ტორონტომ რეგულარულში მესამედ მოიგო | მამუკელაშვილმა 10 წუთი ითამაშა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ტორონტო რაპტორსმა საკუთარ არენაზე მემფის გრიზლსი მიიღო და 117:104 დაამარცხა.
ჩემპიონატის დაწყებიდან ტორონტომ უკვე მეშვიდედ ითამაშა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდს, გამხსნელი თამაშის შემდეგ, ცუდი სერია და ზედიზედ 4 წაგება ჰქონდა.
მემფისთან მამუკელაშვილს ძირითად ხუთეულში არ დაუწყია, მან პარკეტზე მხოლოდ 10 წუთი დაჰყო და კალათს ერთხელ შეუტია (არაზუსტად). ქართველმა საკუთარ გუნდს 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ტორონტოს ბარეტი და ინგრამი იყვნენ, შესაბამისად 27 და 26 ქულით. სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა სკოტ ბარნსმა, რომელმაც კანადურ კლუბს 19 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი შესძინა.
ტორონტო მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ ჩაატარებს.