Belive

ტოკიოს ოლიმპიადა | საქმეში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ერთვება (პრევიუ)

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ტოკიოს ოლიმპიადაზე, მეხუთე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული და ძალიან წარმატებული გამოდგა. -90 კგ წონით კატეგორიაში, 21 წლის ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების პირველი ოქროს მედალი შესძინა. ოლიმპიადის მეექვსე საშეჯიბრო დღეს, საქმეში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთვება, რომელიც სავარაუდოდ ბოლო ოლიმპიურ თამაშზე იღებს მონაწილეობას. ვარლამ ლიპარტელიანი A ბადეში იასპარეზებს და ამ ბადეში განთესილი მხოლოდ იგი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. 1/8 ფინალში, ლიპარტელიანის მეტოქე პაკისტანელ - ჰუსეინ შაჰ შაჰსა და ეგვიპტელ - რამადან დარვიშს შორის გამარჯვებული იქნება. 1/8 ფინალური ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი, ვარლამი კანადელ - შედი ელნაჰასსა და აზერბაიჯანელ - ზელიმ კოცოევს შორის გამარჯვებულს შემხვდება. ძიუდოს სპეციალისტების აზრით, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ვარლამ ლიპარტელიანი -100 კგ წონით კატეგორიის მთავარი ფავორიტია და საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ პირველ ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლოს. თუ ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში გავა, მისი სავარაუდო მეტოქე, იაპონელ - აარონ ვულფსა და ისრაელის წარმომადგენელ - პეტერ პალჩიკს შორის გამარჯვებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ვარლამ ლიპარტელიანს ოლიმპიადაზე, აქამდე მხოლოდ ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული (2016 წელს, -90 კგ წონით კატეგორიაში). წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 06:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები