Belive

"ერთხელ უკვე წავედი აფხაზეთიდან, ახლა არაფერს აღარ დავთმობ და თავს შევაკლავ..." - გიორგი ზანთარაია

2 წლის წინ ქართული სპორტი
6 წთ
Live.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ, წარმოშობით ქართველ, უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიასთან. გიორგი ზანთარაია 1987 წლის 21 ოქტომბერს საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში დაიბადა. 1993 წლის აფხაზეთის ომის შემდეგ, გიორგი მის ოჯახთან ერთად იძულებული გახდა, რომ დაეტოვებიან აფხაზეთი, მოგვიანებით კი საქართველოც დატოვა და უკრაინაში გაემგავრა. უკრაინის სახელით იგი პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო (-66 კგ წონით კატეგორიაში). 2009 და 2011 წელს კი უკრაინის საუკეთესო სპორტსმენ მამაკაცად დაასახელეს. 34 წლის ძიუდოისტი ამჟამად კიევში იმყოფება და რუსეთის წინააღმდეგ ომში იბრძვის.

გამარჯობა გიორგი, რა მდგომარეობაა ამჟამად უკრაინაში, უშუალოდ ხართ თუ არა საბრძოლო მოქმედებებში ჩართული?! 

-  გამარჯობა, რა თქმა უნდა, როგორც ინსტაგრამზე გამოვაქვეყნე ბრძოლაში უშალოდ ვარ ჩართული მეც, ისევე როგორც მთელი უკრაინა. მეც აქ იარაღი ავიღე და დავიწყე ბრძოლა თავისუფლებისთვის და ახლა ვიმყოფები კიევში. დღეს სახლში დავბრუნდი იმ მიზეზით, რომ ჩემი ოჯახი გამეყვანა კიევიდან, ჩემი მეუღლე და შვილები ლვოვში გავუშვი, რადგან აქ მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. მხოლოდ კიევში არ ვიბრძვი, ყველგან დავდივარ, სხვადასხვა ქალაქებში, უბნებში და ა.შ. 6 წლის ასაკში აფხაზეთიდან წამოვედი და ახლა არაფერს აღარ დავთმობ და აღარსად აღარ წავალ, მზად ვარ ბოლომდე შევაკლა თავი უკრაინას.

ქართველებთან თუ გაქვთ კონტაქტი?! 

- დიახ, ახლა ჩემი შვილები ლვოვში წავიყვანე და ძალიან დამეხმარა საქართველოს საელჩო. სხვა ქართველები რავიცი, ვინც აქ არიან ქართველები (მშვიდობიანი მოსახლეობა), ყველასთან მაქვს კონტაქტი და სულ ვამხნევებთ ერთმანეთს. რაც ყველაზე მთავარია, ყველამ ვიცით, რომ ეს ომი მოგებულია.

სხვა სპორტსმენები და ძიუდოისტები თუ არიან საბრძოლო მოქმედებებში ჩართული?! 

- დიახ ახლა ერთვებიან ომში სპორტსმენები და სახელმწიფო ყველას იაღარს ურიგებს. იცით როგორ არის? ახლა ყველა ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსია, სპორტსმენია, ბიზნესმენია, სხვა ეროვნების არის თუ არა და ა.შ. აი ხომ ნახეთ თქვენთვიონაც ვიდეო, სადაც დარია ბილოდიდი (ცნობილი უკრაინელი ქალი ძიუდოისტი, 2-გზის მსოფლიოსა და 2-გზის ევროპის ჩემპიონი) ომში იარაღით არ არის ჩართული, თუმცა, იგი ეხმარება მებრძოლებს და ზრუნავს მათ გამოსაკვებად.

ფაქტიურად მეორედ გიწევს ომის გამოვლა, პირველად 1993 წელს აფხაზეთის ომი, ახლა კი რუსეთ-უკრაინის ომი. შეგიძლიათ რაიმე პარალელის გავლება ამ ორ ომს შორის?! 

- კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მინდა ქვეყნის დატოვება, მე აფხაზეთიდან ერთხელ უკვე წამოვედი და ახლა არსად აღარ წავალ და არ დავთმობ არაფერს. მე ჩემი ბავშვები ახლა ლვოვში გავუშვი, იქიდან ევროპაში გადავლენ და შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებიან, მე ვრჩები აქ, საომრად. ამ ომსა და აფხაზეთის ომს შორის საერთო პარალელის გავლება თუ არის საჭირო, მე ვიტყოდი რომ მთავარი ჭირი არის რუსეთი. ახლა ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრებენ აზრზე არ არიან რა ხდება ქვეყანაში და ირგვლივ, მაგრამ აქ ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებს. სროლა, ბავშვების დახოცვა, აფეთქებენ სახლებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილებს. ომი როდესაც დაიწყო, სახლში ვიყავი, გამთენიისას აფეთქების ხმამ გამაღვიძა და ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, იმ წამიდან დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი. არასდროს არ მჯეროდა, რომ ამხელა ქალაქზე ოდესმე გაბედავდნენ შეტევას.

ზოგადად რა სიტუაციაა საზოგადოებაში და რა მოლოდინები აქვთ საერთაშორისო მხარდაჭერის მხრივ?! 

- იცით რა არის? ველოდებით დახმარებას, თუმცა უკრაინელები ისეთი მაგრები არიან, რომ ყველა იბრძვის განურჩევლად სქესისა, ასაკისა და ჯანრთელობის მდგომარეობისა. ყველა იბრძვის, ყველას იარაღი უჭირავს ხელში, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ომი უკვე მოვიგეთ, გამარჯვებულები ვართ. უკრაინელი ხალხი არის გამარჯვებული.

ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის ძიუდოს ნაკრები ესპანეთში გადის შეკრებას და ქვეყანაში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, თუ გაქვთ მათთან კონტაქტი?! 

- დიახ, ჩემი მწვრთნელიც შეკრებაზეა ნაკრებთან ერთად და ხშირი კომუნიკაცია გვაქვს, თითმის არცერთი საათი არ გადის მათთან საუბრის გარეშე. ისინი შეკრებიდან ჩამოსვლას და ჯარში წასვლას აპირებენ, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად გამოვა ჯერჯერობით არ ვიცით. ქვეყანაში რამდენიმე ძიუდოისტი დავრჩით და შეკრებაზე არ წავედით, ვინც აქ ვართ, ყველას ხელში იარაღი გვიჭირავს და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისათვის. ეს მთელი მსოფლიოს ომი არის, ჩვენთვის, საქართველოსთვისაც არის ეს ომი და ახლა აქ თუ უკრაინა დაიჩაგრება და დამარცხდება, დამარცხდება მთელი მსოფლიო. რეალურად მთელი ქვეყანა რომ იარაღით და უიარაღოდაც იბრძვის ეს ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტის დამსახურებაა. მან პირველივე წამიდან უკრაინელი ხალხი იმდენად დამუხტა, რომ არავის სურვილი არ გასჩენია ქვეყანა დაეტოვებინათ. პირადად მეც, როდესაც მისი მიმართვა ვნახე, მას შემდეგ გადავწყვიტე რომ ქვეყანაში დავრჩენილიყავი და მებრძოლო ბოლომდე.    

სხვა სტატიები