Belive

El Mundo: ილია თოფურია სასამართლოში დაიბარეს

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

ესპანური გამოცემა El Mundo იტყობინება, UFC-ის ორგზის ჩემპიონი, ილია თოფურია (17-0), 7 იანვარს, მოსტოლესში (მუნიციპალიტეტი მადრიდთან), ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე, სასამართლოში დაიბარეს,

მებრძოლის ყოფილმა მეუღლემ, ჯორჯინა უსკატეგიმ და მისი წლინახევრის ქალიშვილის დედამ, რომელიც დაცვის პროგრამაშია, სავარაუდო ძალადობის ბრალდებით საჩივარი შეიტანა. ის ილიას „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „დაზიანებებსა და ოჯახში ძალადობაში“ ადანაშაულებს. სპორტსმენის გარემოცვა ირწმუნება, რომ „ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ილიამ განქორწინება სთხოვა". გაზეთის ცნობით, ამ საქმის სამოქალაქო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

15 დეკემბერს თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა საკუთარი დელიკატური პირადი მდგომარეობა, რის გამოც მას არ შეეძლო ბრძოლა და გვირგვინის დაცვა 2026 წლის პირველ კვარტალში.

ბოლო თვეების განმავლობაში მე აუტანელი სიტუაციები და ზეწოლა განვიცადე, რადგან მემუქრებოდნენ არასათანადო მოპყრობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელებით, რომლებიც მხოლოდ ფულის სანაცვლოდ გაქრებოდა, მაგრამ სიმართლეს მხოლოდ ერთი გზა აქვს: ფაქტები.

ვცდილობდი ჩუმად ვყოფილიყავი, რათა დამეცვა ჩემი შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების საყრდენები არიან, მაგრამ მივხვდი, რომ დუმილი აღარ არის დაცვა: ეს ნიშნავს ტყუილის გაგრძელებას... მე უნდა გადავდგა ნაბიჯი წინ და ვიყო მაგალითი იმისა, რომ არავინ არ უნდა დანებდეს ზეწოლას, მანიპულირებას ან შიშს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს გამომიყენებია ძალადობა ვინმეს მიმართ და რომ ჩემი ღირებულებები ყოველთვის იყო პატივისცემა, დისციპლინა და პატიოსნება - ილია თოფურიას განცხადება / 15 დეკემბერს

სხვა სტატიები