Belive

ალექს პერეირა: შიში ჩემი მეგობარია

9 თვის წინ სხვა
26 წთ

როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი და ბასისტინიში, სან-ბერნარდუ-დუ-კამპუში ვიზრდებოდი, სიბნელის მეშინოდა.

დამიჯერეთ.

სიბნელის უზომოდ მეშინოდა.

არამარტო ღრმა ბავშვობაში - ეს მაშინაც გრძელდებოდა, როდესაც 10-11 წლის ვიყავი.

ჩემი მშობლები იქვე იყვნენ: ჩვენს პატარა სახლში, ჩემს 7 და-ძმასთან ერთად. დაცული ვიყავი, მაგრამ დაბნელების მაინც ვუფრთხოდი. სიბნელეზე მეტად, მეშინოდა იმის, რაც შეიძლება მომხდარიყო, რადგან გარემოს ვერ ვაკონტროლებდი. მახსოვს, ვერ შემიკავებია და საწოლში გამიშვია იმის გამო, რომ საპირფარეშოში გასვლის მეშინოდა. ამდენად ზემოქმედებდა შიში ჩემზე.

ხომ გესმით, შეშინებული, დამფრთხალი, პატარა ბავშვი ვიყავი. თუ გნებავთ, დამცინეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ჩემი წარსულის შესახებ სიმართლეს გიყვებით.

ცხადია, რაც უფრო მეტად ვიზრდებოდი, თანდათანობით სიბნელის შიში ქრებოდა. თუმცა მის მიღმა დამალული სურვილი, რომ სიტუაციის კონტროლი ყოველთვის შემძლებოდა, არსად გამქრალა. მებრძოლობისკენ მიმავალი ჩემი ცხოვრების გზა შიშთან პირდაპირ კავშირშია. ბავშვობაში, სხვებზე აყოლა არ მახასიათებდა. მთელი დღის განმავლობაში თამაში ან წიგნის კითხვა არ მსურდა. მინდოდა, არჩევანი თავად გამეკეთებინა და სიტუაცია ჩემი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო.

მაგალითისთვის: ჩემს სამშობლოში, ბრაზილიაში, ყველა ფეხბურთს თამაშობს. ასე რომ, თუკი ბიჭი ხარ და ფეხბურთს არ თამაშობ (არ გიყვარს ფეხბურთი), ხალხს ჰგონია, რომ რაღაც რიგზე არ გაქვს.

სწორედ ასეთი ვიყავი.

არ მინდოდა ფეხბურთის თამაში.

და არც ვთამაშობდი.

თუმცა, პარალელურად... ყველაფრისგან დისტანცირება? ჩემს ქვეყანაში? ადამიანები გამუდმებით ფეხბურთის თამაშს გთხოვდნენ, გემუდარებოდნენ და შენ უარს ამბობდე - უბრალოდ შეუძლებელია. რაღაც მომენტში, ნებდები. ერთხელ, როდესაც თინეიჯერი ვიყავი, ბიჭებმა გუნდში დამატება მთხოვეს. თავიდან ვიუარე, მაგრამ რაღაც გზით, დამითანხმეს.

თამაში დაიწყო და... კარგად არ დასრულებულა. უკვე ტანმაღალი ვიყავი (დაახლოებით იმავე სიმაღლის, რაც დღეს), მაგრამ გამხდარი და ტექნიკურადაც, არაფერი გამომდიოდა. ბურთის მოსაპოვებლად წინ და უკან დავრბოდი. არასოდეს დამავიწყდება: მეორე გუნდში ერთი ბიჭი იყო, 25-26 წლის, ფიზიკურად ძალიან ძლიერი ყასაბი, რომელიც უზარმაზარ ხორცის ნაჭრებს ზურგით დაათრევდა.

და აი, ამ ყასბის წინააღმდეგ ვთამაშობდი. ბურთის წართმევას ვცდილობდი. ერთმანეთი რამდენჯერმე წავაქციეთ, სერიოზული არაფერი მომხდარა. მაგრამ ერთ მომენტში, ბურთი წამართვა, გავეკიდე და კიდევ ერთხელ წავაქციე.

როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა და ძლიერად ჩამარტყა. თავიდან ვინერვიულე, რადგან ჩემზე ბევრად დიდი იყო. მუშტებს მიქნევდა, რამაც სიბრაზისგან შემშალა და პასუხიც დავუბრუნე. ჩვენს გასაშველებლად მოვარდნენ და რამდენიმე წამის შემდეგ, ყასაბი დამშვიდდა. და მე?

ჩემი გაჩერება გამორიცხული იყო.

უფრო მეტი მინდოდა.

ყასაბს ხელი გაუშვეს, მაგრამ მე 10 წუთის განმავლობაში მაკავებდნენ. შეიძლება, ეს უფრო დიდხანსაც გრძელდებოდა.

ვიძახდი: "გამიშვით, გამიშვით! უნდა დავარტყა"!!

რაღაც მომენტში, მაგინებს და ამბობს: "გამოუშვით და ნახოს, რა ელოდება".

ცუდი სვლა იყო.

ბიჭებმა ხელი გამიშვეს. როგორც კი განვთავისუფლდი, ვეცი ყასაბს და სახეში მუშტი გავარტყი.

მოედანზე მყოფები თვალებს ვერ უჯერებდნენ. ჩემზე ბევრად დიდი, მაღალი და უფროსი იყო, მაგრამ სულაც არ მანაღვლებდა. ამ ტიპს არაფერს დავუთმობდი.

დღემდე მახსოვს იმ ბიჭების გაშტერებული თვალები. გაოგნებულები იყვნენ. მერე თქვეს: "იქნებ სავარჯიშო დარბაზში წახვიდე და ჩხუბი იქ გააგრძელო".

შევხედე, არც მიპასუხია, მაგრამ მზერით ამას ვამბობდი:

"ხომ გითხარით, ფეხბურთის თამაში არ მინდა-მეთქი".

ბავშვობიდან ვმუშაობდი. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც ეზოში სირბილის დრო ნაკლებად მქონდა. მუშაობა 12 წლიდან დავიწყე.

ამავე მიზეზით, ტელევიზორს და ფილმებს არასოდეს ვუყურებდი. არც მუსიკას ვუსმენდი. ღრმა ბავშვობაში, ქუჩაში ფუბეკას ვთამაშობდი, მეგობრებთან ვჭიდაობდი და ხანდახან, კომპიუტერულ თამაშებსაც ვუთმობდი დროს. თუმცა 12 წლიდან, დიდობაში შევაბიჯე. ჩვენი პატარა ქალაქი მდიდარი არ გახლავთ, მოკრძალებული ადგილია. დედა და მამა სულ მუშაობდნენ, თუმცა ფული არასოდეს ჰქონდათ. მსურდა, ტვირთად არ დავწოლოდი და მათთვის ისეთი რამ არ მეთხოვა, რისი საშუალებაც არ ექნებოდათ - სასურველი ნივთები თავად უნდა შემეძინა.

8-9 წლის ასაკშიც კი, ცოტაოდენის მოსაგროვებლად მიწაზე ვმუშაობდი, რესტორნების წინ სასუსნავს ვყიდდი ან სან-ბერნარდუში ავტომობილის ნაწილებს ვწმენდდი. ხანდახან, მე და ჩემს ძმას ტყიდან ჩაიოტი ან ბამბუკი მოგვქონდა გასაყიდად.

ასე გავიდა დრო და 12 წლისაც გავხდი. ჩვენს სახლთან ახლოს, რეზინის საწარმო იყო, სადაც ჩემს ძმებთან ერთად დროის გასაყვანად მივდიოდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც პირადად ვიცნობდი, ახლოს მდებარე ქალაქში საკუთარი რეზინის საწარმო გახსნა. როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, შევეხვეწე, რომ სამსახურში ავეყვანე.

"არა, არა!" - მპასუხობდა. "შენთვის არაფერი მაქვს". ერთი კვირის მერე ისევ ვკითხავდი, ის კი მეტყოდა: "ბოდიში, ახალი არაფერია".

ერთხელაც, დამირეკა და მითხრა, რომ საბურავების მაღაზიაში შეეძლო ჩემი დასაქმება. მასწავლა, როგორ შემემოწმებინა საბურავის წნევა და ყოველ გასტუმრებულ კლიენტზე 1 ბრაზილიურ რეალს მიხდიდა. 1 კვირის შემდეგ, ნახევარ განაკვეთზე ამიყვანა და დღიური ანაზღაურება - 5 რეალი დამინიშნა.

პირველ ოფიციალურ დღეს რთული დავალება მომცა, რის სანაცვლოდაც 5 რეალის გადახდა შემომთავაზა. საშიში საქმე იყო, თანაც, ფიზიკური ძალა სჭირდებოდა. დავთანხმდი. ცოტა ხნით დამტოვა და როდესაც დაბრუნდა, თვალებს არ დაუჯერა, ყველაფერი სწორად მქონდა გაკეთებული. არადა, პატარა ბავშვი ვიყავი.

ვულკანიზაცია დილის 7 საათზე იხსნებოდა. დილით ადრე ვდგებოდი, ველოსიპედს მოვახტებოდი და 15 წუთში იქ ვიყავი. როდესაც ველოსიპედი არ მყავდა, ფეხით 40 წუთს ვანდომებდი და უკვე მანქანების რიგი მხვდებოდა.

მთელი დილის განმავლობაში, საბურავებზე ვმუშაობდი და უზარმაზარი ხელსაწყოებს ვიყენებდი. უმეტესად, არავინ მეხმარებოდა. პატარა, გამხდარი ბიჭი ვიყავი, რომელსაც სკოლა სძულდა. სწავლას იქ ყოფნა მერჩივნა. სკოლის დრო რომ მთავრდებოდა, ისევ სამსახურში ვრჩებოდი. შემეძლო, მთელი დღის განმავლობაში მემუშავა. და თუკი მუშაობას მალე დავასრულებდი, 22:00-23:00-მდე სალაპარაკოდ ვრჩებოდი ან დომინოს ვთამაშობდი.

სწორედ ასე დავიწყე ალკოჰოლის მიღება.

ჩვენი მაღაზიის გვერდით ბარი იდგა. 30 მეტრის იქით, ძალიან კარგი კაშასა (პოპულარული ალკოჰოლური სასმელი ბრაზილიაში) იყიდებოდა. 100 მეტრის მოშორებით, ბილიარდს თამაშობდნენ, გვერდით ქუჩაზე კი ცივი ლუდი იყიდებოდა.

საღამოს, ჩემი ყველა თანამშრომელი ბარებში მიდიოდა. მე პატარა ბიჭი ვიყავი, რომელიც იმას აკეთებდა, რასაც სხვები. კაშასა ძალიან მომეწონა და სამუშაო დღეებშიც დავიწყე დალევა, რაც, წლების განმავლობაში, უკვე რუტინად ჩამოყალიბდა. ეს იყო ჩემი გარემო.

16 წლის ასაკში, ჩემმა ჩვევამ უკვე ცუდი ფორმა მიიღო. ხანდახან, ფულის ნაცვლად, კლიენტები ბარში სასმელს მიტოვებდნენ. რა უნდა მექნა? მივდიოდი ბარში და ვსვამდი.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, დალევის უფრო მეტ მიზეზს ვპოულობდი. ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა. თუ კარგად არ დამაკვირდებოდით, ვერაფერს შეატყობდით. მაგრამ მე ვამჩნევდი. და ისეთი განცდა მქონდა, რომ ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვიზამდი.

იმ ყასაბთან ჩხუბის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. გადავწყვიტე, რომ საქმისთვის მიმეხედა და შევხვედროდი ადამიანს, რომელსაც ყველა "მასტერ ნინძას" ეძახდა.

ჩემს სახლთან ახლოს, პატარა ხის შენობაში ავარჯიშებდა ბიჭებს. მე კი 18 წლის ვიყავი და ძალა უფრო და უფრო მემატებოდა. ერთმა უფროსმა კაცმა შემაგინა და მაგრად მივბეგვე, ამიტომაც ვიფიქრე, რომ მასტერ ნინძასთან უნდა მივსულიყავი. ჩვენი პირველი საუბარი ასე წარიმართა:

- ნინძა, მინდა, რომ ისე ვიჩხუბო, როგორც ფილმებში ხდება. შეგიძლია მასწავლო?

- არა.

- რატომ?

- შენ ჩხუბი კი არა, ვარჯიში გინდა.

- არა, მე ჩხუბი მინდა!

თავი ნელა გააქნია და თვალი თვალში გამისწორა.

"იმ ბიჭებს ხედავ?" - რინგისკენ მიმითითა. "ვარჯიშობენ, შრომობენ. სურთ, რომ იყვნენ ძალიან მაგრები, საუკეთესოები. ამიტომაც ვარჯიშობენ. სწავლობენ იმას, თუ როგორ იბრძოლონ რინგზე".

წარმოდგენაც არ მქონდა, რაზე ლაპარაკობდა. უბრალოდ, ბრძოლა და ჩხუბი მინდოდა. მითხრა, რომ 300 დღეში ტურნირი უნდა გამართულიყო. და კიდევ ერთხელ მიმითითა ბიჭებზე - სწორედ იმ ტურნირისთვის ემზადებიანო.

ვუთხარი, რომ ტურნირზე მონაწილეობა მსურდა, ის კი იმეორებდა, რომ ვარჯიშის გარეშე, ტურნირზე ფეხსაც ვერ შევადგამდი. თანხა გადავუხადე, რომ 30 დღით ჩემი მწვრთნელი ყოფილიყო და სავარჯიშოდ სპეციალური შორტი და მაისურიც შევიძინე. 30 დღის განმავლობაში, ყოველდღე მივდიოდი და ყველაფერს ვუჯერებდი. 1 თვის შემდეგ, სან პაულოში გამართულ ტურნირზე შევხვდი ტიპს, რომელსაც ყველა იცნობდა და რომელიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში ვარჯიშობდა.

ეს იყო ტურნირის დასკვნითი ბრძოლა. ჩვენი დარბაზიდან ყველა დამარცხდა...

ყველა, ჩემს გარდა.

იმ დღეს, გამარჯვების ნიშნად, მსაჯმა ჩემი ხელი მაღლა ასწია.

თავს მეფედ ვგრძნობდი.

თუმცა დილით, როდესაც გავიღვიძე, მეგონა, რომ ვკვდებოდი. იმ ტიპმა მაგრად გამლახა. ფეხები, ხელები - ყველაფერი მტკიოდა. გავიმარჯვე, მაგრამ დიდი ტკივილის ფასად.

...და ბრძოლას თავი დავანებე.

არა, მადლობა. ეს ჩემი საქმე არაა, ყველაფერი საკმარისად ვნახე.

ვივარჯიშე, ვიბრძოლე, გავიმარჯვე... და კარიერას თავი დავანებე.

ერთ ბრძოლაში.

დასასრული.



მომდევნო 3 წლის განმავლობაში, დალევის გარდა არაფერი მიკეთებია.

სპორტით საერთოდ არ დავკავებულვარ. არც ვვარჯიშობდი. მხოლოდ ვსვამდი. 3 წელი, გადაბმულად.

რაღაც ეტაპზე, შევშინდი, რადგან შევატყვე, რომ ჩემს ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ბუნებით, დისციპლინირებული ადამიანი ვარ, ეს ჩემი ნაწილია. მაგრამ ამდენი სასმლის გამო, ყველგან ვაგვიანებდი. ისეთი შეცდომების დაშვება დავიწყე, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე არ ხდებოდა და ეს ძალიან მაწუხებდა.

ამდენი წლის შემდეგ, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა მეკეთებინა მომავალში. რაღაც მიზეზით, კვლავ სპორტში დაბრუნება გადავწყვიტე. ჩემი მიზანი ფულის შოვნა ან სამსახურის პოვნა არ გახლდათ. ჩემი ცხოვრება ისე უნდა შემეცვალა, რომ სმა შემეწყვიტა.

ნინძასთან შესახვედრად ახალ, გაცილებით უფრო მოზრდილ სავარჯიშო დარბაზში წავედი. მახსოვს, სპარინგის დღე იყო. ორი მებრძოლი ვარჯიშობდა მათთან რინგზე დადგომა ვითხოვე. ნინძამ მიპასუხა, რომ ამისთვის ვარჯიში იყო საჭირო, მაგრამ სპარინგი მაინც გაიმართა და ორივე დავამარცხე. პირდაპირ ქუჩიდან შევედი და მისი ორი მებრძოლი დავამარცხე. ამას არ ელოდა. ასეთი რამ მითხრა: "წარმოიდგინე, რას შეძლებ, თუ ივარჯიშებ".


შემდეგი კვირიდან, ის ორი ტიპი აღარც დაბრუნებულა. ჩემთან ბრძოლა აღარ უნდოდათ. უბრალოდ, სადღაც გაქრნენ.


"ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო", - მითხრა ნინძამ. "იქ, სადაც შენი არ ეშინიათ. იმ ადამიანთან, რომელიც განვითარებაში ჩემზე მეტად დაგეხმარება". სწორედ ასე შევხვდი ჩემს პირველ ნამდვილ მწვრთნელს, ბელოქვა ვერას (სწორედ მან შემარქვა "პოატანი" და დამეხმარა, რომ ჩემს მშობლიურ ფესვებთან და სულიერ სამყაროსთან კავშირი დამემყარებინა).


როდესაც ბელოქვას დარბაზში მივედი, ნაცნობი სცენარი განმეორდა. იქ ერთი ბიჭი ვარჯიშობდა, რომელიც პაულისტას სამოყვარულო კიკბოქსინგის ტურნირის გამარჯვებული იყო. სატესტოდ, რინგზე მის წინააღმდეგ დავდექი და გაკვეთილიც ჩავუტარე. ჩემზე ტექნიკური იყო, მაგრამ კარგი ბრძოლა გავუმართე. 1 კვირის შემდეგ, იგივე განმეორდა. იმის შემდეგ, დარბაზში აღარ დაბრუნებულა.


მას შემდეგ, ბელოქვამ ჩემზე ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა. მან მომცა შესაძლებლობა, რომ სან პაულოს საუკეთესო სავარჯიშო დარბაზში უფასოდ მევარჯიშა. თავის ცოდნასა და გამოცდილებას მთლიანად მიზიარებდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ნამდვილ მებრძოლად ჩამოვყალიბებულიყავი.

იმ პერიოდში, უწყვეტად ვვარჯიშობდი და კიკბოქსინგს სულ უფრო და უფრო მეტად ვხვეწდი. თუმცა სმა არ შემიწყვეტია. საკმაოდ ბევრს ვსვამდი. ვიცოდი, ჩემს პროგრესს აფერხებდა, საკუთარ თავს გაჩერებისკენაც მოვუწოდებდი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: ამისი გაკეთება გულით არ მსურდა. ჩემი სურვილი იყო, რომ ამ პროცესის მართვის სადავე ხელში მქონოდა. ხომ გესმით, რასაც ვგულისხმობ?

სმაზე უარის თქმა 3-ჯერ ვცადე. პირველად, ვთქვი, რომ 30 დღის მანძილზე არ დავლევდი. შევძელი კიდეც. რაღაც მხრივ, თავი დავარწმუნე, რომ ალკოჰოლის კონტროლი შემეძლო. თუმცა ამან სიტუაცია გააუარესა. 30-ე დღეს, ისე დავლიე, როგორც არასდროს. გაცილებით მეტი, ვიდრე ადრე. 1 წლის შემდეგ, ვთქვი: 3 თვის განმავლობაში აღარ დავლევ! და კვლავ შევძელი. თუმცა წინა შემთხვევის მსგავსად, 3 თვის შემდეგ, "დანაკარგი" 1 დღეში სრულად ავანაზღაურე.

პარალელურად, ვვარჯიშობდი და უკეთეს მებრძოლად ჩამოყალიბებას ვცდილობდი. თუმცა სმის პრობლემა უფრო და უფრო მეტად მწვავდებოდა. რაღაც მომენტში, ვთქვი: "6 თვის მანძილზე აღარ დავლევ"! და 6 თვის შემდეგ, ისევ იგივე მოხდა.

იმ პერიოდში, სამოყვარულო ტურნირები უკვე მოგებული მქონდა. ყველას ვამარცხებდი და სახელს ვიხვეჭდი. თუმცა 6-თვიანი პაუზის შემდეგ, როდესაც სმას ისევ მივუბრუნდი, ჯეისონ ვილნისმა სან პაულოში დამამარცხა.

25 წლის ვიყავი. ძალიან ძლიერი მებრძოლი. თუმცა წაგებული ბრძოლის შემდეგ გავიაზრე, რომ ალკოჰოლზე უარს თუ არ ვიტყოდი, კიდევ დავმარცხდებოდი.

მძულს მარცხი.

და მძულს, როდესაც სიტუაციას ვერ ვაკონტროლებ.

სმაზე საბოლოო უარი 26 წლის ასაკში ვთქვი.

წამლები არ მიმიღია, გამაჯანსაღებელ ცენტრში არ წავსულვარ, ფსიქოლოგთან ხანგრძლივი საუბრებიც არ მქონია.

ამისთვის ბევრი ვიშრომე. ჩემს თავზე ვმუშაობდი. ძალიან რთული იყო.

თუმცა, მცდელობაში მყოფი, ვიაზრებდი, რომ მარტო მყოფი ამას ვერ შევძლებდი.

იცით, რამ შემაძლებინა?

ადამიანებმა, რომლებსაც ვუყვარდი. სურვილმა, რომ მათ ჩემით ეამაყათ.

მახსენდება, ყოველ ჯერზე, როდესაც სმაზე უარს ვამბობდი, დედასთან მივდიოდი და ვეუბნებოდი, რომ მიზანს მივაღწიე.

"დედა, მე ეს შევძელი!"

"დედა, 6 თვე გავიდა! წარმოგიდგენია?? დალევას თავი დავანებე"!!

მესამე ჯერზე, მისი პასუხი ისარივით მომხვდა. თვალი თვალში გამისწორა და თქვა:

"ასეთი რამ სხვა დროსაც გითქვამს".

გული შუაზე გამეხლიჩა.

ვატყობდი, რომ ჩემი არ სჯეროდა. მის უნდობლობას ვერ ვეგუებოდი.

