მსოფლიო რეიტინგი განახლდა | ქართველები დაწინაურდნენ, სათავეში ეთერ ლიპარტელიანია
2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტური ტოკიოს გრანდ სლემმა ოფიციალურად დახურა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა, აქედან ერთი უმაღლესი სინჯის იყო, ხოლო 2 ბრინჯაოსი.
ილია სულამანიძე ტურნირის ჩემპიონი გახდა - ის მხოლოდ მეოთხე ქართველია, ვინც ტოკიოს გრანდ სლემზე ამის გაკეთება შეძლო: დავით ბოდაველი (საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში/1982), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2015), ბექა ღვინიაშვილი (2019). ილიამ ჯერ სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს სძლია, შემდეგ გზიდან ორი რუსი ჩამოიშორა (ნიაზ ბილალოვი და მატვეი კანიკოვსკი), ფინალში კი ადგილობრივი დოტა არაი დაამარცხა ბრწყინვალე იპონით,
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა და 23-წლამდე ევროპის ჩემპიონმა გიორგი ჯაბნიაშვილმა.
ტოკიოს გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, 2025 წლის ბოლო რეიტინგი განაახლა ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ, სადაც ქართველი ძიუდოისტები დაწინაურდნენ.
73 კგ
73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა ლეგენდარულმა - ლაშა შავდათუაშვილმა, თუმცა სამწუხაროდ იგი დამარცხდა და ტოკიოში ასპარეზობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა. საბოლოოდ მან ამომავალი მზის ქვეყანაში 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა.
ლაშა შავდათუაშვილი 2823 სარეიტინგო ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-13 ნომერია.
81 კგ
შავდათუაშვილის მსგავსად, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოდა ზაურ დვალაშვილიც, რომელიც ასევე სამწუხაროდ დამარცხდა და ასპარეზობა მე-5 პოზიციაზე დაასრულა.
დვალაშვილმაც 360 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 2 პოზიციით დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 2620 სარეიტინგო ქულაა და მსოფლიო რეიტინგის მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა.
90 კგ
90 კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 23-წლამდე ევროპის ჩემპიონმა გიორგი ჯაბნიაშვილმა.
გიორგიმ ამ წარმატებით მსოფლიო რეიტინგში 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა და 10 პოზიციით დაწინაურდა.
ჯაბნიაშვილმა მსოფლიო რეიტინგში 21-ე პოზიციიდან მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა და ახლა მის ანგარიშზე 2340 სარეიტინგო ქულაა.
ასევე მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა ლაშა ბექაური, რომელიც ამ წონითი კატეგორიის მეოთხე ნომერი გახდა - ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ბრაზილიელმა ძიუდოსტმა რაფაელ მაკედომ მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიცია დაკარგა.
100 კგ
წლის ბოლო შეჯიბრზე საოცარი გამოსვლა ჰქონდა ილია სულამანიძეს, რომელმაც ისტორიული ოქროს მედალი მოიგო და საქართველოს ისტორიაში მე-4 ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ძიგარო კანოს ტურნირზე გამარჯვება შეძლო.
ამ გამარჯვებით ილიამ 1000 სარეიტინგო ქულა დაიმატა და მსოფლიო რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა. ახლა სულამანიძე 100 კგ წონითი კატეგორიის მე-10 ნომერია და მის ანგარიშზე 3795 სარეიტინგო ქულაა.
+100 კგ
მძიმე წონაში იასპარეზა ირაკლი დემეტრაშვილმა, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემზე მე-7 პოზიცია დაიკავა და მან 260 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ამ ქულებით ირაკლიმ შეძლო და მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა, 23 წლის ქართველი, 2270 სარეიტინგო ქულით მძიმე წონის მე-18 ნომერია.
57 კგ
ეს ის ერთადერთი წონაა, სადაც მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გვყავს - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია და მან ტოკიოში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით პირველი პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.
ეთომ საოცარი 2025 წელი ტოკიოში ბრინჯაოს მედლით დახურა და 500 სარეიტინგო ქულა დაიმატა - მის ანგარიშზე 5751 სარეიტინგო ქულაა და მეორე პოზიციაზე მყოფ იაპონელ - მომო ტამაოკის, 690 ქულით უსწრებს.