Belive

5 დაუვიწყარი მატჩი: გიორგი ნაზარიშვილი

3 წლის წინ სხვა
3 წთ
საფეხბურთო ცხოვრების განახელებამდე და სპორტულად აქტიური უქმეების დაბრუნებამდე, საფეხბურთო კლასიკის გადამეორებას გთავაზობთ. ჩვენს რუბრიკაში "5 დაუვიწყარი მატჩი" ისეთ შეხვედრებს შეგახსნებთ, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივრის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ამჯერად, თავის არჩევანს მსახიობი, გიორგი ნაზარიშვილი გაგვიზიარებს.

ჰოლანდია-არგენტინა 2:1 (1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი)

ბერგკამპის გოლი შედევრი. უკვე ცოტათი ვიწყებდი ფეხბურთში გარკვევას და ძალიან მომეწონა ეს გოლი. ასე მაგრად ძალიან ცოტა გოლზე მიყვირია. ცოტა ვიტირე კიდეც როგორც მახსოვს... უფრო შემაყვარა მაგ გოლმა ჰოლანდიის ნაკრები.

მილანი-ლივერპული 3:3 (პენ. 2:3) (2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი)

ამ მატჩზე ვერაფერს ვიტყვი. ესაა ფეხბურთი, ფეხბურთში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სანამ მსაჯი არ დაამთავრებს თამაშს. ასეთი შეხვედრების გამო გვიყვარს სპორტის ეს სახეობა.

ბარსელონა-სევილია 5:4 (2015 წლის სუპერთასის ფინალი)

მახსოვს ამ მატჩის ბილეთების საშოვნელად თბილისში ისეთი ამბები ხდებოდა, ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე საერთოდ არ წავსულიყავი. მატჩის დღეს, 2 საათით ადრე, "ფორმულა კრეატივის" Facebook-ის ჯგუფში დაპოსტა საღინამ (ირაკლი საღინაძემ) ერთი ბილეთი მაქვსო და ვუთხარი წავედით მეთქი. მესი ვნახე, ცოცხალი, ნამდვილი მესი... თამაშიც მაგარი იყო - 5:4. ცხადია, მესიმ გამაოცა, მაგრამ ინიესტას ყურებამ საერთოდ გამაგიჟა, მე არ მინახავს სხვა ფეხბურთელი, რომელიც თამაშს ასე აკონტროლებს და მართავს. ამ მატჩის მერე მივხვდი, რომ აქამდე ნამდვილი ფეხბურთი ნანახი არ მქონდა. არადა, ბევრ ქვეყანაში ასეთი კლასის მატჩებს კვირაში ერთხელ უყურებენ, მაგრამ ჩვენ?...

საქართველო-რუსეთი 1:0 (2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი)

საქართველოს ნაკრების რამდენიმე მატჩი მახსენდება (ბულგარეთთან, ხორვატიასთან უელსთან, პოლონეთთან, შოტლანდიასთანაც მაგრად ვითამაშეთ) მაგრამ რუსეთთან ასათიანის გოლი და მერე ზარზეიმი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არ დამავიწყდება. დასამახსოვრებელი დღე იყო და ყველას უხაროდა. ასეთი გახარებული ქართველი გულშემატკივარი მე ყოველშემთხვევაში არ მინახავს (81 წლის 13 მაისს არ ვიყავი დაბადებული). მოკლედ, ნამატჩევს, კარგი საფეხბურთო ზეიმი გამოვიდა.

ესპანეთი-ჰოლანდია 1:0 (2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი)

მაშინ პირველად ვუყურებდი საყვარელი ნაკრების თამაშს ფინალში. მაღალი დონის ფეხბურთი და მაღალი დონის იმედგაცრუება ჩემთვის. ახლაც მგონია, რობენს რომ იმ ეპიზოდში გაეტანა, ყველაფერი ჰოლანდიის სასიკეთოდ დამთავრდებოდა. კარგი მაგალითია ფეხბურთისთვისაც და ზოგადადაც ცხოვრებაშიც. ასეთი შანსი უნდა გამოიყენო, მეტი ალბათ აღარც მოგეცემა. ჰოდა, აღარც მიეცა რობენს მსგავსი შანსი და ახლა სახლში ვერცხლის მედალი უკიდია...

სხვა სტატიები