკვების მოსაპოვებლად, შუაღამით, მაღაზიის სიახლოვეს გავლა მიწევდა. საკვებს ნაგვის ურნებში ვეძებდი. ხშირად ვირთხებთან მიწევდა დაპირისპირება: "მოშორდი ამ პომიდორს. ეს ჩემია. ეს გაფუჭებული პომიდორი ჩემია და არა შენი!" ათი წლის ვიყავი, როდესაც სოფელში მიწის კარიერზე დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერზე ძირითადად უფროსები მუშაობდნენ, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა - ვთანხმდებოდით იმ შესაძლებლობას, რაც იმ დროისათვის გვქონდა."
სკოლაში მისასვლელად ნგანუს საკმაოდ დიდი მანძილის ფეხით გავლა უწევდა. საკლასო ოთახამდე მისვლას, ნგანუ 2 საათს ანდომებდა. კამერუნელს არ ჰქონდა თანხა იმისათვის, რომ სკოლაში საჭირო ელემენტალური ნივთები (კალამი, ჩანთა, რვეული) შეეძინა. დამატებითი შემოსავლის მისაღებად, ნგანუ ტაქსის მძღოლადაც მუშაობდა. უკეთესი ცხოვრების ძიებაში, ნგანუმ კამერუნის დატოვება გადაწყვიტა. კამერუნელის მოგზაურობაში არაერთი მტკივნეული მოგონება დაგროვდა. ალჟირისკენ მიმავალ ნგანუს, საჰარის უდაბნოს გადაკვეთის დროს, მკვდარი ცხოველებით კვება უწევდა. "პრედატორმა" მავთულხლართით საკმაოდ მძიმე ჭრილობა მიიყენა, ესპანეთში არალეგალურად გადასვლის გამო კი 2 თვით საპყრობილეშიც აღმოჩნდა. ესპანეთის ციხიდან გამოსულმა ნგანუმ საფრანგეთში გამგზავრება გდაწყვიტა. პარიზში მიმავალ ნგანუს, 1 პენიც კი არ ჰქონდა, საბანკო ანგარიშზე რომ აღარაფერი ვთქვათ. უსახლკარო ნგანუმ, რომელიც ქუჩაში ცხოვრობდა, 2013 წელს დიდიე კარმონთან დაიწყო ვარჯიში. კამერუნელი შერეული საბრძოლო ხელოვნებით (MMA) დაინტერესდა და პირველი ბრძოლა 2013 წლის ნოემბერში გამართა. 2015 წელს, UFC-ში ნგანუს დებიუტი შედგა. "პრედატორმა" ბრძოლის აგრესიული სტილითა და ნოკაუტებით, სახელი მალევე გაითქვა. დერიკ ლუისთან და სტიპე მიოჩიჩთან მარცხის მიუხედავად, კამერუნელმა მებრძოლმა ოქტაგონზე წარუშლელი კვალი დატოვა, რომელიც UFC 260-ზე მიოჩიჩის დამარცხებითა და საჩემპიონო ქამრის მოპოვებით დააგვირგვინა.

UFC 260-ზე ნგანუს გამარჯვებას, კამერუნში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "პრედატორს" განსაკუთრებით მის მშობლიურ ქალაქში გულშემატკივრობდნენ. წარმატების მიუხედავად, კამერუნელ მებრძოლს მისი წარსული არ დავიწყებია. არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, კამერუნელმა "ფრენსის ნგანუს საქველმოქმედო ფონდი" დააარსა. "პრედატორის" ხელშეწყობით მის მშობლიურ ქალაქში სავარჯიშო დარბაზიც აშენდა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები ვარჯიშობენ.
"დასაწყისში არაფერი გამაჩნდა. ყველაფერი მინდოდა, მაგრამ არაფერი მქონდა. როდესაც ფულის გამომუშავებას იწყებ, უამრავი რამ გინდება. გამორჩეული ნივთების შეძენა და შეგროვება მიზანი არაა - მიზანია, როდესაც დაწყებულ საქმეს ასრულებ და დიდი ხნის ოცნებას იხდენ." "პირველ რიგში მსურს ჩემს ოჯახს დავეხმარო. მსურს ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებს ოცნების ახდენაში დავეხმარო. იმ შემთხვევაში, თუ ჩემს ოცნებას ავიხდენ, შესაძლებლობა მექნება კამერუნელ ბავშვებს დავეხმარო. უკანასკნელად, როდესაც კამერუნში ვიყავი, კრივის დარბაზის მოსაწყობად საჭირო ნივთები შევიძინე. სავარჯიშო დარბაზის მოწყობაც მსურს. მათ მიაჩნიათ, რომ ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბები არიან, ფიქრობენ, რომ წარმატებას მიაღწევენ - ვცდილობ კამერუნელებს ოცნების ახდენაში ხელი შევუწყო", - აღნიშნა ფრენსის ნგანუმ.
"პრედატორის" ტრიუმფა აჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს საიდან ხარ. ურთულესი გზის გავლის მიუხედავად, ნებისმიერს შეუძლია წარმატების მიღწევა.

სხვა სტატიები