Belive

მსოფლიო რეიტინგი განახლდა - ლუკა მაისურაძე პირველი ნომერია!

10 თვის წინ სხვა
3 წთ

კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს.

ლუკა მაისურაძემ და ტატო გრიგალაშვილმა ოქრსო, ლაშა ბექაურმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გუნდურ ასპარეზობაში ჩვენმა გუნდმა გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანია დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ეს შესანიშნავი ასპარეზობა დაეტყო განახლებულ რეიტინგსაც, სადაც ქართველი ძიუდოისტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

60 კგ.

მეხუთე ადგილი შეინარჩუნა 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა ახალმა მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანსისკო გარიგოსმა, ხოლო პირველ ადგილს ტაიპეელი იანგ იუ ვეი ინარჩუნებს.

66 კგ.

ერთი ადგილი დაკარგა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა ვაჟა მარგველაშვილმა, ვაჟამ 66 კგ. წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრა მონღოლ იონდონპერენლეისთან დათმო. 3 ადგილით წინ წაიწია ჰიფუმი აბემ და იგი მეორეა, ხოლო დენის ვიერუ წონის ლიდერობას ინარჩუნებს.

73 კგ.

წონის ლიდერობა შეინარჩუნა ლაშა შავდათუაშვილმა, რაც უპირველეს ყოვლისა ამ წონაში დაფიქსირებული სენსაციური შედეგით აიხსნება. მსოფლიო ჩემპიონი ნილს სტამპი გახდა, რომელმაც 5 პოზიციით წაიწია წინ და მეოთხე ადგილს იკავებს.

81 კგ.

წონის ლიდერობა გაიმყარა ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც თავისი წონითი კატეგორიის გარდა ყველა ძიუდოისტის აბსოლუტურ რეიტინგს ლიდერობს. მის ანგარიშზე 10346 ქულაა. 7 პოზიციით აინაცვლა ტაკანორი ნაგასემ და იგი მეოთხეა.

90 კგ.

მსოფლიო ჩემპიონობამ წონის ლიდერობა მოუტანა ლუკა მაისურაძეს. ორი ადგილით აინაცვლა ლაშა ბექაურმა - ოლიმპიური ჩემპიონი მეხუთეა. ბექა ღვინიაშვილი მეოთხე ადგილს იკავებს.

100 კგ.

უმედლოდ დარჩენის მიუხედავად პირველი ადგილი შეინარჩუნა ილია სულამანიძემ. ათეულში მეცხრე ადგილს იკავებს ვარლამ ლიპარტელიანი, ხოლო ახალი მსოფლიო ჩემპიონი არმან ადამიანი 11 ადგილით დაწინაურდა და მერვე ადგილს იკავებს.

+100 კგ.

ათეულში ადგილი დაკარგა გელა ზაალიშვილმა, იგი მე-11 ადგილს იკავებს, ხოლო გურამ თუშიშვილი მე-13 ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ტედი რინერმა 13 ადგილით აინაცვლა, იგი მეხუთეა. წონას ტაჯიკი თემურ რახიმოვი ლიდერობს.

57 კგ.

ადგილი შეინარჩუნა და მეშვიდეა ეთერ ლიპარტელიანი. წონას მსოფლიო ჩემპიონი, კანადელი კრისტა დეგუჩი ლიდერობს, ხოლო ფინალში დამარცხებული ჰარუკა ფუნაკუბო მეორეა.

63 კგ.

14 ადგილით აინაცვლა და 79-ე ადგილს იკავებს ეთერ ასკილაშვილი. ახალგაზრდა ქართველი გოგონას ასპარეზობამ გუნდურ შეჯიბრში ყველა გააოცა, თუ ეთერმა ასე გააგრძელა მის დიდ ნახტომსაც მალე ვნახავთ.

+78 კგ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე კარგად გამოიყურებოდა სოფიო სომხიშვილიც. სოფომ რეიტინგში იდალის ორტისს გადაასწრო და მე-17 ადგილს იკავებს.

მსოფლიო ჩემპიონატი გუნდურ პირველობაში იაპონიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ძიუდოს მსოფლიო ტურის კალენდარში მომდევნო შეჯიბრი 25-27 მაისს ავსტრიაში გასამართი გრან პრია, სადაც საქართველოს ნაკრებიდან 90 კგ-ში ბაქარ ერაშვილია დარეგისტრირებული.

სხვა სტატიები