Belive

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი | სან ანტონიო დამარცხდა

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" საკუთარ არენაზე "გოლდენ სტეიტ უორიორსი" მიიღო და 113:117 დამარცხდა. გამორჩეულად დიდი დრო დაუთმო გრეგ პოპოვიჩმა ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს. სანდრომ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულის, 11 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილისთვის ამ სეზონში პირველი ორმაგი დუბლი იყო. ქართველმა 5-დან 4-ჯერ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, მხოლოდ 1-ელ და უშედეგოდ სცადა პერიმეტრიდან ჩაგდება და საჯარიმოს ხაზიდან 2-დან ორივე გამოიყენა.

სან ანტონიომ კარგად დაიწყო, პიირველ მეოთხედში 7 ქულას იგებდა, დიდ შესვენებაზე კი +8 ქულით გავიდა. მეორე ტაიმიდან კი ყველაფერი აირია. მესამე მეოთხედი მატჩის ბედის გადამწყვეტი აღმოჩნდა, უორიორსის კალათბურთელებმა ეს მეოთხედი 16-ქულიანი სხვაობით მოიგეს და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სტეფ კარი გახდა - 33 ქულით. ფრანგ ვარსკვლავს, ვიქტორ ვემბანიამას 32 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა. ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც სანდრო მამუკელაშვილის გარდა, ორმაგი დუბლი დაუფიქსირდა დრეიმონდ გრინია, ამერიკელმა 21 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ოქროს შტატელები" პლეი ოფის ზონაში მოსახვედრად იბრძვიან, უორიორსი 40 მოგებითა და 34 წაგებით, დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზეა. სან ანტონიომ ზედიზედ 3-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა, გუნდს დასავლეთში ყველაზე მეტი - 57 წაგება აქვს და ბოლო ადგილზეა.

სხვა სტატიები