Belive

კახა ცხადაძე: "გვაქვს შანსი, რომ გულშემატკივარს ნეფთჩისთან მარცხი დავავიწყოთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის, "მაკაბი ჰაიფასთან" მოახლოებული დაპირისპირების და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
"სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ცუდად არ ვითამაშეთ, თუმცა მარცხი ინდივიდუალურმა შეცდომებმა განაპირობა. "ნეფთჩის" მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, რომლებიც ასეთ შეცდომებს არ გაპატიებენ. "ნეფთჩისთან" არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, შემიძლია შევეკამათო. აქედან გამომდინარე, "მაკაბისთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება არის შანსი, რომ "დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა გულშემატკივარს ეს მტკივნეული მარცხი დაავიწყონ. საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამო, რომელიც როინ კვასხვაძეს აწუხებდა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულებულიყო. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. შემიძლია გითხრათ, რომ კვასხვაძე "დინამოს" წევრი აღარ იქნება. მინდა მას მომავალში წარმატებები ვუსურვო. "მაკაბი" ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაც დიდი ხანია ერთად თამაშობს და საკმაოდ რთული მატჩი გველის. მათ ჩემპიონატი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და ასეთი ტიპის მეტოქეს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თამაში თავზე მოგვახვიოს. ინიციატივა ხელში მეტოქემ არ უნდა აიღოს. ინდივიდუალური შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საინტერესო თამაში გველის", - თქვა 52 წლის სპეციალისტმა.
"დინამო თბილისისა" და "მაკაბი ჰაიფას" დაპირისპირება 22 ივლისს, "დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები