Belive

ჩემპიონთა ლიგა | დინამო თბილისი ოლიმპიაკოსთან დამარცხდა

2 წლის წინ სხვა
2 წთ
"დინამო თბილისი" "ოლიმპიაკოსთან" გასვლით მატჩში დამარცხდა: წყალბურთელთა გუნდი ბერძნებს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდა და ანგარიშით 20:9 დამარცხდა. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა "ოლიმპიაკოსმა" ძალები არ დაზოგა და პირველივე წამიდან უპირატესობა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, იოანის ფუნტულისმა, რომელმაც "დინამოს" 8 გოლი გაუტანა. თამაშის დასრულების შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშეს გავესაუბრეთ:
კმაყოფილი ვარ თამაშით, ჩვენ 3 ქულის მოპოვება გვსურდა და მისია შევასრულეთ. ჩვენ მეტოქემ 9 გოლი გაგვიტანა, თუმცა ეს იმით აიხსნება, რომ ბოლო პერიოდში, წყალბურთში გოლის გატანის გაცილებით მეტი შანსი იქმნება. წინ ურთულესი თამაშები გველოდება და ამ ჯგუფში თითოეული ქულა უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ფუნტულისმა.
თამაში შეაფასა "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოიევიჩმაც. მისი სიტყვებით, ურთულესი კონკურენციის მიუხედავად, კლუბი თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის იბრძვის.
"ჩვენ გვყავდა მეტოქე, რომლის შემადგენლობაშიც ოლიმპიადის არაერთი გამარჯვებული ირიცხება და ცხადია, არის დიდი განსხვავება კლუბებს შორის, თუმცა ეს სხვა საკითხია: ჩემს მოთამაშეებს ყოველთვის გამარჯვებისთვის ვამზადებ, ჩვენ უნდა წარმოვადგენდეთ გუნდს, რომელიც მუდმივად გამარჯვებისთვის იბრძვის. ჩვენ ჯგუფში სხვა ძლიერი ოპონენტები გვყავს, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები ასპარეზობენ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ მათთან კონკურენციას და ვეცადოთ რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. თუკი სუსტ მეტოქეებთან თამაშს ვისურვებთ, გავჩერდებით და განვითარებას შევწყვეტთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რომ გამარჯვება ხვალ მოვა - არა, ეს ახლა, დღეს ხდება და აუცილებელია, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა უწყვეტი იყოს", - აღნიშნა სტანოიევიჩმა.
შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს "დინამო თბილისი" 9 ნოემბერს, "იადრანთან" გამართავს.

სხვა სტატიები