Belive

ლევან კორღალიძე: "შემიძლია, კონტრაქტს ხელი ხვალვე მოვაწერო, მაგრამ ჯერ ეპიდემია უნდა დასრულდეს"

4 წლის წინ სხვა
6 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშება საუკეთესოდ თბილისის "ლოკომოტივმა" დაიწყო. "რკინიგზელებმა" ორიდან ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, გამორჩეულად კარგი ფეხბურთი ითამაშეს და ცხრილის სათავეშიც აღმოჩნდნენ. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს. 40 წლის სპეციალისტმა გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებისთვის ხელფასის 70%-ით შემცირება გადაწყვიტა. ლევან კორღალიძემ, მიღებული გადაწყვეტილების, გუნდში გატარებული წარმატებული პერიოდის და სამომავლო მიზნების შესახებ, Live.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა. პირველ რიგში მოგიკითხავთ. იმედია, ამ რთულ დროს ჯანმრთელად ხართ. პირველ რიგში, მინდა ექიმებს მადლობა გადავუხადო. რასაც ისინი ამ რთულ პერიოდში აკეთებენ, ნამდვილად გმირობის ტოლფასია. მადლობა მოკითხვისთვის, თავს კარგად ვგრძნობ და ყველას ჯანმრთელობას გსიურვებთ. რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ. რეალურად რა გახდა, "ლოკომოტივიდან" წასვლის მიზეზი? ის, რაც ოფიციალურად გაჟღერდა. ჩემსა და ხელმძღვანელობას შორის კონკრეტულ საკითხზე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. განვიხილეთ ვარიანტი, რომელიც ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, უფრო მართებულად მიმაჩნდა, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასის 70% მხოლოდ პირველ თვეში დაგვეკლო, ხოლო ზაფხულამდე დარჩენილ პერიოდში, მათ ანაზღაურების 50% მიეღოთ. სამწუხაროდ, ჩემი ვარიანტი ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა, მათი ვერსია კი ჩემთვის არ იყო მისაღები. ამიტომაც მივიღე კლუბის დატოვების გადაწყვეტილება. ერთმანეთს მშვიდად და დიპლომატიურად დავშორდით. საერთოდ, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, ხშირად გამიგია ფრაზა: "დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში", რის მერეც მებადება ლოგიკური კითხვა, ფეხბურთელებს არ სჭირდებათ გვერდში დგომა? უშუალოდ ჩემთვის რომ შეემცირებინათ ხელფასი, პრეტენზიას არ გამოვთქვამდი და მინიმალურითაც დავკმაყოფილდებოდი, მაგრამ არ შემიძლია  თავი კარგად ვიგრძნო მაშინ, როცა ჩემი ფეხბურთელები კომფორტულად არ არიან. არსებობს პრინციპები, რომელსაც ვერ გადავაბიჯებ და ვერ დავთმობ, თუნდაც ვიცოდე, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში უმუშევარი დავრჩები.
"ლოკომოტივს" თქვენი ხელმძღვანელობით ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი ჰქონდა: თასის ფინალი, ევროპის ლიგის საგზური, ლიდერობა ახალ სეზონში და გამორჩეულად კარგი ფეხბურთი. როგორ გაიხსენებთ გუნდში გატარებულ პერიოდს? ჩემთვის ჩამოთვლილი ფაქტებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის გახლავთ, რაც ბოლოს ახსენეთ - კარგი ფეხბურთი. ყველაზე მეტად მომწონდა ის, რომ გუნდი დაბალანსებულ, გამართულ და სწორ ფეხბურთს თამაშობდა. ეს ყველაფერი სწორი მიდგომის დამსახურებაა. ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ახალ გათამაშებაში ჩატარებული პირველი ორი ტურიდან, ეს წინა სეზონის შრომის გამოძახილია. თანაც მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემი პირველი მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში "ლოკომოტივმა" ბოლოადგილოსნის სტატუსით ჩაატარა. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ სწრაფი პროგრესი, ზედიზედ მოვიგეთ ძალიან ბევრი მატჩი, დავამარცხეთ ყველა აღიარებული ლიდერი (თბილისის და ბათუმის "დინამო", "საბურთალო"), რაც მთავარია დავიბრუნეთ თვითრწმენა და საბოლოოდ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირის საგზური მოვიპოვეთ. მართალია სეზონის დაწყების წინ რამდენიმე ტრანსფერი გავაკეთეთ და ვთვლი რომ ისინი სწორი და გამართლებულია, თუმცა წარმატებას უმეტესად შიდა რესურსის ხარჯზე მივაღწიეთ. ახალი სეზონის დაწყების წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ ამბიციური პიროვნება ვარ და მინდა ჩემპიონობა. ჩვენი მიზანი მაქსიმალური იყო და მოედანზე ყველა მატჩის მოსაგებად გავდიოდით. მოვიტყუები, თუკი ვიტყვი, რომ ასეთი სულისკვეთებით დაწყებული საქმის მიტოვება მარტივი იყო, თუმცა გადაწყვეტილება აფექტის მდგომარეობაში არ მიმიღია, რამდენიმე დღის განმავლობაში ვიფიქრე. როგორც ვთქვი არსებობს პრინციპები რომელსაც ვერ შეველევი. "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ, ახალი შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ? დიახ, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ მაქვს ახალი შემოთავაზებები. თანაც, არა ერთი, რამდენიმე. იმასაც ვიტყვი, რომ შემიძლია კონტრაქტს ხელი ხვალვე მოვაწერო, მაგრამ ჯერ ჩვენს ცხოვრებაში სხვა პრობლემები დგას, მთავარია ჯანმრთელობა და ამ ეპიდემიის დამარცხება. შემდეგში ვნახოთ რა იქნება, გპირდებით, რომ უფეხბურთოდ არ გავჩერდები, თუმცა არის კონკრეტული კლუბები რომელშიც პრინციპულად არ ვიმუშავებ.
არსებული პაუზა გუნდებს ფორმაში შესვლაში ხელს შეუშლის, თანაც ევროტურნირები ახლოვდება. საჭიროა თუ არა სეზონის განახლებამდე გარკვეული პერიოდი მოსამზადებლად? თქვენი აზრით, რომელია ჩემპიონატის გაგრძელების საუკეთესო ფორმატი? არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც კია. თანაც არა ერთი ან ორი კვირა, თვეზე მეტი. ყველაზე კარგ შემთხვევაში, გუნდებს ფორმის აღსადგენად 6 კვირა სჭირდებათ, მინიმალურში კი - 4. ის შეკრებები, რომელიც გუნდებმა სეზონის დაწყებამდე გაიარეს, მთლიანად წყალშია ჩაყრილი და უნაყოფოა. მართალია, ფეხბურთელებს აქვთ კონკრეტული პროგრამა, რომლითაც გარკვეულ დონეზე ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებენ, მაგრამ გამორიცხულია, რომ სახლის პირობებში მათ ჩვეული რეჟიმით ივარჯიშონ. შეუძლებელია ფორმაში იყო მაშინ, როცა თვეზე მეტი ბურთს არ შეხებიხარ და გუნდთან ერთად არ გივარჯიშია. ვინაიდან, ჩვენ ჯერ ისიც კი არ ვიცით როდის დაიწყებენ გუნდები არათუ თამაშს, არამედ ვარჯიშს, რთულია განსაზღვრო ფორმატი. მაგრამ, სვაარაუდოდ, ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემპიონატის ორ წრედ და თასის მატჩების ადრინდელი სტილით ჩატარება იქნება. ამას ფეხბურთის ფედერაციაში განხილავენ და დარწმუნებული ვარ,.სიტუაციაზე ყველაზე მეტად მორგებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სხვა სტატიები