Belive

პორტუგალიის გრან პრი - დღე II: ტატამზე 3 დებიუტანტი იჭიდავებს | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ძიუდოში, 2022 წლის პირველი ოფიციალური შეჯიბრი პორტუგალიაში მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებისთვის პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა. ტატამზე თენგო ზირაქაშვილი (-66კგ) და საბა კაპანაძე (-66კგ) გამოვიდნენ, თუმცა საბა კაპანაძემ პირველივე ბრძოლა ანგოლელ მეტოქესთან დათმო, რაც შეეხება თენგო ფოლადაშვილს, 18 წლის ქართველმა ძიუდოისტმა პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, თუმცა მეორე რაუნდში ვერაფერს გახდა -66 კგ წონითი კატეგორიის კორეელ ლიდერთან და ასპარეზობას გამოეთიშა. 29 იანვარს, პორტუგალიის გრან პრის II საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი გამოვა და სამივე მათგანს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ექნებათ.

-73 კგ

-73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 2021 წლის საქართველოს ჩემპიონი - გიორგი ტერაშვილი დაიცავს. გიორგი განთესილი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ამერიკელი - ჯეკ იონეზუკა იქნება. ამერიკული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ტერაშვილის მეტოქე, პორტუგალიელ - თელმო გომესსა და ბელგიელ - ჟერონ კასეს შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი B ბადეში მიიღებს მონაწილეობას.

-81 კგ

-81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას 2 სპორტსმენი დაიცავს: გიორგი შერაზადიშვილი და დიმიტრი გოჩილაიძე. გიორგი შერაზადიშვილი 2021 წელს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალს დაეუფლა და ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალებაც მიეცა. გიორგი პორტუგალიაში სადებიუტო შეჯიბრს იჭიდავებს. ქართველი ფალავანი ასპარეზობაში მეორე ბრძოლიდან ერთვება, სადაც მეტოქედ, ისრაელის წარმომადგენელი - იაჰელ ლავი ეყოლება. თუ გიორგი შეძლებს და შემდეგ ეტაპზე გასვალს მოახერხებს, მისი მეტოქე, სამხრეთ კორეელ - ჯონჰუმ კიმსა და ახალ ზელანდიელ - ელიოტ კონოლის შორის გამარჯვებული იქნება. გიორგი B ბადეში მონაწილეობს, სადაც ბადის ლიდერად უნგრელი - ბენედელ ტოტი არის აღიარებული. რაც შეეხება 22 წლის დიმიტრი გოჩილაიძეს, დიმიტრი D ბადეში მიიღებს მონაწილეობას და მეორე რაუნდიდან ერთვება ასპარეზობაში. გოჩილაიძის მეტოქედ ფინელი - ოსკარ მაკინენი ჰყავს. თუ ქართველი ფალავანი ფინელი მეტოქის დამარცხებას შეძლებს, შემდეგ ეტაპზე წარმოშობით ქართველს, ამჯერად სერბეთის სახელით მოასპარეზე - ზებედა რეხვიაშვილს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები