Belive

კლივლენდი მეფის მთავარი მწვრთნელისა და ლიდერის გარეშე დარჩა

5 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
უკანასკნელი წლების მანძილზე "კლივლენდ კავალიერსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩამოყალიბდა. აკრონში მეფის დაბრუნების შემდეგ, "კლივლენდში" სრულიად განსხვავებული ეპოქა დადგა. "კავალიერსის" აღზევებაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტაირონ ლუმ ლომის წვლილი დაიდო - ლებრონ ჯეიმსმა კი ფენომენალური პერფორმანსებით, "კავალიერსის" გულშემატკივარს არაერთი დრამატული გამარჯვება მიუძღვნა. 2018 წლის რეგულარული სეზონი "კლივლენდისათვის" კატასტროფულად დაიწყო. ლებრონ ჯეიმსი "ლოს-ანჯელეს ლეიკერსს" შეუერთდა. ლიდერის გარეშე დარჩენილმა კლივლენდმა კი რეგულარული სეზონის სასტარტო 6 შეხვედრა წააგო. ღვაწლისა და დამსახურების მიუხედავად, ნეგატიური შედეგის გამო, "კავალიერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ტაირონ ლუს დაატოვებინეს. 28 ოქტომბერს, საშინაო არენაზე "ინდიანასთან" მარცხი (107:119) "კავალიერსის" მთავარი მწვრთნელისათვის უპატიებელი აღმოჩნდა. ტაირონ ლუს ადგილს ამ ეტაპზე ლარი დრიუ დაიკავებს. კლივლენდელები კი საკმაოდ ემოციური პოსტით დაემშვიდობნენ მათთვის ლეგენდარულ მწვრთნელს. "საკმაოდ მძიმე და ემოციური გადაწყვეტილება მივიღეთ, განსაკუთრებით იმ შესანიშნავი 4 წლის ფონზე, რომელიც ლუმ ჩვენთან გაატარა. NBA-ის ზედიზედ ოთხ ფინალში ასპარეზობისათვის ტაირონ ლუს მადლობას ვუხდით. ვაფასებთ და გვიყვარს არა მხოლოდ როგორც მთავარი მწვრთნელი - არამედ, როგორც გამორჩეული ადამიანი. "კლივლენდში" გარდაუვალი ცვლილებების დრო იყო", - აღნიშნულია გუნდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. კლივლენდელთა ნეგატივი ამით არ დასრულებულა. ლებრონის გარეშე დარჩენილი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, კევინ ლავმა ტრავმა მიიღო. ლავის ტრავმის სირთულე ჯერჯერობით უცნობია, "კავალიერსის" ცენტრს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ესაჭიროება, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მას პარკეტზე მინიმუმ 1 თვით ვერ ვიხილავთ.

სხვა სტატიები