Belive

საბედისწერო შეცდომა | ბრაიანტის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

3 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
გასული წლის იანვარში, კალოფორნიის ქალაქ კალასაბასში, ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი დაიღუპა. მასთან ერთად კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის მისი ქალიშვილიც იმყოფებოდა. მას შემდეგ, ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით, ხანგრძლივი გამოძიება მიმდინარეობდა, რომელთან დაკავშირებითაც, ამერიკელმა გამომძიებლებმა დასკვნა 9 თებერვალს გამოაქვეყნეს. როგორც ცნობილი ხდება, მფრინავმა, არა ზობაიანმა ავიადისპეტჩერებს შეატყობინა, რომ ნისლიდან გამოყვანის მიზნით, ვერტმფრენი 4,000 ფუტზე (1220 მეტრი) აჰყავდა - თუმცა რეალურად, პირიქით, ამ დროს ვერტმფრენი მარცხნივ იყო გადახრილი და სიმაღლეს სწრაფად კარგავდა. ასეთ მოვლენას, სამედიცინო ენაზე სომატოგრავიტაციული ილუზია ეწოდება - სწრაფი აჩქარებისას, მიჩვეულები ვართ, რომ უკან ვიხრებით და ჩვეულმა ქმედებამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგვიყვანოს. მხედველობის არეს სრულიად შეზღუდვის შედეგად, სწრაფმა აჩქარებამ და უკან გადახრამ მფრინავს შეცდომით აფიქრებინა, რომ ვერტმფრენი მაღლა აჰყავდა.

"ღრუბლებში ყოფნის გამო, ზობაიანი სივრცეს პრაქტიკულად ვერ ხედავდა, რასაც სივრცითი დეზორიენტაცია მოჰყვა. მან უფლება არ ჰქონდა, ვერტმფრენით ასეთ ღრუბლებში შესულიყო", - განაცხადა ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, რობერტ სამუოლტმა. სამუოლტის სიტყვებს ეთანხმება ამავე საბჭოს წევრიც მაიკლ გრაჰამიც: მისი სიტყვებით, ღრუბლებში შესვლისას, დაღუპვის ალბათობა ყოველთვის არსებობს.
იმ შემთხვევაში, თუკი მფრინავი ცას ან ლანდშაფტს საერთოდ ვერ ხედავს, მან შესაძლოა სივრცე ვეღარ აღიქვას, რაც სწორედ ზემოთაღნიშნული სომატოფრავიტაციული ილუზიით და შედეგად, ტრაგიკული შემთხვევით დასრულდეს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ნისლში შესვლა მფრინავებს ეკრძალებათ. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, მფრინავი ვალდებული იყო, უკან დაბრუნებულიყო.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბრაიანტთან დიდხნიანი ურთიერთობის გამო, ზობაიანმა გადაწყვიტა რომ ლეგენდარული კალათბურთელი დანიშნულების ადგილას დროულად მიეყვანა და ამისთვის, რისკი გასწია. დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბრაიანტმა ზობაიანზე რაიმე ტიპის ზეწოლა მოახდინა. კობი ბრაიანტი NBA-ის 5-გზის ჩემპიონი იყო. მან კარიერის სიმაღლეებს "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ერთად მიაღწია და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

სხვა სტატიები