Belive

ფიბა-ევროპამ 2020 წლის ზაფხულში დაგეგმილი ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი გააუქმა

3 წლის წინ კალათბურთი
4 წთ
ფიბა ევროპამ მომავალ ზაფხულს დაგეგმილი ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ონლაინ-კონფერენციის მეშვეობით მიიღო. გთავაზობთ ოფიციალურ პრეს-რელიზს, რომელიც ფიბა-ევროპამ აღნიშნული კონფერენციის შემდეგ, მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროვებლად გამოაქვეყნა: მიუნხენი (გერმანია) – ფიბა ევროპის საბჭო შეიკრიბა სამშაბათს, 7 აპრილს,  რათა განეხილა და მიეღო გადაწყვეტილებები მომავალი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრას, რომელიც გაიმართა ვიდეო-კონფერენციის საშუალებით, ხელმძღვანელობდა ფიბა ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი ფიბას პრეზიდენტ ჰამანე ნიანგთან, ფიბას გენერალურ მდივან ანდრეას ზაგკლისთან და ფიბა ევროპის აღმასრულებელ დირექტორ კამილ ნოვაკთან ერთად. საქმის წარმოების დაწყებისას, ბატონმა დემირელმა განაცხადა ფიბა ევროპის პოსტ-COVID-19 სამოქმედო რუკის შექმნის შესახებ. პროექტი გულდასმით შეაფასებს ევროპაში არსებულ ვითარებას და მოამზადებს სახელმძღვანელო მითითებებს, თუ როგორ უნდა აღდგეს საკალათბურთო ცხოვრება ევროპაში. იგი წარმოდგენილი იქნება მომდევნო ფორუმზე, მაისში. ბატონმა დემირელმა განაცხადა: ”მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც ამ კრიზისმა მოიტანა.” პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიტიკული და საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით და ახალგაზრდა მოთამაშეების, მწვრთნელების, ოფიციალური პირების და გულშემატკივრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საბჭომ გადაწყვიტა, ღონისძიებების დიდი მოცულობის გამო, გააუქმოს მომავალ ზაფხულს დაგეგმილი ყველა, ფიბა ევროპის 16-ვე ასაკობრივი ჩემპიონატი, ისევე როგორც ქალთა სამიტი სლოვენიაში. ჩემპიონატების გაუქმება ნიშნავს, რომ:
  • 2020 წლის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძელს მიეცემა პირველადი წვდომა, სურვილის შემთხვევაში, უმასპინძლოს იმავე ტურნირს 2021 წელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის შერჩევის პროცედურა გაიხსნება ჩვეულებრივ, 2020 წლის შემოდგომაზე;
  • არც ერთ ასაკობრივ ჩემპიონატში არ მოხდება დივიზიონებს შორის დაწინაურება ან დაქვეითება;
  • 2021 წლის FIBA U19 საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის გუნდები მიიღებენ კვალიფიკაციას NIKE-ის მიერ წარმოდგენილი FIBA World-ის რეიტინგის გამოყენებით;
  • ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების რეგისტრაცია 2021 წლისთვის მოხდება ჩვეულებრივ, ხელახლა. ეროვნული ფედერაციები დაარეგისტრირებენ გუნდებს შესაბამის ასაკებში სიძლიერის და ასევე ფინანსური მდგომარეობის საფუძველზე. შესაბამისად, 2021 წლისთვის გაიმართება ახალი კენჭისყრა.
ასევე გაუქმდა 2020 წლის მამაკაცთა და ქალთა პატარა ქვეყნების ჩემპიონატები, რომლებიც დაგეგმილი იყო ამ ზაფხულს. პატარა ქვეყნების კომისია ახლა იკრიბება პატარა ქვეყნებისთვის საუკეთესო ვარიანტის შემუშავების მიზნით და მას წარუდგენს საბჭოს მორიგ სხდომაზე მაისში. საბჭომ ოლიმპიური თამაშების გადადების შემდეგ, განსახილველად გაიტანა მომავალი წლის ევრობასკეტისა და ქალთა ევრობასკეტის საკითხები. ბატონმა დემირელმა ხაზი გაუსვა ამ ორი ღონისძიების მნიშვნელობას და ითხოვა, რომ ფრთხილად შეფასდეს ყველა ვარიანტი. ორივე ჩემპიონატის შესახებ იმსჯელებს მომავალ ხუთშაბათს (9 აპრილი) დაგეგმილი FIBA-ს აღმასრულებელი საბჭო, FIBA-ს კალენდარზე მათი შესაძლო გავლენის შესახებ, მანამდე კი ფიბა ევროპა კონსულტაციებს გაივლის ევრობასკეტის ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტებთან (LOC–ებთან) და მიიღებს გადაწყვეტილებას. ზაფხულის ღონისძიებების გაუქმების შედეგად მიღებული ფინანსური ეფექტის შესამსუბუქებლად, საბჭო შეთანხმდა, რომ ფიბა ევროპა ყველა ეროვნულ ფედერაციას სრულად გადაუხდის ასკობრივ ჩემპიონატებში ახალგაზრდების სამონაწილეო საფასურს. ბატონმა ნოვაკმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა: ”ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია კრიზისის დროს დავეხმაროთ ჩვენს ეროვნულ ფედერაციებს და მივცეთ მათ საშუალებების მინიმალური ნაწილი მაინც, რომ წარმატებით განაახლონ თავიანთი ახალგაზრდული აქტივობები კრიზისის დასრულების შემდეგ.” ფიბა ევროპა ასევე შეინარჩუნებს ღია კომუნიკაციას ყველა ორგანიზატორთან ამ ზაფხულის ჩემპიონატების მოსაკრებლებისა და 2021 წლის პერსპექტივების შესახებ. საბჭო შეთანხმდა, რომ საჭიროა ოდნავ განსხვავებული მიდგომა ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით. პროექტების დაფინანსება გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მიწოდება შეფერხებულია არსებული კრიზისის გამო. ფიბა-ევროპის პრეს-რელიზი: http://www.fiba.basketball/news/fiba-europe-board-cancels-summer-2020-events წყარო: gbf.ge ფოტო: facebook.com/GeoBasketball

სხვა სტატიები