Belive

კვირას მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - 60 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ

11 თვის წინ ქართული სპორტი
4 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, შესაბამისად მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცებიდან 60 კგ წონითი კატეგორია გახსნის, სადაც გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს.

გიორგი სარდალაშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გაემგზავრება და უძლიერესი მეტოქეების წინააღმდეგ იასპარეზებს. ბოლო წლებში 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ ამირან პაპინაშვილი, შემდეგ კი ლუხუმ ჩხვიმიანი გამოდიოდნენ.

გიორგი სარდალაშვილისთვის კი 2023 წლის დოჰაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი სადებიუტო იქნება, რაც სულაც არ არის გასაკვირი, რადგან 19 წლის ქართველი ძიუდოისტი, თითქმის ყველა შეჯიბრზე დადებით შედეგს აფიქსირებს.


გიორგი სარდალაშვილის ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ

გიორგი სარდალაშვილი პირველად 2020 წლის ანტალიის კადეტთა ევროპის თასზე გამოჩნდა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა. ანტალიის შემდეგ ოქროს მედალი პრაღის ევროპის თასზეც მოიგო.

2021 წელს სარდალაშვილმა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, 2021 წლის მიწურულს კი მის კარიერაში გარდამტეხი, დიდი წარმატება ხვდა წილად - გიორგიმ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, ფინალში კი საკმაოდ ძლიერი აზერბაიჯანელი მეტოქე - თურან ბაირამოვი დაამარცხა, რომელიც დღემდე მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.

2022 წელი სარდალაშვილმა მალაგაში, ევროპის თასზე ოქროს მედლის მოპოვებით დაიწყო, რის შემდეგაც ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და ასეც მოხდა. გიორგი სარდალაშვილმა 2022 წლის თბილისის გრანდ სლემზე პირველივე ეტაპზე მისი კონკურენტი - ლუხუმ ჩხვიმიანი დაამარცხა, ფინალში კი - თემურ ნოზაძესთან დამარცხდა და პირველი კარიერული გრანდ სლემის მედალი (ვერცხლი) მოიპოვა.

ამის შემდეგ იყო ზაგრების გრან პრი, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2022 წლის ბოლოს კი აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო (პირველი გრანდ სლემური ოქროს მედალი).

სარდალაშვილმა ეროვნულ ნაკრებში თავი დაიმკვიდრა, 2023 წელს კი მას უკვე ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, რომელიც თბილისის გრანდ სლემზე მოიგო.


60 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტები იასპარეზებენ. გამოსარჩევია იაპონიის ნაკრები, "გოძილები" უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ.

ამ წონით კატეგორიაში, გიორგი სარდალაშვილს თითქმის ყველა ფავორიტთან და გამორჩეულ ძიუდოისტთან აქვს ურთიერთშეხვედრები, საინტერესო იქნება სარდალაშვილი და ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის - ნაოჰისა ტაკატოს დაპირისპირება.

როგორც ცნობილი გამოცემა "Judoinside" წერს, ასევე ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ბრძოლა იქნება ორ დებიუტანტს შორის - გიორგი სარდალაშვილისა და აზერბაიჯანელი - თურან ბაირამოვის დაპირისპირება. ქართველმა ფალავანმა 2021 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი სწორედ ამ აზერბაიჯანელ მეტოქესთან მოიგო, მას შემდეგ კი მასთან 3-ჯერ დამარცხდა (2023 წელს, თბილისის გრანდ სლემის ფინალიც სწორედ მასთან დათმო).

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, 60 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები შემდეგი ძიუდოისტები იქნებიან.

  • იანგ იუნგ ვეი (ტაიპეი)
  • ბალაბაი აღაიევი (აზერბაიჯანი)
  • ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
  • გიორგი სარდალაშვილი (საქართველო)
  • ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)
  • თურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
  • ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

გიორგი სარდალაშვილს ტატამზე 7 მაისს ვიხილავთ.

სხვა სტატიები