Belive

როგორი გამოდგა ევროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ქართველი ლეგიონერებისთვის?

1 წლის წინ ფეხბურთი
6 წთ
2022/23 წლების ევროპული საკლუბო საფეხბურთო სეზონი ქართული კლუბებისთვის ნაადრევად დასრულდა, თუმცა ქართველი ლეგიონერები საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლას აგრძელებენ.

უეფას ჩემპიონთა ლიგა

აზერბაიჯანულმა "ყარაბახმა" შვეიცარიული "ციურიხი" ორი მატჩის ჯამში - 5:4 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში ჩვენმა მეზობლებმა - 3:2 იმარჯვეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში - 1:2 დამარცხდნენ, დამატებით დროში კი მეტოქეს გამარჯვების გოლი გაუტანეს და მესამე ეტაპის საგზური გაინაღდეს. გამარჯვებული გუნდის რიგებში ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იყო საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი. აზერბაიჯანის მოქმედი ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე, "ფერენცვაროშს" დაუპირისპირდება, უნგრულ კლუბს, რომელმაც ასპარეზობას ქართველების გუნდი გამოთიშა. უნგრეთის მოქმედმა ჩემპიონმა მეორე ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი ბრატისლავის "სლოვანი" ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში გოლი გურამ კაშიამ გაიტანა, გიორგი ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი მიითვალა, როგორც საწყის, ისე საპასუხო შეხვედრაში ამ ორივე ქართველთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავაც იყო. სლოვაკეთის ჩემპიონები უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვებიან და მათი მეტოქე ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. https://www.live.ge/fexburti/guram-kashiam-pherentsvaroshs-gautana-video/ https://www.live.ge/fexburti/chakvetadzis-pasi-da-barsegianis-goli-pherentsvaroshis-karshi-video/ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გაგი მარგველაშვილის "შკუპი" გამოდიოდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ზაგრების "დინამოსთან" ფრედ - 2:2 ითამაშა, საპასუხო მატჩში კი, რომელიც შინ, ჩრდილოეთ მაკედონიაში გამართა - 0:1 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. მეორე ეტაპის გადალახვა მოახერხა ტირასპოლის "შერიფმა", რომლის ტექნიკური დირექტორიც ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ვაჟა თარხნიშვილია. მოლდოველებმა სლოვენიური "მარიბორი" პირველი, უგოლოდ დასრულებულ მატჩის შემდეგ - 1:0 დაამარცხეს.

უეფას კონფერენს ლიგა

მეორე ეტაპზე გამოსვლას ზაქარია ბეგლარიშვილის "ლევადია" მალტურ "ჰიბერნიანსთან" - 3:4 მარცხით (2:3, 1:1) გამოეთიშა. დამარცხდა თამაზ პერტიას გაწვრთნილი "ლიეპაიაც", რომელმაც შვეიცარიულ "იანგ ბოისთან" ორივე შეხვედრაში უგოლოდ წააგო - 0:1, 0:3. დამარცხდა კიდევ ერთი ლატვიური გუნდი, რომელსაც ქართველი ფეხბურთელი წარმოადგენდა. ლუკა სილაგაძის "ვალმიერამ" ჩრდ. მაკედონიურ "შკენდიასთან" - 1:3, 1:2 წააგო. ახალგაზრდა ქართველმა შემტევმა, პირველ მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მეორე ტაიმში აღარ უთამაშია, ხოლო სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.ბალტიისპირელთა კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლიეტუვურმა "სუდუვამ", რომლის შემადგენლობაშიც ლევან მაჭარაშვილი თამაშობს, დანიურ "ვიბორგთან" ორივე შეხვედრა - 0:1 წააგო და ასპარეზობა დაასრულა. 25 წლის ნახევარმცველმა ორივე დაპირისპირებაში ითამაშა - პირველ მატჩში თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო სტუმრად გამართულ შეხვედრაში მხოლოდ პირველი ტაიმი და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდა სერბულ ნიშის "რადნიჩკის" თუმცა პირველ შეხვედრაში მალტურ "გზირასთან" სტუმრად ნათამაშები ფრის - 2:2 შემდეგ, საშინაო კედლებში 3:3 ითამაშა და პენალტების სერიაში - 1:4 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრაში მასპინძელთა მხრიდან ანგარიში "თელავის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა და კაპიტანმა, ანტონ თოლორდავამ გახსნა. გამარჯვებულ მალტურ კლუბს შემდეგ ეტაპზე ლუკა ლოჩოშვილის ავსტრიული "ვოლფსბერგერი" დაუპირისპირდება. წარმატებას მიაღწია რამდენიმე ქართველი ფეხბურთელის გუნდმა, რომლებმაც მესამე ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვეს, მათ შორის ვაკო გვილიას "რაკუვმა", რომელმაც ყაზახეთის წარმომადგენელი "ასტანა" გაანადგურა - 0:5, 0:1 - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მუხლის მცირე ტრავმის გამო ტურნირის ამ ეტაპზე ვერ ითამაშა. პოლონეთის ვიცე-ჩემპიონისა და ქვეყნის თასის მოქმედი გამარჯვებულის გუნდი შემდეგ ეტაპზე სლოვაკურ "ტრნავას" დაუპირისპირდება. იმარჯვა ბუდუ ზივზივაძის "მოლ ფეჰერვარმაც", რომელმაც "გაბალას" ორი მატჩის ჯამში - 5:3 აჯობა (4:1, 1:2) - საქართველოს ნაკრების ფორვარდი პირველ შეხვედრაში თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და 90-ზე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო აზერბაიჯანში ძირითად შემადგენლობაში იყო, 63-ე წუთამდე ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე მეტოქის კარიც აიღო. მათი მეტოქე შემდეგ ეტაპზე რუმინული "პეტროკოუბი" იქნება. https://www.live.ge/konpherens-liga/budum-sezoni-gakhsna-nakrebis-phorvardma-konpherens-ligazets-gaitana-video/ https://www.live.ge/fexburti/budu-zivzivadzem-gabalas-meore-matchshits-gautana-video/ მესამე ეტაპზე ითამაშებს საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, სოლომონ კვირკველიას ბაქოს "ნეფთჩიც" - აზერბაიჯანელებმა კვიპროსულ "არისთან" პირველი მატჩი - 0:2 დათმო, საშინაო კედლებში კი "ქამბექი" შეასრულა და 3:0 გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გავიდა. ორივე შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა. ბაქოელები შემდეგ შეხვედრას ვენის "რაპიდის" წინააღმდეგ გამართავს. კიდევ ერთი ქართული გოლი კონფერენს ლიგაზე გიორგი ივანიაძის აქტივშია, მან ყაზახური "ყიზილჟარის" მაისურით ხორვატულ "ოსიეკს" სტუმრად გამართულ შეხვედრაში გაუტანა, სადაც თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო და 2 წუთში მეტოქის კარიც აიღო. პირველ შეხვედრაში (1:2 წაგება) იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რაც შეეხება ელგუჯა ლობჯანიძეს, მან ყაზახთა შემადგენლობაში პირველი მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანი 82-ე წუთზე დატოვა. საბოლოოდ, ყაზახებმა ორი მატჩის ჯამში 3:2 (1:2, 2:0) იმარჯვეს და მესამე ეტაპზე გავიდნენ, სადაც ნიქოზიის "აპოელს" დაუპირისპირდებიან. თავად ნიქოზიის "აპოელმა" მესამე ეტაპის საგზური ბულგარულ პლოვდივის "ბოტევთან" გამარჯვებით (0:0 სტუმრად, 2:0 შინ) მოიპოვა. მურთაზ დაუშვილმა ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა და საშინაო მატჩში 67-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო, რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას იგი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება.

სხვა სტატიები