Belive

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი: დღე I - 4 ქართველი სპორტსმენის იმედად | პრევიუ

1 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
ხვალ, 29 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, სტარტს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე აიღებს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 4 სპორტსმენი იჭიდავებს. პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟებიდან -60 და -66 კგ, ხოლო ქალებში კი -48, 52 და -57 კგ წონით კატეგორიები იჭიდავებენ.

-60 კგ

-60 კგ წონითი კატეგორია საქართველოს ნაკრებს გაორებული აქვს, შესაბამისად ამ წონაში 2 სპორტსმენი გვეყოლება: ჯაბა პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი. ორივე მათგანი განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ლუხუმ ჩხვიმიანი D ბადეშია განთესილი და მეორე ეტაპზე, უკრაინელ - დილშოტ ხალმატოვსა და იტალიელ - ანხელო პანტანოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ლუხუმ ჩხვიმიანს რეალური შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მარტივად მივიდეს. რაც შეეხება ჯაბა პაპინაშვილს, ქართველი ფალავანი B ბადეში იჭდავებს და 1/8 ფინალში, მისი მეტოქე, კვიპროსელ - გიორგიოს კოროზიდისსა და ფრანგ - სედრიკ რევოლს შორის გამარჯვებული იქნება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ჯაბა პაპინაშვილი -60 კგ წონითი კატეგორიის მე-9 ნომერს, ბელგიელ - იორე ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება.

-66 კგ

-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, 2016 წლის ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი დაიცავს. ვაჟა მარგველაშვილი C ბადეში განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე - წარმოშობით ქართველ, კვიპროსის სახელით მოასპარეზე - გიორგი ბალარჯიშვილსა და რუმინელ - ლუსიან ბორს დიმიტრესკუს შორის გამარჯვებული იქნება. ექსპერტების აზრით, ვაჟა მარგველაშვილს საკმაოდ დიდი შანსი აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის ტიტული მეორედ მოიგოს.

-57 კგ

რაც შეეხება -57 კგ წონით კატეგორიას, საქართველოს ნაკრების სახელით ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს. ლიპარტელიანი განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ეთერ ლიპარტელიანი B ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში 1/8 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვება. 1/8 ფინალში ეთერი, პოლონელ - არლეტა პოდოლაკსა და დიდ ბრიტანელ - ასელია ტოპრაკს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში, ეთერ ლიპარტელიანის მეტოქე, ფრანგი - პრისკილა გნეტო იქნება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:30, ხოლო ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები