Belive

"ილიას შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, მას პრეზიდენტობაც შეუძლია" - ხორხე კლიმენტი

3 თვის წინ სხვა
5 წთ

ილიას მთავარმა მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა ესპანურ გამოცემა La Razon-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ბუნებრივია, რომ საუბრის მთავარი თემა ილია თოფურია და მისი მომავალი საჩემპიონო ბრძოლა იყო.

- როგორია ისეთ ტალანტთან მუშაობა როგორიც თოფურიაა? მას შენ პატარაობიდან წვრთნი. მისი ნიჭი ადრეულ ასაკში აღმოაჩინე?

- ეს კურთხევასავით იყო. დიახ, მე ორივე ძმაში აღმოვაჩინე პოტენციალი. მათ განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, რაც სხვებისგან განასხვავებთ. მადლიერი ვარ, რომ პატარა ასაკიდან მათთან ვმუშაობ. ისინი 15 წლის ასაკში მოვიდნენ ჩვენთან. ახალი კი ისეთი ურთიერთობა გვაქვს როგორც მამასა და შვილს. ეს ურთიერთობა ჩემთვის ჯილდოა იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში გავწიე.

- ის თქვენს მიმართ მადლიერებას ყოველთვის გამოხატავს. როგორ იღებთ ამას?

- ჩემთვის ამის მოსმენა ძალიან ამაღელვებელია, ზოგჯერ ცოტა ცრემლიც მომდის. იმის დანახვა, რომ ვიღაც შენით მადლიერია და ერთგულია, ისეთი ემოციებით გავსებს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.

- ილიას რამდენად შორს წასვლა შეუძლია?

- მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ ეტაპზე ის UFC-ის ჩემპიონობას უმიზნებს, მაგრამ მას ყველაფერი შეუძლია: პრეზიდენტობა, მსახიობობა. ის ძალიან ნიჭიერია და განსაკუთრებული ინტელექტი აქვს.

- ილიას პოტენციალი თავიდან მოდის თუ ფიზიკურობიდან?

- მებრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მე ვიტყოდი 80 პროცენტი, არის თავი. თავი ყველაზე მთავარია

- ვოლკანოვსკისთან ბრძოლა როგორ წარმოგიდგენიათ?

- ვოლკანოვსკი მებრძოლია, რომელიც თავის წონაში დაუმარცხებელი იყო. რამდენიმე თვის წინ, წონის შეცვლა გადაწყვიტა და ყველაფერი ცუდად დასრულდა. მახაჩევთან მიღებული ნოკაუტი მას ფსიქოლოგიურ პრობლემებს აუცილებლად შეუქმნის. თუნდაც 5-რაუნდიან ბრძოლაში 5 რაუნდი გცემონ, ეს უფრო ნაკლებ ფსიქოლოგიურ ზიანს მოგაყენებს, ვიდრე ნოკაუტი. ორი თვის შემდეგ, ილიასთან, ასეთი დონის მებრძოლთან, ჩხუბზე დათანხმება, არც ისე ჭკვიანური გადაწყვეტილება მგონია. მის ადგილას ცოტა ხანს კიდევ მოვიცდიდი.

- ამ ბრძოლისთვის ილიას მენტალურად როგორ ამზადებთ?

- ყველა მეტოქე უნდა დააფასო. ეს UFC არის, მსოფლიოში საუკეთესო პრომოუშენი. ვოლკანოვსკი მოქმედი ჩემპიონია და უკვე აღარც კი მახსოვს რამდენჯერ დაიცვა ქამარი. ალექსის ნოკაუტი ილიას მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ის ჭკვიანი ბიჭია.

- ალექსანდრეს საქმე როგორ მიდის? შეუძლია მას ილიას სიმაღლეებს მიაღწიოს?

- მართალია მას UFC-ში შესასვლელად ცოტა მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ როგორც კი იქ ფეხს შედგამს, მის სახელს ყველა გაიგებს. მას საოცარი ხარისხი, ტექნიკა და სუფთა დარტყმები აქვს, რაც შესანიშნავი რამ არის. ხალხი პირღია დარჩება, როცა ამ ყველაფერს იხილავს. ალექსანდრე ისეთი მებრძოლი არ არის, როგორსაც UFC არის მიჩვეული. ბევრი სპორტსმენი ყოფილა ამ ორგანიზაციაში სუპერვარსკვლავი ძმით, მაგრამ დონით ვერც კი უახლოვდებოდნენ. აქვე გეტყვი, რომ ალექსანდრეს შემთხვევაში ეს არ მოხდება. როცა ის UFC-ში შეაბიჯებს ყველა გაოცდება.

- ეს ილიამ უკვე მოახერხა, მაგრამ შეუძლიათ თუ არა ძმებ თოფურიებს შერეული საბრძოლო ხელოვნების ესპანურ საზოგადოებაში გავრცელება?

- მე მჯერა, რომ ვიდრე ილია UFC-ში მივიდოდა, იქ გულშემატკივრების რაოდენობა ისეთი დიდი არ იყო, როგორიც ახლაა. ყოველი დღე, რომელიც შედეგით სრულდება, უფრო და უფრო მეტ გულშემატკივარს ქმნის. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, MMA ესპანეთში მასობრივი სპორტის სახეობად იქცევა. წარმოიდგინეთ რამდენი ფანი მოვა მოედანზე თუ UFC-ის საღამო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება UFC-ის ქამრისთვის იქნება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და რა თქმა უნდა, საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები