Belive

საბურთალო - სტიაუას შეხვედრას ნორვეგიელი მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული “საბურთალო” ბუქარესტის “სტიაუას” დაუპირისპირდება. აღნიშნული წყვილის პირველ შეხვედრას, რომელიც 21 ივლისს, თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გაიმართოს, ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა უხელმძღვანელებს. მთავარი არბიტრი კაი ერიკ შტეენი იქნება, რომელსაც ქართულ ფეხბურთთან შეხება აქამდეც ჰქონია. 31 წლის მსაჯი, რომელიც თავის ქვეყანაში რანგით ყველაზე მაღალი ლიგის შეხვედრებს 2012 წლიდან უძღვება, 2018 წლის 12 ივლისს, საჩხერის "ჩიხურასა" და "ბეითარ იერუსალიმის" დაპირისპირებაზე მუშაობდა. ის შეხვედრა "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე" გაიმართა და ფრედ - 0:0 დასრულდა, საპასუხო მატჩში კი სოსო ფრუიძის გაწვრთნილმა გუნდმა - 2:1 იმარჯვა და ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. იმ დროისთვის იმერული კლუბის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელი თამაშობდა, რომელიც ამჟამად სწორედ "საბურთალოს" მაისურს ირგებს, საუბარი თბილისელთა კაპიტან ლევან კაკუბავაზეა (საპასუხო შეხვედრაში შორეული დარტყმით გატანილი გოლი სწორედ მის აქტივში იყო). აღნიშნულ შეხვედრაში კაი ერიკ შტეენმა გაფრთხილება ორ ქართველ ფეხბურთელს, ლაშა ჩიკავიძესა და რევაზ ჩიტეიშვილს უჩვენა. რაც შეეხება რუმინულ ფეხბურთთან შეხებას, სკანდინავიელმა არბიტრმა ამ ქვეყნის 17-წლამდე ნაკრების ორ (ფრე ლუქსემბურგთან, გამარჯვება ლიეტუვასთან) და 21-წლამდე ნაკრების ერთ (ფრე ჩრდილოეთ ირლანდიასთან) შეხვედრაზე იმუშავა. “საბურთალოსა” და “სტიაუას” დაპირისპირება 21 ივლისს, “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები