საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. 2 წაგების შემდეგ გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ნაკრები სომხეთს შეხვდა და 81:73 დაამარცხა.
ჩვენს გუნდს 18 ქულით, 13 მოხსნით და 5 ჩაჭრით ნიცა საბადაშვილმა ულიდერა. ბომბარდირი 21 ქულით ანა მესტუმრიშვილი გახდა, 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი ელენე ნიგურიანის ანგარიშზეა.
გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა, რადგან ჯგუფში 2 შეხვედრა კვიპროსთან და აზერბაიჯანთან წააგო. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო გადიოდა, რომელთა ვინაობაც უკვე საწყისი 2 ტურის შემდეგ გაირკვა.
საქართველო ჯგუფებიდან ვერგასულ კიდევ 3 ნაკრებთან ერთად ბრძოლას მე-5 ადგილისთვის განაგრძობს. A ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული ჩვენი ნაკრები, B ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით გიბრალტარი იქნება, თუმცა თუ ამ უკანასკნელმა დარჩენილ მატჩში ალბანეთს სძლია, საქართველოს ალბანეთი შეხვდება.