Belive

ევროპის ჩემპიონატი - ბოლო საშეჯიბრო დღე: ვარსკვლავების იმედად (პრევიუ)

3 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
19 აპრილს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე, ბოლო საშეჯიბრო დღე გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 7 სპორტსმენი იასპარეზებს. პირველი ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) მოიპოვა.

-90 კგ

-90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს: ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი. ლაშა ბექაური B ბადეში იასპარეზებს და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ფრანგი - ალექსის მატიუ იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ბექაური ისრაელის წარმომადგენელ - ლი კოჩმანსა და უნგრელ - როლანდ გოზს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბექაურის მსგავსად განთესილი იქნება ბექა ღვინიაშვილიც, რომელიც ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. ბექას მეტოქე ესტონელი - კლეი კრისტოფერ კალულაიდი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ღვინიაშვილი 1/8 ფინალში გავა, სადაც მას მეტოქე, რუმინელ - ალექს კრეტსა და ლატვიელ - ალექსეი ზარუდნევს შორის გამარჯვებული ეყოლება.

-100 კგ

-100 კგ წონით კატეგორიაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება: საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე. A ბადეში იმონაწილევებს კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი. ვარლამი პირველივე ეტაპიდან იბრძოლებს და მისი მეტოქე თურქი - მერტ სისმანლარი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ლიპარტელიანი, პოლონელ - კასპერ სიშჩუროვსკისა და რუმინელ - ედუარდ სერბანს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს იჭიდავებს - ილია სულამანიძე, რომელიც D ბადეში იასპარეზებს. ილიას ძალიან რთული ბადე აქვს, პირველივე ეტაპზე მას უძლიერესი ნიდერლანდელი - მიშელ კორელი შეხვდება. მიშელ კორელი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. თუკი ილია ნიდერლანდელს დაამარცხებს, შემდეგ ეტაპზე მისი მეტოქე, პოლონელ - ალექსი ლისენკოსა და ხორვატ - ზლატკო კუმრიჩს შორის გამარჯვებული იქნება.

+100 კგ

მძიმე წონაშიც ორი წარმომადგენელი გვეყოლება. მსოფლიოს ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი. ლევან მატიაშვილს საკმაოდ რთული ბადე შეხვდა, თუმცა იგი განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. მეორე ეტაპზე ლევანის მეტოქე უკრაინელ - ალექსანდრ გორდიენკოსა და სლოვენიელ - ივან დრაგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თუკი ლევანი მეორე ეტაპსაც დაძლევს, მისი მეტოქე 1/4 ფინალში, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ხორვატი - ლუკაშ კრპალეკი იქნება. 1/8 ფინალიდან იწყებს ასპარეზობას გურამ თუშიშვილიც. თუშიშვილის მეტოქე რუმინელ - ვლადუტ სიმიონეჩსკუსა და თურქ - ქემალ ერდოღანს შორის გაირკვევა. თუკი 1/8 ფინალში გურამი გამარჯვებას შეძლებს, 1/4 ფინალში ისრაელის წარმომადგენელ - ორ სასონს დაუპირისპირდება.

+78 კგ

+78 წონით კატეგორიაში ერთადერთი ქალი წარმომადგენელი გვყავს. სოფიო სომხიშვილი ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, ბელარუსის წარმომადგენელი - მარიანა სლუცკაია იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი, სომხიშვილი 1/4 ფინალში, უკრაინელ - იელზავეტა კალანინასა და გერმანელ - სამირა ბოუიზგარნეს შორის გამარჯვებულს შეხვდება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30, ხოლო ფინალური შეხვედრები კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები