Belive

როგორ აისახა ქართული კლუბების შედეგები უეფას საკლუბო რეიტინგზე?

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
2022/23 წლების სეზონის ევროპული საკლუბო ტურნირები საქართველოს წარმომადგენელი გუნდებისთვის ნაადრევად დასრულდა და აქ მათ მხოლოდ 1 თვე გაატარეს. მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა და იმისა, რომ უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არცერთი ქართული გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას, ჩატარებული შეხვედრები საქართველოს ჩემპიონატს უეფას საკლუბო რეიტინგში წინსვლაში დაეხმარა. კონკრეტულად, 2022/23 წლების სეზონში ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო სარბიელზე 12 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 3 მოიგეს (2 "საბურთალო", 1 "დინამო თბილისი"), 4 ფრედ დაასრულეს (3 "დინამო ბათუმი", 1 გორის "დილა"), 6-ში კი დამარცხდნენ. უეფას წესდების მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპებზე (მიუხედავად ტურნირის რანგისა) თითოეული გამარჯვება გუნდს 1 ქულას ანიჭებს, ხოლო ფრე - 0.5-ს. საბოლოო ჯამში, ქართულმა კლუბებმა წლევანდელ სეზონში 1.125 ქულა მოაგროვეს, რაც წინა 4 სეზონის მაჩვენებელთან შედარებით, ყველაზე დაბალი აღმოჩნდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ ახალ სეზონში წინა 5 წლის მონაცემები ახლდება და პირველი მათგანი ანულირდება, საქართველომ 3 საფეხურით მაღლა აიწია. საქმე ისაა, რომ 2017/18 წლების სეზონი დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იყო და მაშინ ვერცერთმა ქართულმა კლუბმა პირველი ეტაპი ვერ დაძლია. ამ სეზონის შედეგების ჩანაცვლების შემდეგ საქართველოს ჩემპიონატმა 47-ე პოზიციიდან 44-ზე აიწია. საინტერესოა, რომ საქართველოს ჩემპიონატზე უკან მყოფი 11 ქვეყნიდან 5-ს ევროპული ტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმომადგენელი ისევ ჰყავს: მალტა (3 კლუბი), ესტონეთი (1 კლუბი), ისლანდია (2 კლუბი), ლიხტენშტეინი (1 კლუბი), ჩრდილოეთ მაკედონია (2 კლუბი).

სხვა სტატიები