Belive

ვიქტორ ვემბანიამამ მარცხის რეალურ მიზეზზე ისაუბრა

4 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

სან ანტონიოსა და ნიუ იორკის მეოთხე თამაში, სუპერფინალების ისტორიაში, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. მიჩ ჯონსონის გუნდმა შეხვედრა ძალიან მოულოდნელად და სენსაციურად წააგო.

სპურსი მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა. ნიუ იორკი, პირველად, შეხვედრის დასრულებამდე, წუთითა და 26 წამით ადრე დაწინაურდა. საწყის ორ თამაშში, საკუთარ არენაზე დამარცხებული სპურსი სერიაში ანგარიშის გათანაბრებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მოულოდნელი მარცხით ტეხასელები თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

პირველი ტაიმის შემდეგ, სან ანტონიო 27-ქულიანი სხვაობით, 76-49 იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში, სპურსმა მხოლოდ და მხოლოდ 30 ქულა ჩააგდო და თამაში 1 ქულით, 106-107 წააგო. გამარჯვების ქულები ოჯი ანუნობიმ აიღო. მან ჯერ დაცვაში ითამაშა ბრწყინვალედ, როდესაც დე აარონ ფოქსს დააფარა და ამის მერე, ნიუ იორკის შეტევის დროს, ჯეილენ ბრონსონის ვერ ჩაგდებული საქმულიანის შემდეგ, გადმოვარდნილ ბურთზე პირველმა ითამაშა და ნიქსი, თამაშის მიწურულს დააწინაურა.

სპურსის ვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ, რომელმაც შეხვედრა 29 ქულით დაასრულა, მედიებთან მარცხის მიზეზზე ილაპარაკა.

სიმართლე გითხრათ, ცოტათი შოკირებული ვარ. ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ თამაშში შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით. განსაკუთრებით პირველი ტაიმის შემდეგ. ჩვენ შესვენებაზე 27-ქულიანი უპირატესობით გავედით და მეორე ტამში 30 ქულაზე მეტი ვერ ავიღეთ. ეს გარკვეულწილად ჩვენმა სათამაშო განწყობამაც გამოიწვია. ასეთი უპირატესობის ფონზე, თავი ნაადრევად გამარჯვებულებადაც მივიჩნიეთ და მეორე ტაიმში იმდენად აგრესიული აღარ ვიყავით. მეტოქემ კი ეს მომენტი იგრძნო და თავის სასარგებლოდ იდეალურად გამოიყენა. ეს ძალიან მტკივნეულია. ახლა კი აქედან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და შემდეგ თამაშს უფრო კონცენტრირებულები შევხვდეთ. - ვიქტორ ვემბანიამა

ნიუ იორკმა ამ თამაშში ფინალების რეკორდი დაამყარა და შეხვედრა ყველაზე დიდი, 27-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო. აქამდე რეკორდი, 24-ქულიანი დეფიციტი იყო, რომელიც ბოსტონმა 2008 წლის სუპერფინალში, ლეიკერსის წინააღმდეგ აღმოფხვრა.

სუპერფინალის მეხუთე თამაში 13 ივნისს, სან ანტონიოში გაიმართება.