Belive

აბუბაქარისა და ჩიმაევის დაპირისპირება | მებრძოლები მალევე შერიგდნენ | VIDEO

1 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC 280-ზე ჩარლზ ოლივეირასა და ისმალ მახაჩევის ბრძოლის დასრულების შემდეგ, ერთმანეთს ხამზატ ჩიმაევი და აბუბაქარ ნურმაგომედოვი ხელით შეეხნენ.

მათი დაპირისპირება 2021 წელს დაიწყო, როდესაც ხამზატმა აბუბაქარის ბიძაშვილის, ხაბიბ ნურმაგომედოვის, მიმართ მუქარის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. მისი გამოქვეყნების შემდეგ, აბუბაქარმა ვრცელი წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ჩიმაევი ფრთხილად უნდა ყოფილიყო, როცა მისი ბიძაშვილის სახელს ახსენებდა. სწორედ ამ ყველაფერმა გამოიწვია შაბათს ორი კავკასიელის დაპირისპირება. საქმეში ჩარევა ადგილზე მყოფ დაცვას მოუწია, რომელმაც სიტუაცია მალევე განმუხტა.

როგორც ჩანს, მებრძოლები მალევე შერიგდნენ, რასაც ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოები ადასტურებს.

„პატარა გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც პირადად ჩემსა და ხამზატს შორის მოხდა . ამის შემდეგ მას ძმობის წრეში შევხვდით, სადაც უფროსებმა შეგვკრიბეს. ხამზატი ჩემი ძმაა. მას ყოველთვის ვუსურვებ ჯანმრთელობას და წარმატებას. გთხოვთ, ძმებო, არ ააგოროთ ჭორები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრა სასარგებლო იქნება." - განაცხადა აბუბაქარ ნურმაგომედოვმა.

გარდა ამისა, რამზან კადიროვმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის ვიდეო ზარით ჩიმაევსა და ნურმაგომედოვს ესუბრება. პოსტს თან დართული აქვს ტექსტი, სადაც წერია, რომ ეს მებრძოლები სწორედ მან შეარიგა.

აღსანიშნავია, რომ აბუბაქარმა შაბათს გაჯი ომარგაჯიევის წინააღმდეგ იბრძოლა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა. UFC 280-ზე ხაბიბ ნურმაგომედოვი მწვრთნელის რანგში მოგვევლინა და მისმა მოსწავლეებმაც საკუთარი თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს.

სხვა სტატიები