24 HOURS OF LE MANS | ზიდანი, შუმახერი, ბატონი, ვალენტინო როსი და წლის ყველაზე მასშტაბური სანახაობა
15-16 ივნისს, ავტოსპორტის მოყვარულებმა "ლე მანის" ლეგენდარულ ავტოდრომზე, განსაკუთრებული სანახაობა იხილეს. "24 Hours of Le Mans" ეს არის უჩვეულო და ხანგრძლივი რბოლა, სადაც Hypercar-ები მონაწილეობენ და გამარჯვებულის გამოსავლენად, არა სისწრაფე - არამედ დაფარული დისტანცია და ავტომობილის გამძლეობაა გადამწყვეტი ფაქტორი.
წლის ყველაზე მასშტაბურ და სანახაობრივ ღონისძიებაში, 62 ავტომობილი და 186 პილოტი, სამ სხვადასხვა რბოლით კატეგორიაში იღებდა მონაწილეობას - Hypercar, LM P2 და LMGT3 კატეგორიებში თავბრუდამხვევი რბოლები გაიმართა და ლეგენდარულ ავტოდრომზე შეკრებილმა 250.000 გულშემატკივარმა არაერთი დრამატული მომენტი იხილა.
ლე მანის წლევანდელ 24 საათიან რბოლას განსაკუთრებულ ინტერესს ის გარემოებაც სძენდა, რომ სასტარტო სიგნალი ზინედინ ზიდანმა მისცა. სხვადასხვა კატეგორიებში კი ავტომობილების საჭესთან ისეთი ლეგენდები ისხდნენ, როგორიცაა: ვალენტინო როსი, მიკ შუმახერი, ჯენსონ ბატონი, რომან გროსჟანი და სხვ.
Hypercar კატეგორიაში რბოლის მთავარ ფავორიტად, გერმანული Porsche ითვლებობა, რომელმაც წარსულში ჩემპიონის 19 ტიტული მოიპოვა. კონკურენციას კი ისეთი სახელოვანი ავტომწარმოებლები უწევდნენ, როგორიცაა Audi (13 ტიტული) და Ferrari (10 ტიტული). აღსანიშნავია, რომ Porsche-ს გუნდმა უკანასკნელი ტიტული 2017 წელს მოიპოვა და 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ტრიუმფით დაბრუნებას გეგმავდა, მაგრამ Ferrari-მ პირველობა არავის დაუთმო.
როგორც გითხარით, "24 Hours of Le Mans" არის რბოლა, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად მთავარი ფაქტორი ავტომობილის გამძლეობა და 24 საათის განმავლობაში დაფარული დისტანციაა. 24 საათის განმავლობაში სუპერქარის საჭესთან ჯდომა კი ნებისმიერი მრბოლელისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა, ამიტომ Porsche 919 Hybrid-ს 3 პილოტი ეყოლება. რბოლამ ანალიტიკოსების მოლოდინები გაამართლა და Hypercar-ების კატეგორიაში, მედგარი ბრძოლა Porsche-ს, Ferrari-სა და Toyota-ს შორის გაჩაღდა - სწორედ ამ გუნდების პილოტები აღმოჩნდნენ ლიდერთა სამეულში და რბოლის დასრულებამდე ინტრიგა წამითაც არ შეჩერებულა.
24 საათიანი რბოლის შემდეგ, Hypercar კატეგორიაში, პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე Ferrari-ს პილოტები - ანტონიო ფუკო, მიგელ მოლინა და ნიკლას ნილსენი დადგნენ. მეორე ადგილზე Toyota გავიდა, მესამე პოზიციას კი Ferrari-ს კიდევ ერთი გუნდი დასჯერდა.
LMP2-ის გამარჯვებული United Autosport გახდა, რომლის ბოლიდებსაც ბიჯოი გარგი, ოლივერ ჯარვისი და ნოლან სეგელი მართავდნენ.
LMGT3 კატეგორიის გამარჯვებული Manthey EMA გახდა. გუნდის ბოლიდებს გამოცდილი პილოტები - რიჩარდ ლიტცი, მორის შურინგი და იასერ შაჰინი მართავდნენ.
როგორც ვახსენეთ, წლევანდელ რბოლაში ფორმულა 1-სა Moto GP-ს ვარსკვლავებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებულ ინტერესს ვალენტინო როსი იწვევდა, რომელიც LMGT3 კატეგორიაში BMW-ს ავტომობილს მართავდა. სამწუხაროდ, თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ, ვალენტინო როსი რბოლას ჩაეხსნა. ანალოგიური ბედი გაიზიარეს მიკ შუმახერმა (Hypercar) და ჯენსონ ბატონმა. შუმახერის ბოლიდს ძრავთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.
2024 FIA World Endurance Championship-ის მიმდინარე სეზონში, საერთო ჩათვლას Porsche ლიდერობს. გერმანულმა კონცერნმა იტალიასა და ბელგიაში პოდიუმზე მე-2 ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში 74 ქულა დააგროვა და Hypercar-ის კატეგორიას ერთპიროვნულად ლიდერობს.