Belive

დაღუპული სპორტსმენები უკრაინის ომში | "არასოდეს ვაპატიებთ, არასოდეს დავივიწყებთ"

1 წლის წინ სხვა
9 წთ

24 თებერვალი თენდებოდა. მოულოდნელად, უკრაინამ გაიღვიძა და თავზარდამცემი ამბავი შეიტყო: ომი დაიწყო. რუსული ჯარი უკვე ტრადიციად ქცეულ, მორიგ დამპყრობლურ და სისხლიან სვლას ახორციელებდა.

გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებისთანავე, სახლი 100,000-ზე მეტმა უკრაინელმა დატოვა. ათასობით მათგანი კი სხვა ქვეყანაში გადავიდა.

უკრაინელების ნაწილი სხვაგვარად მოიქცა. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილმა მოკრივეებმა, ოლეკსანდრ უსიკმა და ვასილი ლომაჩენკომ, რინგიდან ბრძოლის ველზე გადაინაცვლეს.

ორივე მათგანმა შეძლო იბრძოლა და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. გადარჩნენ, თუმცა სხვებს არ გაუმართლათ.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომს 230-ზე მეტი სპორტსმენი, მწვრთნელი და უშუალოდ, სპორტში ჩართული ადამიანი ემსხვერპლა. 15 ადამიანი დაჭრილია, 28 ტყვედ ჩავარდა, 4 კი დაკარგულია.

"ენით აღუწურელი ტკივილის" შესახებ ისაუბრა უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვადიმ ჰუტცაევმა. მისი თქმით, უკრაინამ დაკარგა ადამიანები, რომელთა ოცნებაც ქვეყნის სახელით ასპარეზობა იყო.

"მათი სახელები მარადიულად გვემახსოვრება. უკრაინის ისტორიაში ისინი ჩვენი სპორტისა და სახელმწიფოს მფარველი ანგელოზების სახელით შევლენ. არასოდეს ვაპატიებთ. არასოდეს დავივიწყებთ".

ამ სტატიაში 5 დაღუპული უკრაინელი სპორტსმენის შესახებ შეიტყობთ. მათ შესახებ ის ადამიანები ისაუბრებენ, ვინც მათ პირადად ყველაზე კარგად იცნობდა.

ევგენი ობედისნკი - წყალბურთი

128657091_yevhen1

ევგენი ობედისნკი "მარიუპოლის" წყალბურთის გუნდის კაპიტანი და ეროვნული გუნდის წევრი გახლდათ.

მისი მამა, ოლექსანდრი, ასევე წარმატებული წყალბურთელი და შვილის პირადი მწვრთნელი იყო.

"ის იყო ცოცხალი, კომუნიკაბელური, თანმიმდევრული ადამიანი, რომელიც არასოდეს ნებდებოდა", - აღნიშნა უკრაინის წყალბურთის ასოციაციამ BBC-სთან საუბრისას.

ბოლოს პროფესიონალურ დონეზე 2020 წელს, უკრაინის თასზე ითამაშა. კარიერა ტვინის სიმსივნის გამო დაასრულა, თუმცა ცხოვრებას და დაავადებასთან ბრძოლას განაგრძობდა, სანამ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში მორიგ ბოროტებას არ მოაწყობდა. 39 წლის ყოფილი წყალბურთელი 17 მარტს, მარიუპოლის ალყის დროს დაიღუპა.

„ჩემს შვილს სიცოცხლე უყვარდა, არასოდეს ნებდებოდა და ნებისმიერ სირთულეზე ერთი პასუხი ჰქონდა – „ნუ ნერვიულობ მამა, ამას აუცილებლად გავაკეთებ“. ჩვენ გვქონდა ძალიან ახლო, სიყვარულით სავსე ურთიერთობა, ერთმანეთს უზომოდ ვენდობოდით. საშინელ ტკივილსა და აღუდგენელ დანაკარგს ვგრძნობ”, – დაწერა Facebook-ზე ოლექსანდრ ობედინსკიმ.

ოჯახისთვის, ტრაგედია ამით არ დასრულებულია. მისი 12 წლის ქალიშვილი, კირა, ქალაქიდან თავის დაღწევის მცდელობისას დაშავდა. იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაიყვანეს. ექიმების თანახმად, მისი რუსეთში, ბავშვთა სახლში გადაყვანა იგეგმებოდა.

ამ პერიოდში, კირას მამის სმარტფონი თან ჰქონდა და Instagram-ის დახმარებით, კომუნიკაცია ბაბუასთან ჰქონდა. უკრაინის მთავრობის ძალისხმევის შედეგად, ოლექსანდრ ობედისნკიმ ბავშვის უკრაინაში გადაყვანის ნებართვა მიიღო. ამისათვის, მას პოლონეთისა და თურქეთის გავლით, მოსკოვში გადაფრენა, როსტოვამდე მატარებლით გადაადგილება და საბოლოოდ, ავტომობილით დონეცკში ჩასვლა მოუწია.

უკრაინაში იმავე გზით, უვნებლად დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ, კირას CNN ესაუბრა. ბავშვმა გაიხსენა, თუ როგორ მოუწია მამის დატოვება სახლის ნანგრევების ქვეშ და როგორ მოხვდა მას გაქცევის მცდელობისას ნაღმის ნამსხვრევი.

დმიტრო სერბინი - ამერიკული ფეხბურთი

128684554_dmytroserbin1

"დმიტრო იყო კაცი, რომელსაც დიდი გული ჰქონდა", - ამბობს "კიევ ქეფითალსის" მოთამაშე, მაქსიმ ჩერეპივსკი. "ის იყო ძალიან მაგარი სპორტსმენი, შესანიშნავი ექიმი და კარგი მეგობარი. ნამდვილი ლიდერი მოედანზე და მის ფაგლებს გარეთ".

სერბინი იყო ადამიანი, რომელმაც ჩერეპივსკის ამერიკული ფეხბურთი ასწავლა. ისინი მალე დამეგობრდნენ, ჩერეპისვკი კი "კიევ ქეფითალსის" საკვანძო მოთამაშე გახდა.

"ყოველთვის ამბობდა, რომ იღბლიანი ადამიანი იყო. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ მის ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებისგანაც სიყვარულს, პოზიტივსა და სიკეთეს გრძნობდა", - თქვა ჩერეპივსკიმ მეგობრის შესახებ.

128684555_dmytroserbin

49 წლის სერბინი ლიგაში უხუცესად ითვლებოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, მაინც ყველაზე სწრაფად დარბოდა.

მისი გარდაცვალება ოქტომბერში გახდა ცნობილი. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სერბინი დაჭრილი მოქალაქეების ევაკუირების დროს მოკლეს.

"გარდაიცვალა როგორც ჯარისკაცი, თავისი ქვეყნისა და ახლო ადამიანების დაცვის დროს", - ვკითხულობთ "კიევ ქეფითალსის" განცხადებაში.

როგორც ჩერეპივსკი ამბობს, სერბინს შეეძლო, მომხდარი ადგილიდან ავტომობილით დროულად წამოსულიყო, მაგრამ თავისი ადგილი სხვას დაუთმო და დაჭრილების გამოყვანა გააგრძელა. სწორედ ამ დროს, ნაღმზე აფეთქდა.

YouTube-ზე განთავსებულია ვიდეო, სადაც სერბინის ცხოვრების შესახებ მეტი დეტალის გაგებას შეძლებთ.

ოლეკსანდრ სუხენკო - ფეხბურთი

128650063_oleksandr-1

ომის დაწყებისას, ოლეკსანდრ სუხენკო უკრაინული "კუდრივკას" ცენტრალური თავდამსხმელი იყო. გუნდთან ერთად მხოლოდ 1 სეზონი ჰქონდა გატარებული.

"კუდრივკას" განცხადებაში წერია, რომ 25 წლის სუხენკო "ნიჭიერი ფეხბურთელი და კარგი პიროვნება იყო".

"გოლები რეგულარულად გაჰქონდა, საგოლე გადაცემებს რეგულარულად აკეთებდა. იყო სწრაფი და ტექნიკური მოთამაშე, რომელმაც ზუსტად იცოდა, თუ რა მოეთხოვებოდა მოედანზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

4 აპრილს, ოლეკსანდრის დამ, ელენამ, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ელენას თქმით, ომის დაწყების შემდეგ, მისი ძმა ტერიტორიული თავდაცვის ძალებს შეუერთდა. თავის სოფელში, იგი ევაკუაციის გეგმაზე მუშაობდა, აგროვებდა ინფორმაციას და ცდილობდა, რუსების გამოჩენის შემთხვევაში, სოფლის ევაკუაციისთვის საუკეთესო დრო და მარშრუტი დაედგინა.

"ჩვენი დახმარება უნდოდა და ეს შეძლო კიდეც", - ამბობს ელენა, რომელმაც მეუღლესთან ერთად სოფელი დატოვა.

23 მარტს, რუსები მისი მშობლების სახლს მიადგნენ. ჯერ ავტომობილი წაიყვანეს, შემდეგ კი მშობლებიც. 15:36-ზე ძმისგან შეტყობინება მიიღო - ეს ბოლო კავშირი იყო. 2 კვირის შემდეგ, მისი ცხედარი, მშობლებთან ერთად, ტყეში ამოთხრილ ორმოში იპოვეს.

მაკსიმ იალოვცოვი - მორაგბე და მოჭიდავე

მაკსიმ იალოვცოვი 32 წლის იყო, როდესაც ოქტომბერში, რუსეთთან ბრძოლაში დაიღუპა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი მივიდა. ახასიათებდნენ ქარიზმატულ და ჩემპიონად დაბადებულ ადამიანად.

იგი სარაგბო ოჯახის წევრი გახლდათ და კიევში, ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა.

"მაქსიმი დაახლოებით 2007 წელს, ვარჯიშზე გავიცანი", - იხსენებს სტანისლავ გრიშჩენკო, მისი ყოფილი თანაგუნდელი. "მორიდებული ბიჭი ჩანდა. ვარჯიში ერთად დავიწყეთ და გუნდში ერთად 30-ზე მეტი მატჩი ჩავატარეთ. ბურჯის პოზიციაზე თამაშობდა, რაც ძალას, გამძლეობასა და გამბედაობას მოითხოვს. მაქსიმი ყველაფერს აკმაყოფილებდა.

იალოვცოვი ჭიდაობითა და ჯიუ-ჯიცუთიც იყო დაინტერესებული. 2018 წელს, რომში გამართულ ტურნირშიც მიიღო მონაწილეობა, 2021-ში კი ევროპულ ჯიუ-ჯიცუს ტურნირზე ოქროს მედალიც აიღო.

დმიტრო სიდორუკი - მშვილდოსნობა

128657095_dmytrosydoruk

დმიტრო სიდორუკს, იგივე "ძიმას", მშვილდოსნობა განსაკუთრებით უყვარდა. ბავშვობაში ცურვაზე შეიყვანეს, შემდეგ საცურაო აუზი დაიხურა. ამის გამო მშვილდოსნობაზე გადაიყვანეს და ყველაფერი ამით დაიწყო: 2000 წელს, ახალგაზრდულ გუნდში აიყვანეს, მომდევნო წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

"ტურნირის მოგების შემდეგ, სახლში ყოველთვის ამ სიტყვებით ბრუნდებოდა: დედა, ეს მედალი შენთვისაა", - იხსენებს ინგა.

2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს, სიდორუკი ომში მოხალისედ წავიდა. ლუჰანსკში მომხდარი აფეთქებისას სერიოზულად დაშავდა, რის გამოც 12 ოპერაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციას თვეები დასჭირდა, თუმცა ომში კვლავ დაბრუნდა.

"რასაც მოისურვებდა, ყველაფერს აღწევდა. ის იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ ნებდება ადამიანი", - იხსენებს მისი მეუღლე, ადრიანა.

128657250_dmytrosydoruk1

"ამ ტურნირმა მასზე ძალიან კარგი გავლენა იქონია. უკრაინაში დაბრუნებისას, ვეტერანების რეაბილიტაციისა და სპორტში ჩართულობისთვის პროექტებს ახორციელებდა", - იხსენებს მისი მეგობარი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისას, არც უყოყმანია, ომში წავიდა. 5 აპრილს, 2 ადამიანთან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა.

"ის არ ყოფილა. ის კვლავ არის. ჩვენს გულში, ჩვენს ფიქრებსა და ჩვენს მოგონებებში".