მსურდა, საქმეს სერიოზულად მივდგომოდი და სიტუაცია ჩემს კონტროლქვეშ ყოფილიყო. დედას ჩემი სიტყვის უნდა ერწმუნა. მისმა სიტყვებმა სრული ძალისხმევისკენ მიბიძგა.

გარეთ გავდიოდი, მეგობრებთან ერთად დროს ვატარებდი. ის კი ხედავდა, რომ სმას თავი დავანებე, რომ ყველაფერი ისევ ისე აღარ იყო. ამას მეგობრები და ოჯახის სხვა წევრებიც ამჩნევდნენ - ადამიანები, რომლებიც ჩემზე დარდობდნენ. “ალექსმა სმა მართლა შეწყვიტა”? “მგონი ალექსმა ცხოვრების ახალი გზა აირჩია”.

იმის გააზრება, რომ ადამიანებს ჩემი კვლავ სჯეროდათ, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. მომინდა, რომ ნათქვამის შესრულება არ შემეწყვიტა. ამან პასუხისმგებლობიანი გამხადა.

ვეღარ დავუშვებდი, რომ ვინმეს დედაჩემისთვის კითხვა დაესვა, მას კი ეპასუხა: “ჰო, ალექსი… ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა”.

მეშინოდა, რომ ჩემი ხალხი კვლავ არ დამეღალატებინა. ამას კიდევ ერთხელ ვერ დავუშვებდი. სმა შევწყვიტე.


ახლა კი, აქ ვართ, 11 წლის შემდეგ.

დარწმუნებით გეტყვით: იმავე გზაზე რომ დავრჩენილიყავი, დღეს აქ არ ვიქნებოდი.

ცოტა ხანი კრივი, შემდეგ კიკბოქსინგი, MMA, UFC… ეს უკვე სხვა რამე, 10 დონით მაღლა ადის. შემეძლო, ისევ ბევრი დამელია, კრივში ან კიკბოქსინგში დავრჩენილიყავი და მაინც, ბევრი ბრძოლა მომეგო. არ უნდა მექნა, მაგრამ შემეძლო.

მაგრამ UFC-ის დონეზე ასპარეზობა შეუძლებელი იქნებოდა. აქ თითოეული მებრძოლი ძალიან მაგარია. თუკი მიზანზე ორიენტირებული არ ხარ და დისციპლინას არ იცავ, აუცილებლად დაშავდები. შეიძლება უარესიც მოხდეს.

ხანდახან, ვერც ვიჯერებ, რომ ამას მართლა ვაკეთებთ. გესმით, რას ვგულისხმობ? რთული აღსაწერია, მაგრამ ხანდახან, ვუყურებ ოქტაგონისკენ მიმავალ მებრძოლებს და ვფიქრობ: რა ჯანდაბას აკეთებენ? გიჟები არიან, ერთმანეთს დახოცავენ. ასეთ მომენტში, თითქოს ზემოდან დავცქერი მოვლენებს, ბუზივით დავფრინავ და ვხედავ ყველაფერს. მაგრამ შემდეგ დედამიწაზე ვეშვები და ვხვდები, რომ...

ეს მე თვითონ ვარ.

ის ადამიანი, რომელზეც ლაპარაკობდი, ეგ ადამიანიც შენ ხარ.

როდესაც კიკბოქსინგიდან MMA-ში გადავინაცვლე, მივხვდი, რომ სულ ეს უკვე სულ სხვა დონე იყო. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ადესანიასი ბევრი რამ მმართებს. რა გითხრათ… ღმერთმა დალოცოს.

UFC-მდე, სანამ ჩემპიონი გახდებოდა, კიკბოქსინგში ვასპარეზობდით. ძალიან კარგი მებრძოლი იყო, გამორჩეული უნარები ჰქონდა. ერთმანეთს 2-ჯერ შევხვდით და ორივეჯერ დავამარცხე: 2016-ში, ჩინეთში და 2017-ში, სან პაულოში, ნოკაუტით.

იმ პერიოდში, ვერც ვიაზრებდი, რომ ასეთ სიმაღლეს მიაღწევდა. უბრალოდ, ვიცოდი, რომ დამარცხებული მყავდა. 3 წლის შემდეგ, როდესაც UFC-სთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი, ადესანია უკვე ჩემპიონი იყო საშუალო წონის კატეგორიაში. ვიდეო ჩაწერა, სადაც ჩემზე საუბრობდა, სადაც თქვა, რომ მე არავინ ვარ. თითქოს, მე ვარ ბარში ჩამომდგარი ვიღაც ტიპი, რომელიც კიკბოქსინგის ძველ მიღწევებს იხსენებს, რაც ჩემი მაქსიმუმია.

იმ ვიდეომ ჩემში ცეცხლი დაანთო.

ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. მაშინ არ ვიცოდი, რომ UFC-ში ბევრ გამარჯვებას მივაღწევდი და რომ ჩემპიონი გავხდებოდი. მაგრამ დაზუსტებით ვიცოდი: ადესანიას დახასიათებული ადამიანი არასოდეს გავხდებოდი.

მისმა სიტყვებმა UFC-ში ჩემი წარმატება უფრო რეალური გახადა. ვიდეოს პოპულარობამ განაპირობა ის, რომ ადამიანებს მართლა გაეგოთ, თუ ვინ ვიყავი. 

კიბეზე ასვლა უფრო სწრაფად დავიწყე და მივხვდი, რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდებოდი.

ვიცოდი, რომ მქონდა ის, რაც გამარჯვებამდე მიმიყვანდა. გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ფიზიკურ ძალა ან სისწრაფე: ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ჩემი ჩემპიონობა იმანაც განაპირობა, რომ ჩემში იგივე შიში ცხოვრობს, რომელიც ბავშვობიდან თანაარსებობდა. ეს არ იყო სიბნელის შიში: იმ სიტუაციას ვუფრთხოდი, რომლის კონტროლსაც ვერ შევძლებდი.

მეშინია, ოქტაგონზე ვინმემ მაგრად არ დამარტყას. და მჯერა, რომ ეს შიში ჩემი მეგობარია.

ეს კი იმიტომ, რომ შიშის დროს, ენერგიას გრძნობ, ფოკუსირებული ხარ და მოულოდნელობისგან შოკში არ ვარდები.

მეორე მხრივ, დარტყმის თუ არ გეშინიათ, დარწმუნებით გეტყვით: მაგრად მოგხვდებათ.

ძალიან მეშინია ნოკაუტის. ამისი თქმა გულახდილად შემიძლია. ეს სიმართლეა და თუ გინდათ, იცინეთ.

მაგრამ იცით, რა არის მთავარაი? ვიცი, როგორ ვაკონტროლო ჩემი შიში.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კონტროლია. 

ზოგიერთი ადამიანი შიშის დროს პანიკაში ვარდება და შეგრძნებებს კარგავს. ძალიან საშიშია. ამან შეიძლება მდგომარეობა გააუარესოს. მე პირიქით ვარ: ჩემს სხეულსა და გონებას საკმარისად კარგად ვიცნობ იმისთვის, რომ ჩემში არსებულ შიშს ნორმალური ვუწოდო და წარმატების მიღწევაში დავიხმარო. ის მაძლევს საშუალებას, რომ თავი კარგად დავიცვა, რომ უკეთ ვკონცენტრირდე და სიტუაცია ვმართო.

ასეთი რამ მოხდა გასულ წელს, როდესაც ჯამალ ჰილს დავუპირისპირდი. როდესაც მისი დარტყმა ხელით დავბლოკე და მსაჯმა გაჩერებისკენ მოგვიწოდა, მისი ხელისკენ არც კი გამიხედია.

რისკზე წასვლა არ მინდოდა. გვერდით რომ გამეხედა, პოტენციურად, ჩემს თავს საფრთხეში ჩავაგდებდი და მეტოქეს რაღაც მოულოდნელის გაკეთების საშუალებას მივცემდი.

შევამჩნიე, რომ ჰერბი ჩვენს გაჩერებას აპირებდა, მაგრამ მე ეს არ მინდოდა. ხელი ძალიან არ მიტკენია, გაჩერება და აღდგენა არ მჭირდებოდა. რატომ უნდა გავჩერებულიყავით? მე ხომ ჩემი სტრატეგია მქონდა და სიტუაციას ვაკონტროლებდი. ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და მეტოქეს წნეხში ვამყოფებდი.

ეს მდგომარეობა ხელიდან რატომ უნდა გამეშვა?

რატომ უნდა მიმეცა საშუალება ჩემი მეტოქესთვის, რომ დაესვენა და დაფიქრებულიყო? ასეთ შემთხვევაში, კონტროლს ის მოიპოვებდა.

გმადლობთ, არ მინდა.

ჯამალის დანოკაუტების მიზეზი ჩემი სიძლიერე არ გახლავთ. არც რაიმე არამიწიერი დამხმარებია, ვუდუს თოჯინა ან რაიმე ენერგია (მსგავს რაღაცებს ჩემზე ამბობენ) - ჩემი შიშის, ჩემი კონცენტრაციის და კონტროლის არდაკარგვის სურვილის შედეგად გავიმარჯვე.

