Belive

"ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კალათბურთში საუკეთესო ვიყავი" - ლებრონ ჯეიმსი

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

დღეს გამთენიისას ლებრონ ჯეიმსმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. 38 წლის კალათბურთელმა ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ ქარიმ აბდულ-ჯაბარს გადაასწრო. ლებრონმა NBA-ში  38,890 ქულა დააგროვა და კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა.

აღნიშნული რეკორდი ჯეიმსმა "ოკლაჰომას" წინააღმდეგ დააფიქსირა. "მეფეს" აბდულ-ჯაბარის შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ სამი მეოთხედი დასჭირდა. რეკორდული ქულა ლებრონმა მეოთხედის ამოწურვამდე 10.9 წამით ადრე ჩააგდო.

ამ ყველაფრის შემდეგ თამაში ცოტა ხნით გაჩერდა და გულშემატკივარმა ძალიან ემოციური კადრები იხილა. პარკეტზე თავად ქარიმ აბდულ-ჯაბარმა შემოაბიჯა და ღირსეულ მემკვიდრეს სიმბოლურად ბურთი გადასცა.

საინტერესო იყო ლებრონის მატჩის შემდგომი კომენტარიც, რომელიც მას კიდევ ერთმა ლეგენდამ შაკილ ო'ნილმა ჩამოართვა:

შაკი: როგორ ფიქრობ ეს გაქცევს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ?

ლებრონი: "მისმინე დიდო ბიჭო. მინდა საკუთარი თავი ყველას დავუპირისპირო ვისაც კი ეს თამაში უთამაშია. მე ვიცი თუ რა შემიძლია. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კალათბურთში საუკეთესო ვიყავი. ამ სპორტში ბევრი კარგი ბიჭია და მათთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივია."

"ჩემი მიღწეული შედეგი სამუდამოდ დარჩება. მე ვარ ბიჭი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში შეძლო საკუთარი თამაშის გაუმჯობესება და NBA-ში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. NBA არაჩვეულებრივი რამაა. აქ ბევრ კარგ კალათბურთელს უთამაშია, თუმცა, ჩემს წინ ვერავის დავაყენებ." - განაცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ.

მიუხედავად ასეთი ზეიმისა, "ლეიკერსი" "OKC"-ის წინააღმდეგ 130:133 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსმა 38 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები