Belive

"26 გოლი გავიტანე, მაგრამ მათ კაკა და ბენზემა მოიყავნეს" - იგუაინმა რეალში გატარებული პერიოდი გაიხსენა 

2 წლის წინ სხვა
2 წთ
ვეტერანმა არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, რომელიც ამჟამად MLS-ის ბინადარ მაიამის "ინტერის" წევრია, მადრიდის "რეალში" გატარებული პერიოდი და თავდასხმის ხაზში არსებული კონკურენცია გაიხსენა.
"ბენზემასთან ერთად ეს ძალიან ჯანსაღი კონკურენცია იყო. ასეთ დროს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთო. კრიშტიანუს გუნდში მოსვლის შემდეგ, მან 27 გოლი გაიტანა, მე კი - 26. მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მათ კაკა და ბენზემა დაიმატეს, სწორედ მაშინ ვთქვი - რამდენი გოლი უნდა გავიტანო? ქარიმი მოვიდა და ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციის მიზნით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინეთ. ის უზარმაზარი შესაძლებლობების მქონე 9 ნომერია", - თქვა 33 წლის ფორვარდმა. მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალისტმა ფეხბურთელმა ასევე "სამეფო კლუბში" მის მიერ გატარებულ პირველ პერიოდზე და 18 წლის ასაკში პერსპექტივებზე ისაუბრა: "მე "რეალის" მთავარ გუნდში სათამაშოდ არ მივდიოდი. მათ ჩემი კონტრაქტი შეიძინეს კასტილიისთვის, საიდანაც არსებობდა განათხოვრების შესაძლებლობა. თვითმფრინავში მამაჩემმა მითხრა: "ერთადერთი, რასაც მე გთხოვ, არის ის, რომ არ შეგეშინდეს. არასოდეს შეგეშინდეს, მაგრამ იყავი პატივისცემით" - და ეს ფრაზა ჩემთან დარჩა. ჩამოსვლის შემდეგ, პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, მეორე ვარჯიშზე კი ფაბიო კაპელომ მითხრა - შენ ჩვენთან დარჩები. სამი ან ოთხი დღის შემდეგ ჩემი დებიუტი როგორც კოპა დელ რეიზე ძირითად შემადგენლობაში შედგა. საბოლოოდ მე თამაში მარჯვენა ფლანგზე დავამთავრე". იგუაინმა, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის მიერ დაარსებულ კლუბში ირიცხება, მისი თანამემამულის, ლიონელ მესის კარიერის ბოლოს ამერიკულ კლუბში გადაბარგების შესახებაც გააკეთა კომენტარი: "გამოუვალ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებთ, წარმოდგენა არ მაქვს გადმოვა თუ არა ლიონელ მესი "ინტერ მაიამიში".
"ნაპოლის", ტურინის "იუვენტუსის", "მილანის" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა თავდამსხმელმა "ბლანკოსების" მაისურით 264 შეხვედრაში 121 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ესპანურ გრანდთან ერთად 3-ჯერ ლა ლიგა, 2-ჯერ კოპა დელ რეი და ერთხელ ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები