Belive

ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი - ქართული ფინალი -81 კგ-ში, მარიამ ჭანტურია ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 12:00 საათზე, ფინეთის ქალაქ ვანტააში სტარტი აიღო ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც საქართველოს სახელით 3 ძიუდოისტი ასპარეზობს. -81 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობენ: ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი, ხოლო ქალებში -70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კაცებში ორივე ქართველი ძიუდოისტი ფინალში გავიდა, ანუ -81 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობისთვის ორი ქართველი ერთმანეთში იბრძოლებს, ხოლო -70 კგ წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. გაგაცნობთ მათ გზას, რომელიც მათ ფინალამდე გაიარეს: -81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და უკრაინელ - დმიტრო პლიპენკოს შეხვდა, რომელიც ტატომ მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე (1/8 ფინალში) გავიდა. 1/8 ფინალურ ეტაპზე ტატოს მეტოქე ბოსნიელი - ვუკ ელეზი იყო, რომელიც ტატომ კვლავ მარტივად დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც იგი ბრიტანელ - ლაშლან მურჰედს დაეჭიდა. ქართველ ფალავანს კვლავ არ გაჭირვებია და ბრიტანული ბარიერიც მარტივად დაძლია, რითაც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში მისი მეტოქე ლატვიის წარმომადგენელი - ალექსეის ზარუდნევსი გახლდათ. ტატომ ლატვიელი მეტოქეც დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ქართველ - ვლადიმერ ახალკაცს დაუპირისპირდება. ვლადიმერ ახალკაცმაც ფინალურ ეტაპამდე საკმაოდ მარტივად და აუღელვებლად იასპარეზა. ახალკაცი ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან ჩაერთო, სადაც იგი შვეიცარიელ - სიმონ გაუშჩის დაეჭიდა, რომელიც მან მარტივად დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. 1/8 ფინალში კი მას თურქი - მუჰამედ კოჩი შეხვდა, რომელიც ქართველმა დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა. 1/4 ფინალში ვლადიმერის მეტოქე რუსი - ნოვრუზ ნოვრუზოვი იყო, რომლის დამარცხებაც ვლადიმერმა 1 წუთში ჯერ ვაზარით, შემდეგ კი იპონით შეძლო და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველ ფალავანს სლოვაკი მეტოქე - ალექს ბარტო ხვდა წილად, რომელიც ახალკაცმა დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ქართველი - ტატო გრიგალაშვილი დაუხვდება. რაც შეეხება მარიამ ჭანტურიას, რომელიც -70 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მარიამი განთესილი იყო, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ავსტრიელი - ანა-ლენა შიუჩტერი იყო, რომელიც მარიამმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც იგი იტალიელ - მარტინა ესპოსიტოს დაეჭიდა. მარიამს იტალიელ მებრძოლთან ბრძოლა გაუჭირდა, საბოლოოდ კი 3 გაფრთხილებით მოახსნევინა ოქროს დროში და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ბრიტანელი - კელი პეტერსენ პოლარდი დაუპირისპირდა. მარიამმა ბრიტანელ მეტოქეს ვერ აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები