Belive

"მინდა ჩემპიონი გავხდე და ჩემი სამშობლო მსოფლიოს გავაცნო" - ნიკოლოზ ბარელაძე

2 დღის წინ სხვა
1 წთ

ჩვენი რუბრიკის "ახალი თაობა" დღევანდელი რესპონდენტი, MMA-ის ქართველი მებრძოლი, 18 წლის ნიკოლოზ ბარელაძეა. ის უკვე რამდენიმე წელია რაც აშშ-ში ცხოვრობს და ამ ეტაპზე, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ ტურნირებზე ასპარეზობს.

ნიკოლოზს გრეპლინგის ტურნირები აქვს მოგებული და გასულ წელს კრივშიც მოსინჯა საკუთარი ძალები, სადაც პირველივე ბრძოლაში შეძლო გამარჯვება. 18 წლის მებრძოლი Marquez Mixed Martial Arts-ის დარბაზის წევრია, სადაც იცო ბაბულაიძე და UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, შონ ბრედი ვარჯიშობენ.

Marquez-ში სახელოვანი მებრძოლების გვერდით მიღებულ ცოდნას ნიკოლოზი ამჯერად MMA-ის სადებიუტო ბრძოლაში გამოიყენებს - 7 ნოემბერს, ატლანტიკ სითიში, Cage Fury 5-ის ივენთზე ნიკოლოზ ბარელაძე შონ იანგს დაუპირისპირდება და რვაკუთხედში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ნიკოლოზს მოსამზადებელი ეტაპის, საბრძოლო გეგმისა და სამომავლო მიზნების შესახებ ვესაუბრეთ.

2021 წელს, ამერიკაში ჩამოსვლისთანავე დავინტერესდი ამ სპორტით. ჩემი ნათესავი, ალექსი, 20 წელი ჭიდაობდა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ვარჯიში დამეწყო. თავიდან ფეხს ვითრევდი, შემდეგ მოჭიდავეები გავიცანი და მათ ვარჯიშებს, რომ ვუყურებდი უფრო დავინტერესდი. ნელ-ნელა ვარჯიში დავიწყე, 1 წლის შემდეგ ტურნირზე გავედი, ვიჭიდავე და პირველმა მოგებამ მომცა ის დიდი მოტივაცია, რომ კიდევ უფრო აქტიურად გამეგრძელებინა ვარჯიში.

ბრძოლისთვის მზადება ძალიან კარგად მიდის. საუკეთესო ფორმაში ვარ, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ. დღეში 2-3 ჯერ ვვარჯიშობ პროფესიონალ მებრძოლებთან ერთად და ეს ძალიან მეხმარება. ერთი თვეა ვემზადები და თითქმის ამდენივე კიდევ დარჩა - ყოველდღე ვვითარდები და ახალ რაღაცებს ვსწავლობ, რაც მეხმარება, რომ უფრო ძლიერი გავხდე. ჩემი მთავარი კოზირი ამ დაპირისპირებაში კრივია. მოწინააღმდეგე უფრო მოჭიდავეა და ვგეგმავ, რომ პარტერში არ ჩავყვე. კრივის უპირატესობას გამოვიყენებ და ხელებით ვიჩხუბებ. როგორც ვთქვი, უფრო კრივი და ბრძოლა ხელებში მინდა, რათა ვაჩვენო რა შემიძლია, მაგრამ პარტერშიც თუ მოგვიწია გადასვლა, იქაც დიდი არსენალი მაქვს. მოწინააღმდეგეს დიდ წინააღმდეგობას გავუწევ, რადგან ჩემი სპორტში მოღვაწეობა BJJ ით დაიწყო და ვფიქრობ BJJ უფრო კარგად ვიცი, თუმცა ამ ბრძოლას ხელებში წავიყვან და ყველანაირად ვეცდები რომ არ ჩავყვე ქვევით. -
რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ძალიან მაღალია, მაგრამ მოტივაციას
ისიც მიზრდის, რომ ამ სცენაზე ჩემი დარბაზის წევრებს, ჩემ მეგობრებს უბრძოლიათ და რომ ვუყურებდი მათ ბრძოლებს მეც მინდოდა აქ გამოსვლა. არ ველოდებოდი ასეთ სწრაფ დებიუტს CFFC-ში. ეს რომ გავიგე ძალიან გამიხარდა - ასე რომ, ორივე თანაბრად არის, ნერვიულობაც და მოტივაციაც.

ჩემი მიზანია, რომ ჯერ ამ ორგანიზაციაში გავხდე ჩემპიონი, ქამარი ავიღო შემდეგ კიდევ უფრო წინ წავიდე. MMA-ის ყველა მებრძოლის საბოლოო მიზანი UFC არის - ასევე ჩემიც. მინდა რომ UFC-ის ჩემპიონი გავხდე, მსოფლიომ გამიცნოს და მსოფლიოს გავაცნო ჩემი საქართველო.

იცო ბაბულაიძეს ძალიან კარგად ვიცნობ - ყოველდღე გვაქვს კონტაქტი და რაიმე რომ მაინტერესებს სულ ვეკითხები. გინდ ჭიდაობაში, გინდ სტრაიკინგში და ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს მისგან ბევრი რამ მაქ ნასწავლი. თავდაჯერებას ისიც მმატებს, რომ რასაც UFC-ის ტოპ მებრძოლები აკეთებენ, რა ვარჯიშებსაც ისინი გადიან, იგივეს ვაკეთებ მეც. ამ დარბაზში ძალიან დატვირთული ვარჯიშებია და ეს კიდევ ცალკე მოტივაციაც არის.

ჩემი პირველი გამოსვლით მინდა ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია. გულშემატკივრებს პირველ რიგში უდიდეს მადლობას ვუხდი და რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვპირდები.
- ნიკოლოზ ბარელაძე.

როგორც აღვნიშნეთ, ნიკოლოზის სადებიუტო ბრძოლა MMA-ში 7 ნოემბერს, ატლანტიკ სითიში, Cage Fury 5-ის ივენთზე შედგება, სადაც შონ იანგს დაუპირისპირდება და რვაკუთხედში პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

belive-ის გუნდი "ახალი თაობის" მებრძოლს წარმატებასა და ტიტულოვან კარიერას ვუსურვებთ.