Belive

მსოფლიო რაგბის პირველი დონის სემინარი და რეგიონალური სასწავლო ცენტრი

2 წლის წინ სხვა
3 წთ
კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში მწვრთნელთა გადამზადება „მსოფლიო რაგბის“ მიერ შემუშავებული ახალი პროგრამით განახლდა. მანამდე, ქართველი ედუკატორები მთელი ეს პერიოდი გადიოდნენ "მსოფლიო რაგბის" ონლაინ-სწავლებებს. კვირის დასაწყისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა "მსოფლიო რაგბის" რეგიონალური (ევროპის) მენეჯერი მწვრთნელთა განათლების კუთხით დანიელ მიტრეა, რომელიც "რაგბი პლატოზე" გამართულ პირველი დონის სემინარებს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო. სემინარი რაგბის კლუბ "აკადემიას" შვიდ ახალგაზრდა სპეციალისტს ჩაუტარდა, მიტრეას მიზანი კი ედუკატორების მუშაობის შეფასება იყო. სემინარის დასრულების შემდეგ, ის რაგბის კავშირის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა, რომლებთანაც განვლილი სემინარის გარდა, საქართველოში, კერძოდ ქუთაისში საერთაშორისო, რეგიონალური სასწავლო ცენტრის გახსნის პერსპექტივაზეც ისაუბრა. რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი გია ჭუმბურიძე დარწმუნებულია, რომ ეს იდეა მალე რეალობად იქცევა:

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი ედუკატორები ამოცანას თავს კარგად გაართმევდნენ და მიტრეასთან საუბრის შემდეგ ჩემი ვარაუდი დადასტურდა. ედუკატორებმა აჩვენეს, რომ დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად ართმევენ და შეუძლიათ საერთაშორისო სამწვრთნელო სემინარების (პირველი და მეორე დონის) მაღალ დონეზე ჩატარება". "გარდა ამისა, მიტრეასთან საუბარში განვიხილეთ საქართველოში საერთაშორისო, სასწავლო რეგიონალური ცენტრის გახსნის პერსპექტივა. ქუთაისში ამისათვის ყველანაირი პირობები გვაქვს. იქ მაღალ დონეზეა სარაგბო ინფრასტრუქტურა, სასტუმროთი და კვების ბლოკით. იქვეა საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ხორციელდება ფრენები. სწორედ ჩვენი ედუკატორების მზადყოფნასა და რეგიონალური ცენტრის პერსპექტივებზე გვქონდა საუბარი კავშირის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებთან". ნანახით კმაყოფილი დარჩა თავად დანიელ მიტრეა: "მოხარული ვარ, რომ მოვახერხე ჩამოსვლა და ადგილზე გავეცანი დღეს არსებულ სიტუაციას (მწვრთნელების მომზადების კუთხით). მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართველი ედუკატორები შესანიშნავად მუშაობენ, მათ არ დაუკარგავთ საჭირო უნარები. ასევე, დაახლოებით წელიწადნახევრიანი ონლაინ-შეხვედრების შემდეგ, სასიამოვნო იყო მათი პირადად გაცნობა. ეს ორი დღე საინტერესო დისკუსიებში გავატარეთ და ვმსჯელობდით იმ გზებზე, რა გზითაც უნდა გაგრძელდეს კადრების გადამზადება". "ბატონ გიასთან ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ, რომლებმაც კიდევ უფრო უნდა გაააქტიუროს საქართველოში სპეციალისტთა მომზადების საკითხი. ამაყი და კმაყოფილი ვარ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებთან შეხვედრით. უმნიშვნელოვანესია, რომ სპეციალისტთა მომზადება და განათლება მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია". "ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზეც – როგორ ჩავატაროთ საქართველოში 7-კაცა რაგბის მეორე დონის სამწვრთნელო კურსები; როგორ წარმოგვიდგენია ეროვნული სასწავლო ცენტრის ფუნქციონირება; როგორ მოვახდინოთ საერთაშორისო სასწავლო კურსების ორგანიზება ქუთაისის რეგიონალურ ცენტრში. ეს არ დარჩება თეორიული საუბრების დონეზე და მაქსიმუმ ორ წელიწადში, საქართველო იქნება ისეთივე ლიდერი რეგიონში სპეციალისტთა მომზადების კუთხით, როგორი ძლიერი და ლიდერიცაა მოედანზეა". წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი