Belive

ჩინეთის მასტერსზე ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს შეუტევს

4 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
12-14 დეკემბერს, ჩინეთის ქალაქი ცინდაო მასტერსის ტურნირს უმასპინძლებს. ცინდაოს მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 11 სპორტსმენით წარსდგება. ცინდაოს მასტერსზე პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – ლუხუმ ჩხვიმიანი ასპარეზობდა, ასევე ასპარეზობდნენ ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. სამწუხაროდ მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა -60 კგ წონით კატეგორიაში პირველივე ბრძოლა დათმო უზბეკ - დიორბეკ უზურბოევთან და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. ლუხუმის მსგავსად დაიწყო ასპარეზობა ბაგრატ ნინიაშვილმაც (-66 კგ), ქართველი ფალავანი პირველივე ბრძოლაში სლოვენიელ - ადრიან გომბოცთან დამარცხდა. სწორედ სლოვენიელი ფალავანი იქნება ვაჟა მარგველაშვილის (-66 კგ) მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში. ვაჟა 1/4 ფინალამდე წარმატებით ასპარეზობდა, ხოლო 1/4 ფინალში კი მონღოლ - ხერლენ განბოლდთან დამარცხდა და დამამშვიდებელ ბადეში (რეპეშაჟში) გადაერთო, სადაც კორეელი - ლიმჰვან კიმი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს (-57 კგ), ლიპარტელიანმა მხოლოდ პირველი ბრძოლის მოგება შეძლო ბულგარელ - იველინა ილიევასთან, ხოლო შემდეგ კი კორეელ - ჟისუ კიმთან დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად და სენსაციურად გამოეთიშა. ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 13:00 საათზე აიღებს.

სხვა სტატიები