Belive

2036 წლის ოლიმპიური თამაშები შესაძლოა კატარში ჩატარდეს

4 თვის წინ სხვა
1 წთ

2036 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები შესაძლოა კატარში ჩატარდეს, არაბთა ოლიმპიური კომიტეტი ტურნირის მასპინძლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) უკვე მართავს. ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდონეზიასთან, თურქეთთან, ინდოეთთან და ჩილესთან, ამ კონკურენციას კი საუდის არაბეთიც შეუერთდა.

კატარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, შეიხ ჯოან ბინ ჰამად ალ ტანიმ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

ამჟამად, ჩვენ გვაქვს თამაშების მასპინძლობისთვის საჭირო სპორტული ინფრასტრუქტურების 95% და გვაქვს ყოვლისმომცველი ეროვნული გეგმა, რათა უზრუნველვყოთ ყველაფრის 100%-ით მზადყოფნა. - შეიხ ჯოან ბინ ჰამად ალ ტანი - კატარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კატარში უკვე გაიმართა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მათ ტურნირი მაღალი ტემპერატურის გამო ისტორიაში პირველად არა ზაფხულში, არამედ ზამთარში ჩაატარეს, დიდი ალბათობით სწორედ ეს თემა იქნება განსახილველი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, შესაძლებელია თუ არა ოლიმპიური თამაშების ზამთარში ჩატარება.

კატარი 2016 და 2020 წლებშიც ცდილობდა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანას, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი მიზანი ჩაიშალა, იმ ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, რომელსაც დღეს სთავაზობენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.