Belive

"გადაადგილება და დარტყმა არ შემეძლო" - პიოტრ იანი

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა - მერაბ დვალიშვილმა, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა. ბრძოლა დვალიშვილის დომინირებით წარიმართა და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდა. 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, მერაბ დვალიშვილმა ძლევამოსილი მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრა, UFC-ის ორი რეკორდი დაამყარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა დუმილი დაარღვია და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. პიოტრ იანი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია, თუმცა აღნიშნავს, რომ ბრძოლას საუკეთესო ფორმაში არ შეხვდა.

"მომხდარით დამწუხრებული ვარ - მტკივნეულია იმის გააანალიზება, რომ დავმარცხდი, მაგრამ, რაც მოხდა იმას აღარაფერი ეშველება. მთლიანობაში, მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. იყო რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელზეც ვფიქრობდი და მჯეროდა, რომ თავს გავართმევდი.

აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, რამდენიმე დღე დავისვენე და კვლავ საქმეს შევუდექი. ვიგრძენი, რომ ფიზიოთერაპია აუცილებელი იყო. კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ვვარჯიშობდი და მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ბრძოლის გამართვამდე 1 კვირით ადრე აქტიურად ვემზადებოდი და წონის კლებას შევუდექი. ბრძოლის გაუქმებაზე არც კი მიფიქრია, რადგან უკვე იქ ვიყავი. ვფიქრობ, ნათელი იყო, რომ ბრძოლის დროს გადაადგილება და დარტყმა არ შემეძლო - გაძლება მიწევდა. ვიცი, რომ შემიძლია და მეხერხება უკეთ ვიბრძოლო. გადატვირთვა და კორექტირებების შეტანაა აუცილებელი".

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის დაპირისპირება UFC Fight Night 221-ის ივენთის მთავარი ბრძოლა გახლდათ, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი (50-45, 50-45, 50-45) გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

სხვა სტატიები