ეს მაძლევს საშუალებას, ვაკეთეთო ის, რასაც ამ დონეზე ვაკეთებ.


ამდენი წლის შემდეგ, სიგიჟეა იმის გააზრება, თუ სადამდე მოვაღწიე ბავშვობის შემდეგ. სან ბერნარდუში მყოფი პატარა სახლი, ბარები და კარგი კაშასა, მასტერ ნინძა და ა.შ. გამოდის, რომ 20 წლის წინ ფეხბურთი რომ არ მეთამაშა, შეიძლება UFC-ის მებრძოლი და მსოფლიო ჩემპიონი არც კი ვყოფილიყავი.

ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ ბიჭებს იმ მატჩში რომ არ დავმატებოდი, დღეს ისევ ვულკანიზაციაში ვიმუშავებდი.

სასაცილო ამბავს მოგიყვებით. რამდენიმე წლის წინ, UFC-ში პირველი ნაბიჯებიდან მალევე, სახლში დავბრუნდი და ვულკანიზაციას მივაკითხე. მინდოდა, ხალხი მენახა და ძველი მოგონებები გაგვეხსენებინა. მოკლედ, ვზივარ, მათთან ერთად ძველ ამბებს ვიხსენებ, ბიჭებთან ერთად ვლაზღანდარობ და ამ დროს, ვიღაცამ მოტოციკლეტი შემოაყენა.

ვიღაც მოკლე შორტებიანი ტიპი გადმოვიდა, რომელსაც თავზე ჩაფხუტი ეფარა და ტანზე მომდგარი მაისური ეცვა. ჰაერის ტუმბო აიღო და საბურავის დაბერვა დაიწყო.

თავიდან, არაფერი გვიფიქრია.

მაგრამ მერე, ვუყურებ ამ ტიპს და… რაღაც მიზეზის გამო, რამდენჯერმე გავხედე. ვაკვირდები, აშკარად ნაცნობი სახე აქვს, მაგრამ ვერ ვიხსენებ, საიდან ვიცნობ. რამდენჯერმე გავხედე, თვალები მოვჭუტე - მისი ვინაობის გახსენებას ვცდილობდი.

იმდენჯერ გავხედე, რომ ცხადია, მანაც შემომხედა.

კინოს სცენას ჰგავდა: გავხედავდი, გამოიხედებოდა, გავიხედებოდი და ა.შ.

ჭკუიდან შევიშალე: ვინ არის ეს ტიპი? საიდანღაც ვიცნობ. ვინ არის?!?!

და უცებ…

ის ნაბიჭვარი ყასაბი!

ჰაჰაჰაჰაჰაჰ.

კიდევ ერთხელ გავხედე, რომ დავრწმუნებულიყავი და კი, ეგ იყო. ეგ ნაბიჭვარი, რომელმაც 20 წლის წინ, ფეხბურთის თამაშისას მუშტი გამომტყუა. მე რომ თამაში არ მინდოდა, იმ მატჩს ვგულისხმობ. ნამდვილად ის იყო.

ერთი წამით გავიფიქრე: “ახლა რა ვქნა”? მერე მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა. მშვიდად მივედი მასთან და პანღური ამოვარტყი.

ვიხუმრე, ჰაჰაჰაჰაჰაჰ.

არა, უბრალოდ მივედი და ვუთხარი: “ბოდიში, ალბათ უცნაურად ჟღერს, მაგრამ შენ მგონი ის ტიპი ხარ, რომელსაც 20 წლის წინ სახეში შემოვარტყი”.

ცოტა ხნით, გაჩუმებული მიყურებდა, მერე თავი გვერდზე გადახარა, თვალებში შემომხედა და მიპასუხა…

“კი, მგონი ეგ ვარ. მგონი ის ტიპი ვარ, რომელმაც თავადაც შემოგარტყა”. 

მაგრად გამეცინა მის სიტყვებზე. იმასაც გაეცინა. ძალიან მაგარი მომენტი იყო. არანაირი დაძაბულობა. თავს ვაქნევდით და ერთად ვიცინოდით.

სანამ წავიდოდა, ვუთხარი: “დიდი მადლობა”.

არავინ იცის, გამიგო თუ არა. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ იმ ტიპს, სხვების თანდასწრებით, მადლობას გადავუხდიდი. მაგრამ ის რომ არ ყოფილიყო… ვინ იცის, დღეს სად ვიქნებოდი. ასე რომ, ხომ გესმით, ღმერთმა დალოცოს ის ყასაბი.

Chama!

ალექსი.

სხვა სტატიები