Belive

თორნიკე შენგელია დაბრუნდა | ვირტუსმა პარტიზანს ბრძოლაში მოუგო

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

ევროლიგაში "ვირტუს ბოლონიამ" "პარტიზანი" მიიღო და მეტოქე მძიმე ბრძოლაში, ანგარიშით 88:84 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, რომელმაც ვირტუსის უკანასკნელი 6 შეხვედრა გამოტოვა, ტრავმა მოიშუშა და გუნდის ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. თორნიკემ პარკეტზე თითქმის 22 წუთი გაატარა და ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება შეძლო. შენგელიამ საშუალოდან 2-დან 2 ჩააგდო, ორჯერ გაშვებული 3-ქულიანიდან ერთი ზუსტი აღმოჩნდა, ხოლო ორი საჯარიმოდან 1 გამოიყენა. 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მასზეც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

პირველ ნახევარში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და არცერთი გუნდი 5-ზე მეტი ქულით არ დაწინაურებულა, მაგრამ შესვენების შემდეგ ვირტუსი აფეთქდა და ერთ მომენტში ორნიშნა უპირატესობას მიაღწია. პარტიზანმა ბრძოლა ბოლომდე განაგრძო და იმდენი მოახერხა, რომ მეოთხე მეოთხედში ლიდერობდა კიდეც, შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე ავუდუ აბასის ჩაჭრა და დანქი მატჩის საკვანძო მომენტი აღმოჩნდა, ამით ვირტუსმა ზედიზედ მე-11 საშინაო შეხვედრის მოგება გაინაღდა.

ამ გამარჯვებით ვირტუსი ევროლიგის ცხრილის მესამე ადგილს დაუბრუნდა, იტალიელებს ჩატარებულ 25 მატჩში 16 მოგება და 9 მარცხი აქვთ. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს იტალიის ჩემპიონატის ეგიდით, 5 თებერვალს, ტრევისოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები