Belive

ივან კულიაკი: ,,მეორე შანსი რომ მქონდეს, ისევ ასე მოვიქცეოდი''

2 წლის წინ სხვა
2 წთ
6 მარტს რუსმა ტანმოვარჯიშემ, ივან კულიაკმა, დოჰაში გამართულ მსოფლიო თასის ეტაპზე მე-3 ადგილი დაიკავა. დაჯილდოებისას კულიაკმა მაისურზე ასო ,,Z” დაიწება, რამაც უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღის შემდეგ, რუსმა სპორტსმენმა Russia Today-სთან ინტერვიუში, საკუთარი პოზიციის ახსნა სცადა:
,,მეორე შანსი რომ მქონდეს, მკერდზე ასო ,,Z-ს'' კვლავ გამოვისახავდი. ეს სიმბოლო ჩვენი მეომრების ფორმებზე ვნახე და გავარკვიე რას გამოხატავს. აღმოჩნდა, რომ ის გამარჯვებისა და მშვიდობის სიმბოლოა. უბრალოდ, ჩემი პოზიციის დაფიქსირება მინდოდა. როგორც სპორტსმენი, ყოველთვის ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის,'' - განაცხადა კულიაკმა.
უკრაინაში, სადაც ომი 24 თებერვალს დაიწყო, სწორედ ეს სიმბოლოა დატანილი რუსულ ტანკებსა და სამხედრო მანქანებზე. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინის მომხრე პოლიტიკოსები და სხვა გავლენიანი პირები ბოლო პერიოდში ასეთი სამკერდე ნიშნით ჩნდებიან, რითაც ომისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ,,Z” გამარჯვების სიმბოლოა. კულიაკის პროვოკაციას დიდი აღშფოთება იმის გამოც მოჰყვა, რომ რუსი პოდიუმზე უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან, ილია კოვტუნთან, ერთად იდგა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. თავდაპირველად ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ რუს და ბელარუს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა თავიანთი ქვეყნის დროშითა და სახელით აუკრძალა (სწორედ დროშის ადგილას დაიწება კულიაკმა ასო ,,Z''), 7 მარტს კი მათ ყველა ტურნირში მონაწილეობა აუკრძალა.

სხვა სტატიები