Belive

დიუსელდორფის გრანდ სლემი - ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

4 წლის წინ ქართული სპორტი
4 წთ
21-23 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ძიუდოს ტურნირი, დიუსელდორფის გრან სლემი გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ კი გაირკვა ბადეები და ქართველი ფალავნების მეტოქეები.

I საშეჯიბრო დღე 

21 თებერვალს დიუსელდორფის გრან სლემი იწყება. პირველივე დღეს კი საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს: -60 კგ წონითი კატეგორია (ჯაბა პაპინაშვილი; თემურ ნოზაძე); -66 კგ წონითი კატეგორია (ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი) -60 კგ წონით კატეგორიაში არცერთი ქართველი არ არის განთესილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ჯაბა პაპინაშვილის მეტოქე ავსტრალიელი - ჯოშუა კატსი იქნება, ხოლო თემურ ნოზაძე კი გერმანელ - მორიტს პლაფკისთან შეეცდება შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვებას. რაც შეეხება -66 კგ წონით კატეგორიას, აქ ორივე ქართველი განთესილია და ისინი საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. ვაჟა მარგველაშვილი საკუთარ ბედს ალჟირელ - ვეილ ეზინთან გაარკვევს, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი კი ისრაელი წარმომადგენელ - ტალ ფლიკერს დაუხვდება.

II საშეჯიბრო დღე

მეორე საშეჯიბრო დღე სტარტს 22 თებერვალს აიღებს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას: ფრიდონ გიგანი,ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ); ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) დაიცავენ. ფრიდონ გიგანი განთესილი არ არის და იგი პირველ რაუნდში ფარეს ბადავის დაუპირისპირდება, ხოლო 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე ბოცვანელი - ტირელო ლეკოკოა. რაც შეეხება -81 კგ-ს, ნუგზარ ტატალაშვილი განთესილია და მეორე ეტაპზე რუს - ასლან ლაპინაგოვს დაუპირისპირდება, ხოლო ტატო გრიგალაშვილი პირველივე ეტაპზე ყატარელ - მორად ზემორთან იჭიდავებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კი -81 კგ წონით კატეგორიის ლიდერ იაპონელს - ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება.

III საშეჯიბრო დღე

მესამე საშეჯიბრო დღით დასრულდება დიუსელდორფის გრან სლემი და საქართველოს ნაკრების უძლიერესი შემადგენლობა სწორედ ბოლო დღეს იჭიდავებს, ესენი არიან: ბექა ღვინიაშვილი  და ლაშა ბექაური (-90 კგ); ნიაზ დიასამიძე და გიორგი ჩიქოვანი (-100 კგ); ონისე ბუღაძე და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). -90 კგ წონით კატეგორიაში ორივე ქართველი განთესილია და ორივე ქართველი ერთ B ბადეში მოხვდა. ბექა ღვინიაშვილი მეორე ეტაპზე ყირგიზ - ერლან შეროვს და ეგვიპტელ - ალი ჰამეზს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ლაშა ბექაური კი ლატვიელ - ალექსეი ზარუდნევსა და მავრიტანიელ - რემი ფეულეტს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. -100 კგ წონით კატეგორიაში ნიაზ დიასამიძეს მეტოქე კენიელი - ჯორჯ კიმანი იქნება, ხოლო გიორგი ჩიქოვანის კი ყაზახი - აიბეკ სერიკბაიევი. რაც შეეხება მძიმე წონას, +100 კგ-ში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი - გურამ თუშიშვილი, საქმეში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე უზბეკი - ალიშერ იუსუფოვი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი 2018 წლის ფინალი განმეორდება, სადაც გურამის მეტოქე წარმოშობით ქართველი, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე - უშანგი კოკაური იქნება. ონისე ბუღაძე კი გერმანელ - იონას შრეიბერს დაუპირისპირდება. Live.ge ქართველ ძიუდოისტებს წარმატებას უსურვებს.

სხვა სტატიები