Belive

Nothing Easy | Forbes-მა ზაზა ფაჩულიას სტატია მიუძღვნა

11 თვის წინ კალათბურთი
5 წთ

გეგმების ზედმიწევნით გაწერის, ცხრილების, მწვრთნელების მითითებებისა და სტრატეგიული განხილვების მიუხედავად, ერთ რამეს თავს ვერასოდეს აარიდებ - ცვლილებას. მისი დრო სწორედ მაშინ დგება, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ან როდესაც ყველაზე ნაკლებად ისურვებდი. ცვლილება ცვლის შენს ყოველდღიურობას, გამოჰყავხარ კომფორტის ზონიდან, შენგან კი სწრაფ ადაპტაციას ითხოვს. ცვლილება შენი ცხოვრების მუდმივი თანმდევია, შენ კი სწავლობ, თუ როგორ აუღო ალღო იმ სიახლეებს, რომლებიც შენს კარიერულ და პირად ცხოვრებაში იჩენს თავს. არავინ იცის ამის შესახებ იმაზე უკეთ, ვიდრე ზაზა ფაჩულიამ.

მისი ისტორია თბილისში, საქართველოში იწყება. ზაზა ფაჩულია სპორტსმენების ოჯახში გაიზარდა. თანატოლებზე მაღალი იყო. კალათბურთის თამაშის უდიდესი სურვილი ჰქონდა და ბევრი სხვა თინეიჯერის მსგავსად, NBA-ში თამაშზე ოცნებობდა. ოცნებასა და რეალობას ათასობით მილი, უსასრულო შრომა, მცირედი იღბალი და შესაძლებლობა აშორებს.

სამშობლოში საკალათბურთო ინფრასტრუქტურა გამართული არ იყო. 14 წლის ასაკში მამა დაკარგა და დედასთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა, სადაც კალათბურთის თამაშს შეძლებდა. მის წინაშე იყო ახალი ენა, კულტურა და რელიგია. ის იყო მოტივირებული თინეიჯერი, რომელიც უნარების განვითარებისა და შეძენისთვის დაუღალავად შრომობდა. იღვიძებდა სხვებზე ადრე, ვარჯიშობდა და ჰქონდა სურვილი, რომ სხვებზე მეტისთვის მიეღწია. NBA-ში მოხვედრაზე მილიონობით ადამიანი ოცნებობს, მაგრამ მიზანს მხოლოდ 450 მათგანი აღწევს. მათ შორის, არაამერიკელი მხოლოდ 20%-ია. ზაზას კარგი შანსი არ ჰქონია, მაგრამ ის უკან არ იხევდა.

ოცნებიდან რეალობამდე

ზაზას ოცნებამ ახდენა იმ წამიდან დაიწყო, როდესაც 10 წლის ასაკში, NBA-ში პირველ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისმა აგენტმა ორლანდოს აეროპორტში დატოვა, ზაზა მარტო იდგა, მაგრამ იცოდა, სად უნდა წასულიყო.

წიგნის, "წარმატების ფაქტორის" თანახმად, ზაზას ის თვისებები აქვს, რომელიც მას წარმატებულ ადამიანად აქცევს. მას აქვს შინაგანი მოტივაცია, ენერგია, მონდომება, რომელიც წარმატების გზაზე მიმავალი ნებისმიერი ადამიანისთვის მძლავრი კომბინაციაა.

მისმა მიდგომამ გაამართლა. ზაზამ NBA-ში 16 წელიწადი გაატარა, მოედანზე 1000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, რაც მოთამაშეების საშუალო მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. "პარკეტზე ძალიან ბევრი მაქვს ნარბენი", - იხსენებს ზაზა.

მისი მიდგომა თანდათანობით იცვლებოდა. "რაც უფრო მეტად გემატება ასაკი, უფრო და უფრო მეტად კონცენტრირდები ხარისხზე და არა რიცხვებზე. არსებობს მცირე დეტალები, რომლებიც კარგსა და გამორჩეულს შორის განსხვავებას ქმნის", - თქვა მან.

მარცხი მონაცემია

NBA-ის 2-გზის ჩემპიონობამდე, მისი კარიერა წარმატებითა და მარცხით არის სავსე. ჩემპიონობის დათმობა არავის სიამოვნებს, თუმცა ზაზამ იცის, რომ მაქსიმუმი გაიღო, ასე რომ მარცხს, როგორც მოცემულობას, ისე იღებს. წარუმატებლობასთან ერთად თავს კომფორტულად არ გრძნობს, თუმცა მის არსს ზუსტად წვდება. იაზრებს, რომ მარცხი მონაცემია. საკუთარ თამაშებს რეგულარულად უყურებდა იმ მიზნით, რომ შეცდომები კარგად დაენახა. ყოველი გამოსწორებული შეცდომა კი მისი თამაშის ხარისხს აუმჯობესებდა. ამას ქცევის გააზრება ეწოდება - როდესაც მომხდარზე ფიქრობ და მის შეფასებას ცდილობ.



NBA-დან აივი ლიგამდე

ჩანართი თარგმანში: აივი ლიგა აშშ-ის 8 წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული ასოციაციაა

ზაზას კალათბურთი მთელი გულით უყვარდა, თუმცა პარალელურად, თვალი ბიზნესზეც ეჭირა. აშშ-ში ყოფნისას, პარალელურად ყველაზე პრესტიჟულ დაწესებულებებში განათლებას იღებდა - მათ შორისაა ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, სტენფორდი, კელოგის მენეჯმენტის სკოლა, ემორის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა.

ბოტასების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, ზაზას საკალათბურთო სამყარო არ მიუტოვებია. დღეს იგი "გოლდენ სტეიტის" საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტი და საბჭოს წევრია, სადაც იგი თამაშისადმი სიყვარულსა და ბიზნესს აერთიანებს. გასახდელში, მას პატივს სცემენ, იგი ახალგაზრდა მოთამაშეების მენტორია. პარკეტზე იგი სასტიკი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა მის გარეთ - გამორჩეული თანაგუნდელი.

მისი გავლენა კალათბურთზე NBA-ის საზღვრებს სცდება. სამშობლოში საკალათბურთო აკადემია ჩამოაყალიბა, სადაც კალათბურთისადმი სიყვარულს ათასობით ბავშვს უზიარებს.

ზაზა ფაჩულიას მოგზაურობა საქართველოდან NBA-ში შრომით, მიზნისკენ სვლით, მონდომებითა და რუტინასთან ადაპტაციით არის სავსე. მას არ აფერხებს პრობლემა - სანაცვლოდ, გამოსავალს ეძებს. მისი მემკვიდრეობა და ოპტიმიზმი მსოფლიოში მყოფი სპორტსმენების არაერთ თაობას შთააგონებს.

სხვა სტატიები